დღის თემაკინო/ფილმები

ბროლიას მეკვლეობის სახალისო ამბავი – როგორ იღებდნენ „კუჩხი ბედინერს“ (ვიდეო)

რეჟისორ გურამ პატარაიას განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ კინემატოგრაფიაში. მისი მეგობრების თქმით, „გურამთან ურთიერთობისას ნიჭიერებისა და იუმორის მორევში მოექცეოდი“. ალბათ სწორედ ამიტომაც მისი ყველა ფილმი ნიჭიერებით, საოცარი სიხალისითა და უშუალობით, კოლორიტულობით გამოირჩევა. მაგალითისთვის, ფილმების: „რეკორდი“, „სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“ – გახსენებაც საკმარისი იქნება, რომ აღარაფერი ვთქვათ „კუჩხი ბედინერზე“, რომლის გარეშეც ახალი წელი ვერც კი წარმოგვიდგენია.

გილოცავთ ახალ წელს და ამ საოცარი ფილმის გადაღების სახალისო ისტორიებს გთავაზობთ.

ტრადიცია კინოში

ახალი წელი ახლოვდებოდა, როდესაც გურამ პატარაიამ ფილმის ოპერატორ ირაკლი ონოფრიშვილს დაურეკა, ახალი ფილმის სიუჟეტი მოუყვა და ჰკითხა, შენ რას ფიქრობო? როგორ თუ რას ვფიქრობ, გადავიღოთ-მეთქი, მასთან მუშაობა ხომ ყოველთვის საინტერესო იყო, იხსენებდა შემდგომში აწ გარდაცვლილი ირაკლი ონოფრიშვილი. „ვერ გეტყვით, საიდან გაუჩნდა ეს იდეა (სცენარის ავტორიც გურამ პატარაია იყო), ალბათ მსგავსი რამ სადღაც წაიკითხა, მაგრამ ფაქტია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თანაც იგი იუმორით სავსე ოჯახში გაიზარდა (მამა, ვასო პატარაია ცნობილი დრამატურგი იყო) და ალბათ ამანაც ითამაშა გარკვეული როლი… ფილმის პირველი კადრები ბაკურიანში გადავიღეთ, მერე კი სპეციალურად პავილიონი აშენდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ და გადაღებებიც იქ გავაგრძელეთ. გარდა ამისა, ცალკეული ეპიზოდები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც გადავიღეთ“.

მოგეხსენებათ, კომედიურ სურათს საფუძვლად ახალი წლის მეკვლეობის ტრადიცია უდევს. ერთ-ერთი ოჯახის მეკვლე უნებლიედ ძაღლი გახდება და იმ წელს ამ ოჯახს ძალიან გაუმართლებს. მას შემდეგ ეს ძაღლი ყველაზე სასურველი მეკვლეა მთელ სოფელში.

ფილმში სულ რამდენიმე პროფესიონალი მსახიობი თამაშობს: გოვენ ჭეიშვილი (კოჩია), ციალა გურგენიძე – ცოლის (ცუცა) როლში და ვასო კახნიაშვილი, გორის თეატრის მსახიობი – ბაბუის (ეზუ) როლში. შემდგომში მსახიობი გახდა ერთ-ერთი ქალიშვილის როლის შემსრულებელი ბაია დვალიშვილიც.

დანარჩენები არაპროფესიონალები არიან. მაგალითად, მეკვლე (პაჭუ) – ჯუნა (დიმიტრი) მიქატაძე მოქანდაკე იყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მსახიობობა მისთვის მეორე პროფესია გახდა: „კუჩხი ბედინერი“ მისი მეორე ფილმია.

როდესაც გურამ პატარაიამ პირველად მიიწვია ფილმში („სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“) სათამაშოდ, თავიდან სასტიკი უარი უთხრა, მაგრამ მერე ისე შევიდა როლში, რომ შემდეგ შეთავაზებაზე სიხარულით დათანხმდა. ეგ კი არადა, „კუჩხი ბედინერის“ დასრულების შემდეგ თურმე გურამს ეუბნებოდა, რას შვები, აღარაფერს იღებო?.. ფაქტია, რომ ჯუნა მიქატაძეს მართლაც კარგი სამსახიობო მონაცემები ჰქონდა.

ბროლია

გადამღებ ჯგუფს მუშაობისას ერთადერთი პრობლემა ჰქონდა: ძაღლს ვერ პოულობდნენ. სად აღარ ეძებეს, მაგრამ… ბოლოს მიასწავლეს ორგანიზაცია, სადაც ნარკოტიკების მაძებარი ძაღლები ჰყავდათ. ბროლია სწორედ იქ აღმოაჩინეს და შემდგომ მსახიობები ხუმრობდნენ, ყველაზე კარგად ფილმში ეს ძაღლი თამაშობსო.

ბროლიას სახელი რეჟისორმა დაარქვა და ძაღლიც ძალიან მალე შეეჩვია თავის ახალ სახელსაც და გადამღებ ჯგუფსაც. სჭირდებოდათ თუ არ სჭირდებოდათ, მის პატრონს გადაღებაზე მაინც მიჰყავდა. მაშინ სხვა დრო იყო, ფულის პრობლემა არ ჰქონდათ, ხარჯთაღრიცხვაშიც ყველაფერი გათვალისწინებული იყო და, როგორც მსახიობს, ისე უხდიდნენ ხელფასს პატრონსაც და ძაღლსაც.

რა თანხას იღებდა ბროლია, ვერ გეტყვით, მაგრამ მის პატრონს დღეში თხუთმეტ მანეთს აძლევდნენ. „გადაღების დროს ის კაციც გვეხმარებოდა: ისე აკეთებდა, რომ საითაც ეტყოდა, მის ხმაზე ძაღლი იქით გარბოდა. თან ნარკოტიკებთანაც გვქონდა საქმე – კარზე რომ აფხაჭუნებს, იმ კადრის გადაღების დროს კარში ნარკოტიკია ჩადებული, ძაღლს რომ ეყნოსა და თავისი საქმე გაეკეთებინა.

ბროლია მეკვლე რომ გახდება და ოჯახში გიჟდებიან, როგორ თუ ძაღლია მეკვლეო და ცოცხს ესვრიან, ამ კადრს სახურავიდან ვიღებდი. ძაღლს შეშინება არ სჭირდება, ამ ეპიზოდისთვის მოუმზადებელი უნდა იყოს და როცა ცოცხის სროლის დრო დადგება, ერთი დუბლით უნდა გადავიღოთ-მეთქი, ვთქვი, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე დუბლის გადაღება დაგვჭირდა. ძაღლი ისე იყო გაცოფებული, რომ გოვენს კინაღამ უკბინა.

თუ გახსოვთ, ციალა რომ პარიკს ესვრის ბროლიას, ისე მოხდა, რომ გადაღების დროს მისი ნასროლი პარიკი ძაღლს პირდაპირ სახეზე აეფარა. კამერის ჩართვა ვერ მოვასწარი, ამ კადრის გამეორება კი შემდეგ შეუძლებელი აღმოჩნდა. არადა, იცით, რა საინტერესო იყო?! ბროლიამ მაშინაც გაგვაწვალა, სახლიდან რომ გარბის და ჯუნასთან მიდის, მაგრამ, ვფიქრობ, ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად გამოგვივიდა“, – მითხრა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ფილმზე საუბრისას ბატონმა ირაკლიმ.

მოულოდნელი ფინალი

ფილმს სცენარის მიხედვით იღებდნენ, თუმცა ზოგიერთი ეპიზოდი გადასაღებ მოედანზე დაიბადა. მაგალითად, ფინალურ სცენაში მაყრიონი სახლში უნდა შესულიყო და ქეიფი იქ გამართულიყო, მაგრამ უცებ მოიფიქრეს: კამეჩებით მოჰყავთ დამტვრეული ავტობუსი, მაინძელოო, ყვირიან და პატარძალი სახურავიდან ამოყოფს თავს… დაგვეთანხმებით, ნამდვილად ეფექტური ფინალია – სახალისო და დასამახსოვრებელი.

ცნობისთვის: ავტობუსი ჩამოწერილი იყო, კამეჩები კი წყნეთიდან ჩამოიყვანეს.

საახალწლო განწყობა

ფილმის რაღაც ნაწილი მართლაც წინასაახალწლო დღეებშია გადაღებული. „ბაკურიანში საახალწლოდ ვიყავით, პავილიონში კი ახალი წლის შემდეგ გადავიღეთ. იცით, ჩვენ მაინც ამინდზე ვიყავით დამოკიდებულები. ველოდებოდით, თოვლი როდის მოვიდოდა, რომ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ავსულიყავით. შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა და იმ წელიწადს კარგი თოვლი მოვიდა. ფილმი მხატვრულია, მაგრამ ყველაფერი დოკუმენტური მასალასავითაა“, – იხსენებდა ბატონი ირაკლი და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საახალწლო სურათი საქართველოში დღემდე არ გადაუღიათ, გული სწყდებოდა: უკეთესის გადაღება შეიძლებოდაო…

„იცით, ფილმს რომ გადაიღებ, მერე ჩანს, რა შეცდომებს უშვებს რეჟისორი, მხატვარი თუ ოპერატორი. ამ შეცდომებს მეორე ფილმზე ვასწორებთ, მერე – მესამეზე და ასე შემდეგ… ახლა „კუჩხი ბედინერს“ რომ ვუყურებ, ხომ კარგი ფილმია, მაგრამ მისი გადაღება უკეთესადაც შეიძლებოდა… კონკრეტულად, უფრო მეტი იუმორის შეტანა შეგვეძლო მასში. აი, მაგალითად, ოჯახის უფროსს ხუთი გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავს, არა? დებს შორის კია განსხვავება, მაგრამ მათ გარეგნობაში უფრო დამახასიათებელი დეტალების შეტანა შეიძლებოდა. გოვენ ჭეიშვილი ძალიან მომწონდა, ცოლსაც არა უშავს, მაგრამ მისი როლი მეტად რომ დაგვეტვირთა, უკეთესი იქნებოდა…“

* * *

ჩვენი აზრით, შეცვლას ალბათ ახალი ფილმის გადაღება სჯობდა, მით უმეტეს, რომ საახალწლო ფილმები ქართულ კინემატოგრაფში თითზე ჩამოსათვლელია, არადა, ნამდვილად გვჭირდება კარგი იუმორი, მაღალი დონის კომედია.

რაც შეეხება „კუჩხი ბედინერის“ (1978 წ.) ბიუჯეტს, მისი გადაღება 300 ათასი მანეთი დაჯდა.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close