fbpx
შეუცნობელი

კვანტური გადასვლა გამოცხადებას ეხმიანება?

გლობალური დათბობა, მიწისძვრები, წყალდიდობა, ცუნამი, კლიმატის ცვლილებები, მიძინებული ვირუსების გამოღვიძება და ა. შ. – ეს უბედურებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დედამიწა თითქოს აგვიჯანყდა და, „გაბრაზებული“, პრეტენზიებს გვიყენებს. იქნებ ვინმემ თქვას, რომ არც არაფერი განსაკუთრებული ხდება და ყველაფერი თავისთავად დალაგდება, მაგრამ ყველა ხომ არ ეთანხმება სირაქლემასავით ქვიშაში თავჩარგულ და ჰაერში მეხუთე წერტილაშვერილ მდგომარეობაში დგომას, სანამ ჩვენი საერთო სახლი – პლანეტა ფეხქვეშ გვეცლება.

მთელი ინტერნეტი გივსო ე. წ. კვანტური გადასვლის თეორიით (ადამიანის ახალი – გააზრებული და პასუხისმგებლობის მქონე ცნობიერება), რომელიც ამბობს, რომ კაცობრიობამ ძველებურად არსებობის ყველა რესურსი ამოწურა და ჩვენ ყველანი, გვინდა ეს თუ არა, ვეთანხმებით თუ არა, უკვე ახალ რეალობაში, მრავალგანზომილებიან ახალ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს  ამოუწურავი შესაძლებლობები დაგვაბერტყა თავზე. რამდენად შეიძლება ეთანადებოდეს ქვემოთ მოყვანილი ტექსტი ამ თეორიას, ეს მკითხველისთვის მიგვინდვია.

გთავაზობთ რუსი მართლმადიდებელი დეკანოზის, იგორ რიაბკოს შეხედულებას, რომელიც განიხილავს „იგავს კრავის საქორწილო სუფრაზე წვეულთა შესახებ“.

საქორწილო სუფრაზე მიწვეულების სამი კატეგორია

(იბეჭდება შემოკლებით)

„ამ იგავში მაცხოვარი ცათა სასუფეველს საქორწილო სუფრას ადარებს. მასზე მიწვეულია უკლებლივ ყველა, გამონაკლისის გარეშე. ე. ი. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღმერთი უგულებელყოფს და ეტყვის: „მე არ მსურს გიხილო სამყაროში, სადაც იქნება ახალი ცა და ახალი მიწა“. ყველა ადამიანი მოწვეულია ცხოვრების ახალ ეონში (ეპოქა, ერა) შესასვლელად, რომელსაც დასასრული არ ექნება.

ამ მიზნით ღმერთი ამ ახალი სამყაროს მოწვევის ბარათებს უგზავნის ყველას. აღმოსავლური ტრადიციის თანახმად, რომელსაც იუდეველებიც იცავდნენ, საქორწილო ნადიმზე სტუმრებს ორჯერ იწვევდნენ. ჯერ წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ ნადიმი იგეგმება, თქვენ მოწვეული ხართ, მოემზადეთ. და მეორედ, მოგვიანებით, უკვე აკითხავდნენ ამ ადამიანს, რომ დღესასწაულზე წაეყვანათ. სწორედ დღესასწაულის დროს, სერობის პატრონი ყველა სტუმარს მისთვის სპეციალურად მომზადებულ საქორწილო ტანისამოსს გადასცემდა.

„საქორწილო სერობაზე მოწვეულთა შესახებ იგავის“ თანახმად, ყველა დაპატიჟებული ე.ი. მთელი კაცობრიობა ღვთის სასუფეველთან მიმართებით სამ კატეგორიად იყოფა.

პირველი კატეგორიაში ისინი არიან, ვინც მიწვევა უგულებელყო. ყველა, ვინც ღმერთს ზურგი შეაქცია. „მიაფურთხა“ სახარებას, ქრისტეს მსხვერპლს, მის სიყვარულს, ყველაფერს, რაც მან გააკეთა და დღემდე აკეთებს მათ ცხოვრებაში. არ უნდა ვიფიქროთ, რომ მათ რიცხვს მხოლოდ მგზნებარე უღმერთოები, ათეისტები, სატანისტები და ა. შ. მიეკუთვნებიან. ამ კატეგორიაში ასევე შედიან ისინიც, რომლებმაც უბრალოდ ჩუმად უგულებელყვეს მოწვევა, მოიმიზეზეს რა სხვა, თავისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით დაკავება. მასში შედის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც „ღმერთი სამშვინველში ჰყავს“. იმის გამო, რომ ამ „ღმერთს“ ეშმაკი ეწოდება, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი შეიძლება ეჩვენებოდეს იგი ადამიანს. თუ ღმერთი არსებობს და ადამიანი ამას სერიოზულად იღებს, მან ამ განცხადების ყველა შედეგიც უნდა მიიღოს. კერძოდ:

•  ღმერთს აქვს კანონები და წესები, რომელთა თანახმადაც მასთან ურთიერთობები უნდა ავაგოთ. ამას ეწოდება „მცნებები“ და ისინი არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლება მხოლოდ მოსეს დეკოლოგით (10 მცნება). სახარებას ადამიანი სინას მთიდან თაბორის მთაზე მიჰყავს, ეს კი უფრო შორსაა და უფრო მაღლაც.

• ღმერთს თითოეულისთვის აქვს მისი პირადი ცხოვრებისეული გეგმა, რომლის ლოგიკის გაგებაც და მის შესაბამისად სულიერი ზრდაც ადამიანის საკრალური მოვალეობაა.

• თუ ადამიანი უგულებელყოფს ყველაფერ ზემოხსენებულს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა „კეთილი“ ათეისტი იყოს იგი, რა კარგად და სინდისიერადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მან ერთმნიშვნელოვნად  უარყო ღმერთის მიწვევა მარადიული ცხოვრების დღესასწაულზე.

მეორე კატეგორია არის ყველა, ვინც მიიღო მოწვევის პირობები, ვისაც სწამს ღმერთი, ვინც პატივს სცემს მის კანონებს და, ასე თუ ისე, ცდილობს შეასრულოს ცხოვრებაში ის, რასაც ღმერთს მისგან მოითხოვს. ესენი არიან, ვინც, ამ იგავის თანახმად, „გზაჯვარედინებზე მოკრიბეს“. აქ, როგორც ქრისტე გვეუბნება, განსხვავებული ხალხი მოხვდა: „კარგიც და ბოროტიც“. მაგრამ ამ დღესასწაულზე მოხვედრა საკმარისი არ არის, მას უნდა შეესაბამებოდე. როგორც გაირკვა, ისინი, ვინც შეესაბამებოდა, ცოტანი იყვნენ. „მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი – რჩეულნი“. ცათა სასუფევლის დამკვიდრება, მარადისობის მერვე დღეში შესვლა მხოლოდ მათ შეძლეს, ვინც მესამე კატეგორიას მიეკუთვნება.

მესამე კატეგორიაში არიან ისინი, ვინც მოწვევას დათანხმდა, ვინც ნადიმზე მივიდა და ვინც შესაბამისი საქორწილო სამოსის ღირსი გახდა. მათ ტანსაცმლის თან წაღება არ დასჭირვებიათ – თავად მეპატრონემ (უფალმა) მისცა, რაც საჭირო იყო, რომ ჩაეცვათ. ეს იყო დავალება, რომელსაც მოწვეულთა მეორე კატეგორია ვერ გაუმკლავდა, იმისდა მიუხედავად, რომ ისინი უკვე საქორწილო სერობაზე იმყოფებოდნენ. თეთრი საქორწილო სამოსი – ეს სიწმინდე და სამშვინველის სისუფთავეა.

ჩვენ ბევრ ადამიანს ვხედავთ ეკლესიაში და ჩვენ გარშემო. ეს ნიშნავს თუ არა, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი ტაძარში დადის, ლოცულობს, მარხულობს, ინანიებს, ზიარებას იღებს და სახარებას კითხულობს, ის სამოთხეში მოხვდება? არა, ამ იგავის თანახმად, ეს ასე არ არის. ღვთის სამყაროში მოსახვედრად განსხვავებული უნდა გახდე – ღვთიური. ყველაფერი, რასაც ადამიანი ეკლესიაში აკეთებს მცნებებისა და ღვთის ნების შესაბამისად, კარგია, მაგრამ საკმარისი არაა, რადგან კეთება მხოლოდ ტრანსფორმაციის საშუალებაა.

ადამიანს შეუძლია ტანსაცმლის გარეცხვა, მაგრამ მთავარი ხომ რეცხვის პროცესი არაა, არამედ ის, რომ ტანსაცმელი სუფთა გახდეს. ეს ეხება სამშვინველსაც – თქვენ შეგიძლიათ ცადოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში დროდადრო გააჟანჟღალოთ იგი წყალში, მაგრამ თუ სუფთა არ გახდება, ახალ სამყაროში ვერ შეხვალთ, რადგან დალაქავებული სულის ადამიანებს იქ არაფერი ესაქმებათ.

ეს იგავი ძალზე საშინელია, რადგან მართალია. უმეტესი ჩვენგანი გულწრფელად შეძლებს იმის თქმას, რომ მისი სამშვინველი სუფთაა, რომ ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ იგი ვნებებისგან, რომ მასზე აღარ აქვს ეშმაკს ძალაუფლება და რომ მას არა აქვს არც ერთი, თუნდაც ყველაზე პატარა, მანკიერი ყლორტი? და თუ ყველაფერი ასეა, მაშინ მხოლოდ კაცობრიობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის გადარჩენაა შესაძლებელი“.

P.S. „მაშ, გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესვლისა, რომელიმე თქვენგანი გარეთ არ დარჩეს… ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს“. (ებრ. 4:1-7)

„და მითხრა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვები ღვთისა“. (გამოცხ. 19.9)

თარგმნა თამარ ქავჟარაძემ

წყარო: https://priest-ruabko.livejournal.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close