შეუცნობელისაქართველო

ჯუნა დავითაშვილის ფენომენი, რომელიც მისთვის მძიმე ბედისწერად იქცა

ჯუნას ბიოგრაფიის ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ თბილისმა ქალის ცხოვრებაში საბედისწერო როლი შეასრულა: რომ არა დიდება, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მოიპოვა, ოჯახურ გარემოში, ქმარ-შვილთან ერთად, მშვიდად იცხოვრებდა. აღიარების შემდეგ კი ჯუნას სულს სიმშვიდე აღარ ეწერა…

ასურელი ნათელმხილველი, მკურნალი, ასტროლოგი, პოეტი და ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი ჯუნა დავითაშვილი (ევგენია იუვაშის ასული სარდისი) 1949 წლის 22 ივლისს კრასნოდარის მხარის სოფელ ურმიაში დაიბადა, ირანიდან ემიგრირებული იუვაშ სარდისის (ზოგიერთი წყაროთი – სარქისიანი) ოჯახში.

24 წლის იყო, როცა როსტოვის სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ თბილისს მოაშურა, თუმცა შესაბამისი სამსახური ვერ იშოვა და სასტუმრო „ივერიასთან“ მდებარე კაფეში მიმტანად დაიწყო მუშაობა.

თბილისში პავლოვის ქუჩის 23 ნომერში ცხოვრობდა. სწორედ ამ ოროთახიან ბინაში მიიღო პირველი პაციენტები ჯუნა დავითაშვილმა.

თბილისში გაიცნო მომავალი მეუღლე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რეფერანტი ვიქტორ დავითაშვილი, რომელსაც რამდენიმე თვეში ცოლად გაჰყვა.

მამით ასურელი და დედით კაზაკი ჯუნა სიცოცხლის ბოლომდე მეუღლის – ვიქტორ დავითაშვილის გვარს ატარებდა და მას პატივისცემით მოიხსენიებდა. ჯუნას მული ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ თავიდან პერსპექტიული პარტიული მუშაკის ოჯახი უკმაყოფილო იყო უბრალო ოფიციანტის რძლობით, მაგრამ გოგონამ მალე მოახერხა, ყველასთვის თავი შეეყვარებინა.

კეთილი ბუნების ჯუნა ცდილობდა, დახმარებოდა ყველას, ვინც ამას საჭიროებდა, ამიტომ ალტერნატიული მედიცინით მკურნალობის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა.ჯუნას პირველ პაციენტებს შორის იყვნენ საქართველოს ცკ-ს პირველი მდივნისб ედუარდ შევარდნაძის მეუღლე ნანული შევარდნაძე, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი.

ალტერნატიული მედიცინის შესაძლებლობები და ჯუნას ფენომენი შეუმჩნეველი არც მოსკოვში დარჩენიათ. თბილისში, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ბაიბაკოვის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა ჯგუფი ჩამოვიდა ჯუნას ფენომენის გამოსაკვლევად. დაადგინეს, რომ მისი ბიოველი ასჯერ აღემატებოდა ჩვეულებრივი ადამიანის ბიოველს და აქედან დაიწყო მისი აღიარება.

1980 წლის აპრილში, 5 წლის შვილ ვახტანგთან ერთად, ჯუნა თითქმის ძალდატანებით წაიყვანეს მოსკოვში. ქალმა ძალიან განიცადა მეუღლესთან და ოჯახთან დაშორება. „ვიქტორს უნდა მოეხერხებინა ჩვენ გვერდით ყოფნა. ის მოსკოვში შინაგან საქმეთა მინისტრ ნ. შოლოკოვის გამოძახებით ჩამოვიდა და სთხოვა, თუ შეიძლება, თავი დაანებეთო, მაგრამ კომუნისტია – უბრძანეს და დაემორჩილა“, – ასე იხსენებდა ჯუნა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთში იძულებით გადაყვანას.

ამ დროიდან დავითაშვილის, როგორც მკურნალისა და ექსტრასენსის, სახელი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი ხდება.

1980 წლიდან მოყოლებული, ჯუნა დავითაშვილმა 10 000-ზე მეტი ადამიანის მიღება შეძლო. ის უარს არავის ეუბნებოდა და აღნიშნავდა, რომ მისთვის ფული ნაკლებად მნიშვნელოვანია. სრულიად უსასყიდლოდ მკურნალობდა ბავშვებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ.

ჯუნა და „ელიტარული პაციენტები“

რაც შეეხება „ელიტარულ პაციენტებს“, სხვადასხვა დროს ჯუნა დავითაშვილთან მკურნალობდნენ: საბჭოთა კავშირის ლიდერები ლეონიდ ბრეჟნევი და მიხეილ გორბაჩოვი; რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი; მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი; მსახიობები – რობერტ დე ნირო, მარჩელო მასტროიანი, ჯულიეტა მაზინა, არკადი რაიკინი; რეჟისორები – ფედერიკო ფელინი, ანდრეი ტარკოვსკი; მომღერალი იგორ ტალკოვი და ბევრი სხვა.

იმ სამ ადამიანს შორის ერთ-ერთი, რომლის ნახვის სურვილიც მოსკოვში გასტროლებზე მყოფმა მაიკლ ჯექსონმა გამოთქვა, ჯუნა იყო.

1994 წლის ივნისში ჯუნა კოლომბოს არატრადიციული მედიცინის საერთაშორისო ღია უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერად აირჩიეს 5 წლის ვადით.

იმავე პერიოდში იგი რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მრჩეველი იყო. 1994 წელს დააჯილდოეს ხალხთა მეგობრობის ორდენით.

წერდა ლექსებს, მღეროდა და ხატავდა. რამდენჯერმე, იგორ ტალკოვთან და ანდრეი დერჟავინთან ერთად, სცენაზეც გამოვიდა.

ფოტოები ჯუნას არქივიდან:
ჯუნა რომის პაპ იოანე პავლე მეორესთან შეხვედრის დროს

„ვგრძნობდი, რომ აუცილებლად შევხვდებოდი რომის პაპს და სპეციალურად მისთვის ნახატი „მარია მაგდალინელი“ შევქმენი. ჩვენ მესის შემდეგ უნდა შევხვედროდით და ნახატებით ხელში მოედნისკენ მივდიოდი, მაგრამ უცებ საშინელი წვიმა წამოვიდა. გონებაში ღმერთს ვთხოვდი, წვიმას გადაეღო და ასეც მოხდა. შენობაში ისე შევედი, რომ ნახატები არ გამიფუჭებია და ამ დროს წვიმამ ისევ დასცხო… მესის შემდეგ პაპს შევხვდი. ის დიდხანს ათვალიერებდა ჩემს ხელებს…“ – ჯუნა დავითაშვილი.

ბორის ელცინი და ჯუნა დავითაშვილი. 1994 წელი
მარჩელო მასტროიანთან ერთად
ფედერიკო ფელინისთან და ჯულიეტა მაზინასთან ერთად
ჯუნასთან სტუმრად არის ლენინგრადის მიტროპოლიტი კირილი (1981 წ.), რომელიც ამჟამად სრულიად რუსეთის პატრიარქია.

ჯუნას მოღვაწეობას დადებითად აფასებდა მართლმადიდებელი ეკლესია, რაც იშვიათი შემთხვევაა. რუსეთის პატრიარქი პიმენი ხშირად იწვევდა ჯუნას თავისთან. ესაუბრებოდა და ლოცავდა. ერთხელ ამეთვისტოებით დამშვენებული ოქროს საათიც აჩუქა.

ჯუნა და  მისი შვილი

2001 წელს ჯუნას უბედურება დაატყდა თავს – მისი ერთადერთი შვილი ვახტანგი 26 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

ვახტანგის გარდაცვალების რამდენიმე ვერსია არსებობს. მათ შორის, ყველაზე სარწმუნოს თანახმად, ავტომანქანით მოძრაობისას ვახტანგს გზაზე ბავშვმა გადაურბინა. ბავშვისთვის რომ აეცილებინა, მძღოლმა საჭე მკვეთრად მოაბრუნა და ბეტონის კედელს შეასკდა. ჯუნას შვილს ხერხემალი და ფუძის ძვალი დაუზიანდა. თავში კი უზარმაზარი სისხლჩაქცევა გაუჩნდა. მისი მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო, თუმცა დედამ უკონტაქტო მასაჟის წყალობით შვილის ფეხზე დაყენება შეძლო. ამის შემდეგ კი ვახტანგისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მეგობრებთან ერთად აბანოში წასვლა, სადაც გულის შეტევით გარდაიცვალა.
ვახო დედის დაბადების დღეს – 22 ივლისს იყო დაბადებული და, როგორც თავად ჯუნა აღნიშნავდა, მათ განსაკუთრებული სულიერი კავშირი ჰქონდათ.

შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯუნა სახლში ჩაიკეტა და ბოლო 14 წლის განმავლობაში განდეგილივით ცხოვრობდა.

ჯუნა დარწმუნებული იყო, რომ შვილი მტრებმა მოუკლეს. ორჯერ სუიციდის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა დეპრესიული მდგომარეობის დაძლევაში ხატვა და თავისი საყვარელი საქმე ეხმარებოდა.
„ჯუნას აკვიატებული იდეა ჰქონდა, რომ შვილი უნდა გაეცოცხლებინა. მე რომ გავიცანი, გარდაცვლილი შვილის კლონირება სურდა. ავუხსენი, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან კლონირებისთვის ცოცხალი უჯრედებია საჭირო, იმ დროისთვის კი მისი ვაჟი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო“, – პროფესორი სერგეი იაკოვენკო.

ჯუნა და მეცნიერება

ჯუნას მედიცინის სფეროში 13 გამოგონება ეკუთვნის. მათ შორის უმთავრესი ბიოკორექტორი „ჯუნა-1“ იყო, რომელსაც გამოიყენებდა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის კარდიოლოგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიასა და სხვა სფეროებში.

„მე შევიმუშავე აპარატი-ბიოკორექტორი „ჯუნა-1“. ამ გამოგონების საფუძვლად გამოვიყენე სამკურნალო პროცესის მიმდინარეობისას ჩემი ხელებიდან გამოსხივებული ენერგიის პარამეტრები. ამ პარამეტრებს საბჭოთა კავშირის წამყვანი სპეციალისტები ზომავდნენ და ასახულია საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პატენტებში“, – ჯუნა დავითაშვილი.

„მეცნიერებისთვის თავგანწირული მსახურებით ჯუნამ აიძულა ადამიანები, ეღიარებინათ ბიოენერგეტიკის რეალობა და ადამიანის უჩვეულო შესაძლებლობები. პრაქტიკაში მათი გამოყენების ეფექტურობა და პერსპექტიულობა“, – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი არსენ მედელიანოვსკი.

მეცნიერები, რომლებსაც ჯუნა დავითაშვილის უნიკალური შესაძლებლობები აეჭვებდათ, განუწყვეტლივ იკვლევდნენ მას. მათ განსაკუთრებით აოცებდათ, რომ ჯუნას ხელებს შორი მანძილიდან შეეძლო ადამიანის გათბობა. ამ ენერგიის წყალობით ჯუნა ავადმყოფებთან უკონტაქტო მასაჟის სეანსს ატარებდა. არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა ის, რომ ეს ფიზიკური ზემოქმედება იყო და არა ჰოპნოზის გავლენა.
ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში ჯუნა თავისი ბიოველის მოქმედებით, მკვდარ, იზოლირებულ გულებს ამუშავებდა. მართალია, ეს არა ადამიანების, არამედ ბაყაყებისა და კურდღლების გულები იყო, მაგრამ მაშინ ამ ფაქტმა ყველა გააოცა. სწორედ ამიტომ ჰქონდა ჯუნას შვილის გაცოცხლების იმედი. მკურნალი ამბობდა, რომ ის  გრძობდა შვილის სხეულის ფეთქვას და აქედან გამომდინარე, მისი გაცოცხლებაც შესაძლებლად მიაჩნდა.

ჯუნა დავითაშვილი 2015 წლის 8 ივნისს, 66 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, ვაგანსკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაასაფლავეს.

ჯუნას ცხოვრებაში ცნობილ ადამიანთა შორის უამრავი მეგობარი ჰყავდა, თუმცა მის დაკრძალვაზე, როგორც რუსული მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, მათგან ბევრი არ მისულა…

funtime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close