ნატალია ქუთათელაძის ევროპული წარმატება
კატალონიელი ტენორის, ფრანცისკო ვინასის სახელობის 57-ე კონკურსზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართა, ნატალია ქუთათელაძემ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული ფესტივალი, ფრანცისკო ვინასის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი 1963 წლიდან ტარდება. კონკურსმა არაერთი ტალანტი აღმოაჩინა და ის ახალგაზრდა საოპერო მომღერლებისთვის მნიშვნელოვან „ტრამპლინად“ ითვლება.
კონკურსში „Concurso de Canto Tenor Viñas“ გამარჯვებულების კონცერტი 22 მაისს გაიმართება მადრიდში.
ნატალია ქუთათელაძე ცნობილი საესტრადო მომღერლების შთამომავალია – იგი ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ცნობილი საესტრადო მომღერლის, ეკა მამალაძის შვილია. ოჯახური ტრადიციის მიუხედავად მან საესტრადო ხელოვნებაზე უარი თქვა და უპირატესობა კლასიკურ მუსიკას მიანიჭა. ნატალიამ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში – ჯულიარდში გააგრძელა, სადაც მაგისტრის ხარისხი მიიღო, შემდეგ კი მიუნხენის თეატრში იმუშავა ერთი წელი. ახლა ნატალია თბილისშია და, როგორც თავად ამბობს, „ფრილანსერია“…
ნატალია კლასიკურ მუსიკაში სახელოვანი ბებიის ჩრდილისგან თავის დასაღწევად წავიდა.
„ნანის ჩრდილი ხომ სულ მომყვება უნებურად…
… ჟანრობრივად სხვაგან რომ გადავინაცვლე, მგონია, რომ ამ ჩრდილიდან გამოსვლა უფრო მეტად გახდა შესაძლებელი. ნანის ჟანრი რომ მემღერა, შედარებებს ვერ ავცდებოდი. ვიზუალურადაც ხომ ვგავართ ერთმანეთს და რაღა გამოვიდოდა?!.. მოკლედ, ოპერამ გადამარჩინა.
ვფიქრობ, ჯერ საკუთარი თავი მაინც არ მიპოვნია. ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. მეცო-სოპრანოსაც აქვს თავისი მიმართულებები. არ ვიცი, როგორი როლები მექნება, ამას ალბათ რეჟისორები გადაწყვეტენ“, – ამბობს ნატალია ინტერვიუში, რომელიც ჟურნალ „ნარგისში“ დაიბეჭდა.
ნატალია გათხოვილია. მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა.
„აშშ-ში ცხოვრების სამმა წელმა მომცა გამოცდილება, როგორი მნიშვნელოვანია კარიერა. რობოტებივით მუშაობენ ამისთვის. ჩემს ქმარს რომ არ შევხვედროდი, მეც ასე ვიფიქრებდი და ასე ვიცხოვრებდი. ჩემთვის პირველი იყო ჩემი საქმე, რითაც იწყებოდა და მთავრდებოდა ჩემი დღე.
ჩემს ოჯახში ყველა ქალი მარტოა… დღის ბოლოს, ასე ვთქვათ, ყველა მარტო დარჩა. მე კი მივხვდი, რომ ჩემთვის მარტოობა ყველაზე დიდი დარდი და განცდაა. ეს არ მსიამოვნებს. მარტო ცხოვრებისთვის შექმნილი ადამიანი არ ვარ. … ამ ეტაპზე ძალიან დიდი ხელშეწყობა მაქვს და ჩემი მეუღლე ცდილობს, ბევრი რამ გამიმარტივოს.
…როგორი ვარ შეყვარებული? გაგიჟებული, არანორმალური! … როგორ მომხიბლა? ალბათ, იმ თვისებებით, რომლებიც, ჩემი აზრით, ყველა კაცს უნდა ჰქონდეს.
… თუკი სიყვარულზე ვლაპარაკობთ, ამ გრძნობამ დამიმორჩილა. ბევრად უკეთ ვმღერი, მაგრამ ბევრად ემოციურად…“ – ამბობს მომღერალი „ნარგისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები