რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ გოზინაყის მომზადებისას

ქართული საახალწლო სუფრის ტკბილეულის მეფე, რა თქმა უნდა, გოზინაყია. მისი მომზადება ნამდვილად არ არის ადვილი, თუმცა თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, მართლაც შესანიშნავი ნუგბარით დაამშვენებთ სუფრას.
ჯერ დაჭერით ნიგვზის ლებნები და მერე მოხალეთ, თუ ჯერ ლებნებს მოხალავთ, დაჭრისას დაგეფხვნებათ. დაჭრილი ნიგოზი დაბალ ტემპერატურაზე მოხალეთ – ჰაერღუმელში 90-100 გრადუსამდე – და არ დაგეწვებათ, თან დროდადრო ურიეთ. მოხალული დაჭრილი ნიგოზი კარგად აბერტყეთ, რომ მოცლილი კანები მოაშოროთ.
ჯობია, წაბლის თაფლი არ გამოიყენოთ, რომელსაც თავისებური არომატი აქვს და სიმწარეც დაჰკრავს, ღია ფერის თაფლი უკეთესია, თუმცა შეგიძლიათ ერთი-ორი სუფრის კოვზი წაბლის თაფლიც შეურიოთ არომატისთვის.
მოდუღებულ თაფლს ბოლოს, მოხალული ნიგვზის ჩაყრამდე, აუცილებლად დაუმატეთ ერთი-ორი სუფრის კოვზი შაქარი (თაფლის რაოდენობის მიხედვით) და ურიეთ, რომ გადნეს – გოზინაყი უფრო კნატუნა და არაწელვადი გამოვა.
თაფლი მოდუღებისას ძალიან დაბალ ცეცხლზე გედგათ და გამუდმებით ურიეთ, რომ არ დაგეწვათ და გოზინაყი შავი ფერის არ გამოვიდეს. მე პირადად 3-ჯერ ვადუღებ, პირველი და მეორე მოდუღების შემდეგ ვაციებ (ორივეჯერ), თან ხის კოვზით ვზელ. მესამე მოდუღების შემდეგ კი ვყრი შიგ ნიგოზს, 4-5 წუთის განმავლობაში ვტოვებ ცეცხლზე, თან ფრთხილად ვურევ, რომ ნიგოზი თაფლში კარგად აირიოს, მაგრამ არ დაქუცმაცდეს.
მომზადებული გოზინაყის ცხელი მასის გასაბრტყელებლად მხოლოდ ხის ფიცარი გამოიყენეთ – დაასველეთ ის წინასწარ და გოზინაყი არ მიეკრობა. ფიცარზე გადაიტანთ თუ არა, მაშინვე გააბრტყელეთ საბრტყელებლით, რომელსაც პერიოდულად წყლით დაასველებთ. შეგიძლიათ სველი ხელიც მიაშველოთ გვერდების გასაწორებლად.
სასურველი სისქის ფენად გაბრტყელებულ გოზინაყს ნუ გააცივებთ, 5 წუთის შემდეგ დაჭერით, სანამ თბილია. დაჭრისას დანა დროდადრო ცივ წყალში დაასველეთ.
კირა კარიაული
p. s. ერთ კილოგრამ დაჭრილ ნიგოზს სჭირდება 500 გ თაფლი (ლიტრიან ქილაში ჩადის 1,5 კგ თაფლი) და 2 არასავსე სუფრის კოვზი შაქარი.
კომენტარები