fbpx
საქართველოსპორტი

17 წლის მოციგურავე, რომელმაც საქართველოს ისტორიული მედლები მოუპოვა

ლუკა ბერულავამ, ალინა ბუტაევასთან ერთად, შვეიცარიაში მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა

ლუკა ბერულავა 17 წლისაა. მოსკოვში დაიბადა და ფიგურულ სრიალში ვარჯიში ბაღის ასაკში დაიწყო. პირველ წარმატებასაც მოსკოვში მიაღწია. წლების შემდეგ, ჯერ სანკტ-პეტერბურგში გადავიდა, მერე კი პერმში, სადაც ახლაც ვარჯიშობს. ერთი წლის წინ, ლუკამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო – საქართველოს ნაკრების წევრი გახდა. ახლახან კი ქართული დროშის ქვეშ ისტორიული შედეგები დააფიქსირა – იანვარში, ლოზანაში გამართულ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მედლები მოუპოვა.

ლუკა ბერულავა წყვილთა შორის გამოდის, 14 წლის ალინა ბუტაევასთან ერთად. შვეიცარიაში მათ მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური თამაშების ბოლოს კი, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ჩემპიონები გახდნენ. ქართველი მოციგურავე ლოზანიდან პირდაპირ პერმში დაბრუნდა და შეუდგა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას. ლუკა ბერულავა ერთი ჩვეულებრივი, დამღლელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტელეფონით ესაუბრა რადიო თავისუფლებას.

პირველი ნაბიჯები ყინულზე

ჩემი მშობლები სოხუმში ცხოვრობდნენ. აფხაზეთის ომის შემდეგ კი რუსეთში გადმოვიდნენ. მე მოსკოვში დავიბადე, 2002 წელს. ოთხ წელიწადში ოჯახში მეოთხე წევრი გაჩნდა – ჩემი და.

სამი წლის ვიყავი, როდესაც ტელევიზორში ვუყურე ფიგურული სრიალის კადრებს და დედას ვთხოვე, ყინულზე დავეყენებინე. როგორც თავად ამბობს, ჩემი თხოვნით დიდად აღფრთოვანებული არ დარჩა. მამისგან განსხვავებით, დედას არ უნდოდა, სპორტის ამ სახეობაზე ვეტარებინე, მაგრამ მაინც მიმიყვანა. პირველი ნაბიჯები ერთეულებში გადავდგი და პირველ წარმატებასაც ამ დისციპლინაში მივაღწიე – მოსკოვის პირველობაზე ჩემპიონი გავხდი.

წყვილთა შორის ძალა 13 წლის ასაკში მოვსინჯე. მალევე, ჩემს მწვრთნელს მოსკოვის დატოვება მოუხდა და მეც მასთან ერთად წავედი, სანკტ-პეტერბურგში. იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ. ერთ-ერთი ვარჯიშისას, დარბაზში პაშა (პაველ სლესარენკო) მოვიდა და სავარჯიშოდ მასთან გადასვლა შემომთავაზა, პერმში. ცოტა ძნელი იყო ჩემს ასაკში ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ წინ სპორტული პერსპექტივა დავაყენე და გავემგზავრე პერმში, სადაც დღემდე ვვარჯიშობ.

მეწყვილე

ახალ მწვრთნელთან უკვე მთლიანად წყვილთა დისციპლინაზე გადავერთე და ესაა ჩემი საბოლოო არჩევანი. ალინა ბუტაევასთან ერთად სრიალი პერმში დავიწყე. ძნელი სათქმელია, სლუსარენკომ რა დაინახა ჩვენში და თავიდანვე ფიქრობდა თუ არა, რომ საერთაშორისო არენაზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შევძლებდით. ალბათ არ შემომთავაზებდა, ჩემი იმედი რომ არ ჰქონოდა.

ალინა 14 წლისაა და პატარა ასაკის მიუხედავად, უკვე ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენია.

ოჯახი

მართალია რუსეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ქართულად საკმაოდ კარგად ვსაუბრობ. ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები სწორედ ოჯახის წევრები არიან. ჩემთან ერთად ნერვიულობენ და ჩემთან ერთად უხარიათ. როდესაც მე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ყინულზე გავდიოდი, დედ-მამა ეკლესიაში ლოცულობდნენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ოლიმპიადიდან დაბრუნებული კი მამამ ქართულ რესტორანში წამიყვანა და შინაურ გარემოში აღვნიშნეთ წარმატება.

ჩემი და 13 წლისაა. თავიდან მანაც ფიგურული სრიალით დაიწყო, მაგრამ აღარ გააგრძელა და ახლა სამსახიობო ხელოვნებითაა დაინტერესებული.

საქართველო

სამშობლოში ბოლოს ოთხი წლის წინ ვიყავი. მოვიარე ქუთაისი, სადაც ბაბუას სახლი აქვს. დავისვენე ბათუმში და თბილისში. რომ შემეძლოს, უფრო ხშირად ჩამოვიდოდი ხოლმე. რაც შეეხება საქართველოს სახელით გამოსვლას, ამაზე ბავშვობაში ბევრჯერ მიოცნებია და წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც ეს შემომთავაზეს. ზუსტი თარიღი და დროც კი მახსოვს – ერთ კვირაში შესრულდება წელიწადი, რაც ჩემს მწვრთნელს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა დაურეკა. რა თქმა უნდა, მომენტალურად გადავწყვიტე. მშობლებსაც ძალიან გაუხარდათ.

ახლა დატვირთული სპორტული გრაფიკი მაქვს და დასვენებაზე ჯერ ვერ ვფიქრობ. წინასწარი გეგმით, საქართველოში ალბათ აპრილში ჩამოვალ. თუ მოხერხდა, ჩემს მეწყვილე ალინასაც მინდა ვაჩვენო ჩემი ქვეყანა. ძალიან აინტერესებს.

ისტორიული მედლები

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს წინ შესარჩევი ტურნირები უძღვოდა. რიგასა და ზაგრებში გამართული გრან პრის გათამაშებებში კარგად გამოსვლის შედეგად მოვიპოვეთ ოლიმპიური ლიცენზია. ლოზანაში გამგზავრებამდე, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება სწორედ ზაგრების გრან პრი იყო, სადაც მე და ალინა ჩემპიონები გავხდით.

შვეიცარიაში მსოფლიოს რვა გამორჩეული წყვილი ჩაება კონკურენციაში. მართალია ისტორიული მედალი მოვიპოვეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ შედეგს არ ველოდით. შეჯიბრების დაწყებამდე, მწვრთნელთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს შანსებზე. ყველამ ვიცოდით, რომ თუ კარგად ვისრიალებდით, საპრიზო სამეულში მოხვედრა რეალურად შეგვეძლო. შერეულ შეჯიბრებაში მოპოვებული ოქროს მედალი კი ჩვენთვის მართლა სიურპრიზი იყო. ლოზანის დღეებმა მომავალი შეჯიბრებებისთვის კიდევ უფრო დიდი სტიმული მოგვცა. წინ კი მსოფლიოს ჩემპიონატია ახალგაზრდებს შორის, რომელიც ერთ თვეში გაიმართება, ესტონეთში. ევროპის და მსოფლიოს პირველობებზე აქამდე არასოდეს გამოვსულვარ. ესტონეთში იმავე პროგრამით ჩავალთ, რომელიც ლოზანაში ვაჩვენეთ. და წინასწარ რამის თქმა მიჭირს. მთავარია, უშეცდომოდ გამოვიდეთ.

ოთარ მაღლაკელიძე

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close