ბაქოს, თბილისს და ანკარას შორის სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს
კარგი ამბავი პოსტპანდემიური მომავლიდან (ვიდეო)
უახლოეს პერიოდში დაინიშნება სარკინიგზო რეისი, რომელსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია ელოდება. საუბარია სწრაფ სამგზავრო მატარებელზე, რომელიც პირველად ისტორიაში ბაქო-ანკარის მიმართულებით იმოძრავებს.
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის რკინიგზამ შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ ორი შემადგენლობა – 20 სამგზავრო ვაგონი შეიძინა. შეკვეთა უშუალოდ აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ წარდგენილი პარამეტრების მიხედვით შესრულდა. თითო მატარებელი შედგება 9 სამგზავრო ვაგონისა და 1 ვაგონ-რესტორნისგან.
ვაგონები 4 კატეგორიისაა – „ლუქსი“, „კომფორტი+“, „კომფორტი – მე-2 კლასი“ დამატებითი ადგილებით შეზღუდული შესაძლებლობის მგზავრებისთვის და მე-2 კლასი (4- ადგილიანი კუპეებით).„ლუქსის“ და „კომფორტ+“-ის კატეგრიის ვაგონები აღჭურვილია საშხაპეებით, ყველა კატეგორიაში არის კონდიციონერი და ტელევიზორი. კლასის მიხედვით, ვაგონები გათვლილია 16, 18, 20 და 32 მგზავრზე, მთლიანობაში კი მატარებელი 257 ადამიანს იტევს.
მატარებლის განსაკუთრებული მახასიათებელი არის ის, რომ მას აქვს ურიკები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრავი შემადგენლობის გადაყვანას საბჭოთა სტანდარტიდან ევროპულზე. ამისთვის საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს სპეციალური სადგური, სადაც მოხდება სწრაფი გადაყვანა ერთი სტანდარტიდან მეორეზე.
ასე რომ ბაქო-ყარსის წყალობით, აზერბაიჯანმა და საქართველომ მიიღეს მოკლე და სწრაფი გზა ევროპაში, რადგანაც ანკარაში ჩასვლის შემდეგ შესაძლებელია გზის ევროპის მიმართულებით გაგრძელება.
ბაქო-ყარსის მაგისტრალზე მატარებლების მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარეა 160 კმ საათში, თუმცა საშუალო მაჩვენებელი შედარებით დაბალი იქნება – 100-130 კმ. საათში. სავარაუდოდ, ბაქოდან თბილისში მატარებელი 7 საათში ჩავა, ყარსში – 12-ში, ანკარაში – 34-36 საათში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დროის ნაწილი მოიცავს საზღვარზე საბაჟო პროცედურების გავლასაც.
ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, რა ეღირება ბილეთები, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვაგონების კატეგორიების მიხედვით ფასი განსხვავებული იქნება, თუმცა, სავარაუდოდ, ყველა შემთხვევაში ისინი უფრო იაფი იქნება, ვიდრე ლოუკოსტერების ყველაზე ხელმისაწვდომი ბილეთები.
მოგზაურობის კომფორტის გათვალისწინებით, მოსალოდნელია საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ახალ მარშრუტზე.
კომენტარები