იტალიამიგრაცია

DECRETO FLUSSI და SANATORIA – რას უნდა ველოდოთ 2020 წელს და კონკრეტულად როდის?

როგორი იქნება 2020 წელს კონტეს მთავრობის გამოცემული განკარგულების შინაარსი კვოტების თაობაზე? არსებობს თუ არა უცხოელებისთვის რეალური შანსი, რომ იტალიაში ლეგალურად დასაქმდნენ?

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვესმოდეს და განვასხვაოთ შემდეგი ცნებების არსი: Flussi და Sanatoria.

არალეგალებისთვის ამნისტიის (SANATORIA) და სამუშაო ძალის ნაკადების შესახებ დეკრეტის (DECRETO FLUSSI) არსი შემდეგია:

იტალიის ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე ხარჯვითი მუხლი ეხება ქვეყანაში უკანონო იმიგრაციას: მინისტრთა კაბინეტმა ყოველწლიურად უნდა გაითვალისწინოს ბიუჯეტში არალეგალებისა და მათი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ცენტრების შენარჩუნების, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, სოციალური პროგრამების და სასკოლო განათლების ხარჯები.

იმ იმიგრანტების „შავად“ მუშაობა, რომლებსაც იტალიაში ბინადრობის ნებართვა არ აქვთ, ასევე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს იტალიის ეკონომიკას. ამრიგად, დროდადრო, იტალიის ხელისუფლება ცდილობს ჩაატაროს კამპანია არალეგალი ემიგრანტების ლეგალიზაციის მიზნით.

ლეგალური რეზიდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია Sanatoria-ს კამპანიის ჩატარების დროს: ამ პერიოდის განმავლობაში იტალიაში ბინადრობის ნებართვის გარეშე მცხოვრებ არალეგალ იმიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადი გააკეთონ ლეგალიზაციის მოთხოვნით.

იტალიაში არალეგალურად მცხოვრები იმიგრანტების ე. წ. ამნისტია (ანუ ლეგალიზაცია) ხდება „სანატორიას“ სახელწოდებით გამოცემული შესაბამისი საკანონმდებლო დეკრეტიის შემდეგ.

ბოლოს როდის გამოცხადდა იტალიაში არალეგალების ამნისტია (დეკრეტი „სანატორია“)?

ათასობით უკანონო იმიგრანტს, რომლებიც იტალიაში ბინადრობის ნებართვის გარეშე ცხოვრობენ და მუშაობენ, იმედი აქვთ, რომ ამნისტია უახლოეს მომავალში მოხდება (ანუ გამოიცემა დეკრეტი „სანატორია“).

მათი მოლოდინები სრულად გამართლებულია იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს „სანატორია“ იტალიის მთავრობამ კარგა ხნის წინ – 2012 წელს განახორციელა.

ბოლო ლეგალიზაციის კამპანიის ფარგლებში იტალიაში ბინადრობის ნებართვა 129 814-მა არალეგალურმა ემიგრანტმა მიიღო (70 000-ით ნაკლებმა, ვიდრე 2009 წელს, როდესაც ამნისტია ექსკლუზიურად შინამოსამსახურედ მომუშავე არალეგალებს შეეხოთ).

არალეგალი იმიგრანტების მხრიდან განაცხადების რაოდენობის შემცირება, პირველ რიგში, განაპირობა შრომის სამინისტროს მიერ დაწესებულმა შეზღუდულმა კრიტერიუმებმა.

მაგალითად, 2012 წლის ბოლო ამნისტიის დროს, რომელიც 2012 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ განხორციელდა, იტალიაში ყოფნის ლეგალიზაციის მსურველ არალეგალთა მოთხოვნების ჩამონათვალში შედიოდა დოკუმენტის არსებობა, რომელიც დაადასტურებდა ქვეყანაში მათ ყოფნას, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში.

2009 წელს კი ასეთი მოთხოვნა არ არსებობდა, თუმცა საჭირო იყო გადასახადების გადახდა 2009 წლის პირველი აპრილიდან permesso-ს გაცემამდე – საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი და ეს თანხა იყო ქვეყანაში არალეგალური იმიგრანტის ყოფნის დასტური.

ამავე ამნისტიის ფარგლებში, დამსაქმებელთან თავიანთი სამუშაო ურთიერთობების დაკანონების შესაძლებლობა მიეცათ არალეგალებს, რომლებიც იტალიაში „შავად“ მუშაობდნენ.

ამნისტიამ შესაძლებლობა მისცა დამსაქმებლებს, რომლებმაც არალეგალური უცხოური სამუშაო ძალა მინიმუმ სამი თვის განმავლობაში გამოიყენეს, მოეთხოვათ შრომითი ურთიერთობების რეგულირება, რათა შრომის სამინისტროსა და ფინანსურ პოლიციის მათთვის რაიმე სანქცია არ დაეკისრებინათ.

ამნისტიის ბენეფიციარი იყო ყველა ის უცხოელი, რომლებიც არალეგალურად მუშაობდა იტალიის ტერიტორიაზე, ეწეოდა ნებისმიერი ტიპის შრომით საქმიანობას: შინამოსამსახურიდან დაწყებული და კალაზოტით დამთავრებული, ფერმერით დაწყებული და მღებავით დამთავრებული და ა. შ. (სანატორია 2012).

ამასთან, არალეგალთა ყველა კატეგორიას ყოველთვის როდი აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ბინადრობის ნებართვა შრომითი საქმიანობისთვის: შრომის ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობა განიხილავს, თუ რა ტიპის მუშაკებს მოითხოვს ქვეყანა ამნისტიის გამოცხადების დროს. ამიტომ იყო, რომ 2009 წელს ჩატარებული ამნისტია მხოლოდ შინამოსამსახურეებს ეხებოდა.

DECRETO FLUSSI + SANATORIA


ყოველწლიურად, მრავალი უცხო ქვეყნის მოქალაქე მოუთმენლად ელის ოფიციალურ სამთავრობო გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას კვოტების („ფლუსის“) შესახებ, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე სამუშაოდ შესვლის თეორიულ შესაძლებლობას იძლევა და, ამასთან, შესაძლებელია ბინადრობის ნებართვის მიღება სეზონური, დაქირავებული და ავტონომიური მუშაობის მიზნით.

„განკარგულება ნაკადების შესახებ“ (დეკრეტი „ფლუსი“) მზადდება შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც აანალიზებს იტალიის შრომის ბაზრის მდგომარეობას და უცხოელი მუშახელის რაოდენობას, ასევე იმ იმიგრანტთა რაოდენობას, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან, როგორც უმუშევარნი. ამასთან, მხედველობაში მიიღება მონაცემები, რომლებიც ეხება მიმდინარე პერიოდში ეფექტურ მოთხოვნას მუშახელზე.

კვოტების დადგენისას განკარგულების ტექსტში შეიძლება მითითებული იყოს გარკვეული სპეციფიკური ასპექტები, როგორიცაა რაოდენობრივი შეზღუდვები იმ ქვეყნებიდან მუშახელის შემოსვლის შესახებ, რომლებიც სწორი ფორმით არ თანამშრომლობენ იტალიის ხელისუფლებასთან უკანონო იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნაკადის შესახებ განკარგულებამ ასევე შეიძლება დააწესოს გარკვეული შეღავათიანი კვოტები იმ სახელმწიფოებიდან შემოსული მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც იტალიამ კონკრეტული ორმხრივი ხელშეკრულებები დადო უცხოური / იტალიური სამუშაო ძალის ნაკადების რეგულირების მიზნით.
განკარგულების შეტანის შესახებ დადგენილება, როგორც წესი, ასევე ცნობს პროფესიულ განათლებაში და იმ სასწავლო პროგრამებში მონაწილე უცხოელების პრივილეგიას, რომლებიც შექმნილია სპეციფიკური სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად და დამტკიცებულია იტალიის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მიერ მუშახელის წარმოშობის ქვეყნებში.

ამას გარდა, ზოგიერთმა განკარგულებამ შემოსასვლელი კვოტების განაწილებისას უპირატესობა მიანიჭა მაღალკვალიფიციურ მუშაკებს.

შრომითი ნაკადის შესახებ ზოგიერთ დადგენილება ასევე განსაზღვრავდა სხვადასხვა ტიპის ბინადრობის ნებართვის კონვერტაციის შესაძლებლობას უცხოეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უკვე ჰქონდათ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იტალიაში ლეგალურად ცხოვრობდნენ.

შორეულ წარსულში ნაკადების შესახებ ბრძანებულება (დეკრეტო ფლუსი) იყო ერთგვარი განკარგულება „ორი ერთში“, რაც ნიშნავს, რომ ის შეიძლებოდა ეფექტიანად ყოფილიყო გამოყენებული დამსაქმებლის მიერ უკანონოდ დასაქმებულ მოსამსახურესთან შრომითი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.

არალეგალისთვის საკმარისი იყო, ეპოვა დამსაქმებელი და დაერწმუნებინა, რომ მას წარედგინა ლეგალიზების მოთხოვნა. თუ ამას მოახერხებდა, მუშაკი სახლში ბრუნდებოდა, იღებდა „ნულა ოსტას“ – შემოსვლის შრომით ვიზას, შემდეგ კი ბრუნდებოდა იტალიაში, რომ ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე და ბინადრობის ნებართვა ეთხოვა.

ბოლო წლებში ამ მექანიზმმა აღარ იმუშავა.

დიდი ალბათობით, წელს ამ პრაქტიკას გაიმეორებენ და flussi-ს ბრძანებულებას ამნისტიასთან (სანატორია) გააერთიანებენ.

როდის გაიცემა დადგენილება კვოტების შესახებ 2020 (განკარგულება ფლუსი 2020)?

2020 წლის დადგენილება შრომითი ნაკადების შესახებ, როგორც წესი, 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში უნდა გამოიცეს, ასეთ შემთხვევაში ის 2020 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება.

2020 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის დამტკიცებისას, 2020 წლის 15 იანვარს, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრმა, ლუჩანა ლამორჯეზემ გამოაცხადა მთავრობის განზრახვის შესახებ, მოამზადოს კანონი, რომელიც:
• შეცვლის მიგრაციული პოლიტიკის მდგომარეობას;
• ბევრ უცხოელ მოქალაქეს, რომლებიც უკვე იმყოფებიან იტალიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (სავარაუდოდ, უფრო მათ, ვინც უკვე დასაქმებულია), საშუალებას მისცემს ბინადრობის ნებართვის გარეშე იტალიაში თავისი ცხოვრების ლეგალიზება მოახდინოს.

ეს საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ Flussi-ს ბრძანებულება გაერთიანდება ამნისტიასთან (სანატორია) – ე.წ. ორი ერთში.

ვვარაუდობთ, რომ 2020 წლის კვოტების შესახებ განკარგულება ასევე შეიძლება შეიცავდეს კვოტებს:

• უცხოეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაასრულეს სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამები თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში;

• იტალიური წარმოშობის მუშაკებისთვის, რომელთაც ჰყავთ იტალიის მოქალაქეობის მქონე მინიმუმ ერთი მესამე ხარისხამდე ნათესავი მაინც, პირდაპირი ხაზით, რომლებიც ცხოვრობენ არგენტინაში, ურუგვაიში, ვენესუელასა და ბრაზილიაში (დაქვემდებარებული არასეზონური სამუშაოებისა და თვითდასაქმებისთვის).

გარდა ამისა, მასში შეტანილი იქნება ბინადრობის ნებართვების გარდაქმნის (კონვერტირების) კვოტები:

ბინადრობის ნებართვა დაქირავებული შრომისთვის:
• ბინადრობის ნებართვა სეზონური მუშაობისთვის;
• ბინადრობის ნებართვა სწავლის, სტაჟირების ან / და პროფესიული მომზადების მიზნით;
• ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვა გრძელვადიანი რეზიდენტებისთვის.

ბინადრობის ნებართვა ავტონომიური დასაქმებისთვის:
• ბინადრობის ნებართვა სწავლის, სტაჟირების ან / და პროფესიული მომზადების მიზნით;
• ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვა გრძელვადიანი რეზიდენტებისთვის, თვითდასაქმების მიზნით.

ამნისტია არალეგალური იმიგრანტებისათვის 2020: როგორ მოვემზადოთ?

გამომდინარე იქიდან, რომ იტალიის მთავრობა სერიოზულად ეკიდება ქვეყანაში უკანონოდ მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ამნისტიის მომზადებას, არალეგალები მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი ტიპის ლეგალიზაციისთვის იტალიაში, 2020 წლის მარტიდან / აპრილიდან (ალბათ, როგორც უკვე ვთქვით, ამნისტია მიბმული იქნება კვოტების დადგენილებასთან).

ახალი ამნისტიისთვის მოსამზადებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უნდა:
• ჰქონდეთ მოქმედი პასპორტი (რომლის ვადა არ იწურება!);
• ჰყავდეთ ნაპოვნი დამსაქმებელი, რომელსაც სურს სამუშაო ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმება;
• ჰქონდეთ თანხა 500-იდან 1000 ევრომდე.

დამატებითი დეტალური ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია დაელოდოთ 2020 წლის განკარგულების გამოქვეყნებას ნაკადების შესახებ და შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებითი ცირკულარს ოფიციალურ გაზეთში.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

წყარო: https://insindacabili.it/decreto-flussi-2020-con-regolarizzazione-lavoratori-stranieri/

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close