ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 22 მარტს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, გარდაცვლილი 65 წლის კაცია.
„დღეს ესპანეთში ინფიცირებული იყო 3107 ადამიანი და გარდაიცვალა 375 ადამიანი და, საუბედუროდ, ერთი საქართველოს მოქალაქე. მამაკაცი, 65 წლის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ესპანეთში კორონავირუსისგან საქართველოს კიდევ 2 მოქალაქეა დაღუპული – 74 წლის ქალბატონი და 34 წლის ახალგაზრდა ქალი, 5 შვილის დედა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი – კიდევ 5 პაციენტი საავადმყოფოს მალე დატოვებს, შესაძლოა ხვალაც.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. 50 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები