მსოფლიომედიცინასაზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ ჟენევაში პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ორგანიზაციის კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა უჰანში დადასტურდა, თუმცა ამ გზით გადაცემის უკვე რვა შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში, იაპონიაში, ვიეტნამსა და აშშ-ში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდეს ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ ღებრეიესუსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთთან შედარებით დანარჩენ მსოფლიოში გაცილებით დაბალია, „ახლა ყველამ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება შევზღუდოთ“. ადამონი კორონავირუსის გავრცელებას „უპრეცედენტო ეპიდემიას“ უწოდებს, რომელსაც „უპრეცედენტო საპასუხო ზომები“ სჭირდება.

გუშინ ვირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა ტიბეტშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი უკვე კონტინენტური ჩინეთის ყველა რეგიონშია გავრცელებული.

ამ წუთისთვის (31 იანვარი, 14:00 სთ) ფიქსირდება ვირუსით გამოწვეული, ე. წ. უჰანის პნევმონიით გარდაცვალების 213, ინფიცირების 9776 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 187 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევა ჩინეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

ამ დროისათვის ინფექცია უკვე გავრცელებულია 20 სხვა ქვეყანაშიც, მათ შორისაა იტალია, სადაც 2 ჩინელ ტურისტს გუშინ ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა რომის საავადმყოფოში, აგრეთვე, დიდ ბრიტანეთიც, სადაც ახლახან ჩინური კორონავირუსის 2 ლაბორატირულად დადასტურებულ შემთხვევაზე გავრცელდა ინფორმაცია – დაავადებუულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

ამ ეტაპზე ჩინეთში უკვე ინფიცირებულია იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე 2000-იანი წლების დასაწყისში მწვავე რესპირატორული სინდრომის (Sars) ეპიდემიისას, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახალი კორონავირუსის შემთხვევაში გაცილებით დაბალია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close