fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ივო ჩილეზი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

ის იყენებდა ალცჰაიმერის მკურნალობის ისეთი მეთოდებს, როგორიცაა „Doll Therapy“ და „Treno Virtuale“

კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის პაციენტი ბერგამოდან, რომელიც გუშინ პარმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ივო ჩილეზია (IVO CILESI), ფსიქოპედაგოგი და თერაპევტი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ იბრძოდა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

გენუაში დაბადებულმა ჩილეზიმ პედაგოგიკის სპეციალისტის ხარისხი გენუის უნივერსიტეტში მიიღო, თუმცა მრავალი წელი ცხოვრობდა და მუშაობდა ბერგამოს რეგიონში.

მის მიერ შემუშავებულია ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების აღგზნებული მდგომარეობის შემცირებისკენ მიმართული ორი კრეატიული გადაწყვეტა – „თოჯინური თერაპია“/„Doll Therapy“ და „ვირტუალური მატარებელი“/„Treno Virtuale“.

62 წლის ექიმი ჩილეზი სამშაბათ საღამოს სალსომაჯორეში (პარმა) თავის მეგობრის სახლში ჩავიდა: იგი თავს ცოტა შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა სიცხე არ ჰქონდა; ეგონა, რომ გადაიღალა უამრავი პასუხისმგებლობისა და პროექტისგან, რომლებშიც ჩართული იყო. შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში მოვლენები სწრაფად განვითარდა: ხუთშაბათ საღამოს იგი რესპირატორული კრიზისის გამო ვაიოს საავადმყოფოში მოათავსეს (ფიდენცა, პარმა), პარასკევს საღამოს კი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. შაბათს ივო ჩილეზი პარმის მთავარ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კვირიდან ორშაბათისკენ ღამით გარდაიცვალა.

„Alzheimer Uniti Italia-მ მწუხარებით შეიტყო დოქტორ ივო ჩილეზის დრამატული წასვლის შესახებ, რომელმაც დიდებული ადამიანური და პროფესიული თვისებებით დაგვამახსოვრა თავი, – წერია ასოციაციის ფეისბუქგვერდზე, – ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ მისი მაგალითით, მადლობელი ვართ, რომ ახლო ურთიერთობა გვქონდა და იმ გრძნობისთვის, რომელსაც იგი ყოველთვის გამოხატავდა ჩვენი ასოციაციის და ყველა მოწყვლადი ადამიანის მიმართ“.

ორგანიზაცია Innovative Elder Research-ი კი, რომლის პრეზიდენტიც ივო ჩილეზი იყო, ასე ახასიათებს მას: „კომპეტენტური, უთქმელი, ზრდილი, თავმდაბალი ხელმძღვანელი“; ხოლო იტალიის ფსიქოთერაპიის ასოციაცია/AIP წერს: „მისი პროფესიული ცხოვრების მახასიათებელი იყო განსაკუთრებული ყურადღება დემენციის მქონე ადამიანების კლინიკური პრობლემების მიმართ. იტალიაში იგი უდავოდ იყო მთავარი გმირი ე. წ. არაფარმაკოლოგიური მკურნალობის მეთოდების გამოყენებაში. რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტეთ ჩვენს ასოციაციაში შეგვექმნა მკვლევართა გუნდი, რომელიც შეეცდებოდა მეცნიერულად ეპოვა სხვადასხვა მიდგომა, თოჯინური თერაპიიდან მატარებლის თერაპიამდე…“.

იტალიაში გასულ დღე-ღამეში 27 ახალი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, მთლიანობაში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 79-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით იტალია მეორეა მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close