პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება?

15 იანვარს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა საგანგებო სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა და ქვეყნის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურა დაასახელა.

ამჟამინდელი პრეზიდენტის, პროკოფის პავლოპულოსის უფლებამოსილება 12 მარტს იწურება. მიცოტაკისმა პრეზიდენტობის კანდიდატად სახელმწიფო საბჭოს, იგივე უზენაესი  ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე ეკატერინე საკელაროპულუ დაასახელა.

პრემიერის არჩევანი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეკატერინე საკელაროპულუ პოლიტიკურად ნეიტრალური პიროვნებაა და მისი სახელი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უკავშირდება. თავის დროზე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევისას მას ერთხმად დაუჭირა მხარი „სირიზამ“, ამდენად, ალექსის ციპრასსა და მის თანამოაზრეებს ძალიან გაუჭირდებათ, წინააღმდეგობა გაუწიონ პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას.

პრინციპში, კირიაკოს მიცოტაკისის მიზანიც ეს იყო. საბერძნეთში არსებული ტრადიციით, პრეზიდენტობის კანდიდატი მისაღები უნდა იყოს როგორც ხელისუფლებისთვის, ისე მთავარი ოპოზიციური ძალისთვის. ყოველ შემთხვევაში, „სირიზას” ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

საბერძნეთის კონსტიტუციით, პრეზიდენტს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება კენჭისყრა. ვარაუდობენ, რომ პარლამენტი პრეზიდენტს 12 თებერვალს აირჩევს. საგულისხმოა, რომ არჩევის შემთხვევაში ეკატერინე საკელაროპულუ საბერძნეთის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდება და კირიაკოს მიცოტაკისს მისი კანდიდატურის წარდგენით შანსი აქვს, ისტორიაში შევიდეს. აქამდე საბერძნეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ქალის კანდიდატურა არასდროს განხილულა.

გიორგი ჯანელიძე

წყარო: protothema.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close