საქართველო

თეთნულდზე ზვავის მოწყვეტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – გადარჩენილმა ტურისტმა ღამე ნაპრალში, მიცვალებულებთან ერთად გაათენა (ვიდეო)

თეთნულდზე ზვავის მოწყვეტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, ესპანელ ტურისტთა ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რამაც ზვავის მოწყვეტა გამოიწვია.

მათივე ინფორმაციით, ზვავმა ექვსი ადამიანი მოიყოლა, მათგან ორი მაშველებმა თოვლის მასიდან უვნებლად ამოიყვანეს, ერთს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, სამი კი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

თეთნულდზე დაშავებული ტურისტი შოკურ მდგომარეობაში იყო, თუმცა ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით შათირიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ტურისტს მძიმე ტრავმები აქვს მიღებული, იგი კონტაქტური იყო, თუმცა მაშველების კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირდა.

„წარმოიდგინეთ მთელი ღამე ნაპრალში გაათენა მიცვალებულებთან ერთად, შოკურ მდგომარეობაშია და მძიმე ტრავმები აქვს. ჩვენ ჩამოვიყვანეთ და სასწრაფო სამედიცინო სამსახურს გადავეცით, საავადმყოფოში წაიყვანეს. ახლა რა მდგომარეობაა, ნამდვილად არ ვიცით, თუმცა როგორც ინფორმაცია მაქვს, ახლა უკვე დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა, რადგან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მეტი ინფორმაცია არ გამაჩნია“, – განაცხადა დავით შათირიშვილმა.

პირველი არხის ინფორმაციით, დაშავებული ტურისტი ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსის შეფასებითვე, პირველადი გამოკვლევებით გამოიკვეთა, რომ პაციენტს მაღალი ალბათობით ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური ჩარევა დასჭირდება.

მთის კურორტების განვითარების კომპანია მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, ნუ გადავლენ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილონ ადმინისტრაციასა და ყურადღება მიაქციონ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close