საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა
უკვე დაფიქსირდა მესამეული ანუ ქვეყნის შიგნით გადაცემა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული ხუთივე შემთხვევა იტალიას უკავშირდება.
ამის შესახებ გამყრელიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„არის 30 შემთხვევა. დღეს დადასტურებული ახალი შემთხვევები უკავშირდება ისტორიას იტალიასთან. 30 შემთხვევიდან ორ შემთხვევაში არის ირანში მოგზაურობა, ერთი – ესპანეთში მოგზაურობის ისტორია, დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას, აქედან 12 – მოგზაურობას, 10 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს. ახლა გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღეს დადასტურებული ხუთივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ამ ადამიანების ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ყველაფერი გამოკვლეულია. მიმდინარეობს ამ ადამიანების გადაყვანა ინფექციურ საავადმყოფოში. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არის მსუბუქი სიმპტომები და მათი კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 30-ვე პაციენტი გამოჯანმრთელდება, რადგან, მისი თქმით, „ჩვენ არ გვყავს ისეთი შემთხვევა, სადაც ლეტალური შედეგი შეიძლება დადგეს“.
როგორც მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები