საბერძნეთიმიგრაციაპოლიტიკა

საბერძნეთის პოლიციის სპეცრაზმმა მიგრანტების შესაკავებლად გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა (ვიდეო)

ევროპა მიგრაციული კრიზის ზღვარზეა, საბერძნეთის მთავრობამ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების მიღება შეაჩერა

საბერძნეთის პოლიციის სპეცრაზმმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა ადამიანთა ჯგუფის მიერ საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის უკანონო მცდელობის აღსაკვეთად.

კასტანიესის რაიონში (ევროსის მთებში) სიტუაცია სულ უფრო და უფრო იძაბება მას შემდეგ, რაც თურქეთმა სირიელი დევნილებისთვის ევროპისკენ საზღვარი გახსნა. საბერძნეთის საზღვართან კონცენტრირებული მიგრანტთა ჯგუფები ცდილობენ გაარღვიონ სასაზღვრო  ბარიკადები, ისინი ბერძენ სამხედროებს უტევენ – ესვრიან ქვებს და ალმოკიდებულ საგნებს. ვიდეოში ჩანან სპეცრაზმის მებრძოლები, რომლებმაც გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთეს საბერძნეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის აღსაკვეთად.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 13000 ადამიანი იმყოფება საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე (რომლის სიგრძე 212 კილომეტრია) თურქეთის მხარეს და საბერძნეთში შესვლის ნებართვას ელოდება. თურქი ჩინოვნიკების განცხადებით, უახლოეს პერიოდში კიდევ ათობით ათასი ადამიანი მოადგება საბერძნეთის საზღვარს, რომლებსაც ევროპაში შესვლა სურთ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბერძნეთის მთავრობამ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების მიღება დროებით შეაჩერა.

საბერძნეთთან საზღვარზე მდგომარეობა ურთულესია, რადგან თურქეთის მთავრობა ათიათასობით მიგრანტს საზღვრისკენ უბიძგებს საბერძნეთში შეჭრისთვის“, – ამის შესახებ Newsbomb.gr-ზე Orestiada-ს მერმა ვასილის მავრიდისმა განაცხადა.

მისი თქმით, „წითელი განგაშის“ სიგნალი  ჩაირთო, ძირითადად, ემიგრანტები საზღვარზე ფარებისა და კასრის ნატეხების  გამოყენებით ცდილობდნენ მავთულხლართების მოხსნას და საბერძნეთში შემოჭრას.

„ამ დროისთვის ვითარება დაძაბულია, რადგან თურქეთის მხრიდან ცრემლსადენ გაზს უშვებდნენ ნახევარი საათის განმავლობაში, სადაც 300 ადამიანია კონცენტრირებული“, – აღნიშნა Orestiada-ს მერმა.

მისივე თქმით, ბერძნული ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ შეაკავონ ათასობით მიგრანტი, რომლებიც შეიკრიბნენ კასტანიესის საბაჟო გადასასვლელთან და საბერძნეთში  შეღწევას ცდილობენ. გუშინ საღამოდან დღეს დილამდე პოლიციის ძალების რიცხოვნობა გაიზარდა, ხოლო მუნიციპალიტეტი ჯარსა და უსაფრთხოების ძალებთან  დროულად და შეთანხმებულად  მუშაობს, საჭიროებისამებრ, ყველა მათ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

მავრიდისი აცხადებს, რომ მოსახლეობაში შიში ან არეულობა არ იგრძნობა. „მაღალი ეროვნული განწყობაა და ყველა, თავის მხრივ, მაქსიმალურად ეხმარება პოლიციის ძალებს საზღვრის დაცვაში, როგორც შეუძლიათ, ყველაზე კომპეტენტური ორგანოდან დაწყებული, რეგიონის კლუბებით დამთავრებული“, – თქვა მერმა.

მისივე ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ცრემლსადენი გაზის გამოყენება და მავთულხლართების დაჭრა ხდება თურქეთის მხრიდან ადამიანების მიერ, რომლებიც ამ სიტუაციაში „უცნაურ როლს ასრულებენ“.

თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან, რომლის სიგრძე 212 კილომეტრია, კრიტიკული სიტუაცია დევნილებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან შეიქმნა. მესაზღვრეები და პოლიცია მრავალათასიანი ნაკადის შეჩერებას ცდილობენ. საზღვარზე მავთულხლართების ბარიერები აღმართეს. მიგრანტებს შორის არიან სირიელები, პაკისტანელები, ავღანელები… იდლიბში მიმდინარე ბრძოლების ფონზე მიგრანტთა რაოდენობა განუხრელად იზრდება.

პირველ მარტს ანკარამ განაცხადა, რომ იძულებული იყო საზღვარი გაეხსნა ევროპისკენ  და 75 ათასი მიგრანტი გაეტარებინა. მიგრანტები ევროპაში მოხვედრას საბერძნეთიდან ცდილობენ. ისინი ირჩევენ გზას მდინარე ევროსის გავლით და რეზინის ნავებით მიემგზავრებიან საბერძნეთისკენ.

ამ ქალმა თავის გოგონასთან ერთად ვერ მოახერხა ევროსის გადალახვა, რადგან მდინარეზე გადასვლის დროს მათი რეზინის ნავი დაზიანდა. ქალი და ბავშვი მდინარეში დახრჩობას მაშველებმა გადაარჩინეს. ფოტო: DW

არსებული სიტუაცია გამოიწვია ანკარის მიერ ბრიუსელთან 2016 წელს დადებული ხელშეკრულების დარღვევამ, რომლის თანახმადაც, თურქეთი თავის საზღვრებზე არ გაატარებდა მიგრანტებს ევროკავშირისკენ. ამის სანაცვლოდ კი ევროკავშირი თურქეთს ფინანსურად ეხმარებოდა. გაეროს მონაცემებით, თურქეთმა სირიიდან 3,6 მლნ დევნილი მიიღო. ეს რიცხვი ბოლო დროს გაიზარდა იდლიბის პროვინციაში მიმდინარე ბრძოლების გამო.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ კვირაში შეიკრიბებიან ბრიუსელში სამიტზე, რათა თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია განიხილონ. მანამდე კი ევროკავშირმა საბერძნეთში სპეციალისტები და საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი საშუალებები გაგზავნა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საბერძნეთ-თურქეთის საზღვართან ადამიანთა ამხელა ნაკადის შეკავება ძალიან გაძნელდება. ევროპა ისევ მიგრაციული კრიზისის ზღურბლზეა…

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close