მსოფლიოსხვა

ეგვიპტის უდაბნოს უცნაური, ყვითელი მინის ქვების წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია

მსოფლიოს ზოგიერთ უდაბნოში ნაპოვნი უცნაურად ყვითელი, ეგზოტიკური მინის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია. ისინი დედამიწაზე დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ გაჩნდა.

მინის ეს ქვები მოიპოვება ლიბიის უდაბნოში – საჰარის უდაბნოს აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ ლიბიასა და დასავლეთ ეგვიპტეში. უიშვიათესი ყვითელი შეფერილობის გამო მას დეკორატიული მიზნებისთვის იყენებდნენ ჯერ კიდევ ფარაონ ტუტანხამონის დროს.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ ეს უცნაური მინა დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ წარმოიქმნა, მაგრამ უცნობი რჩებოდა, რა ძალებმა განაპირობა დედამიწაზე ამ ნივთიერების წარმოქმნა. ორი ძირითადი ჰიპოთეზა დომინირებდა.

ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის გეოლოგისა და პლანეტური მეცნიერის, აარონ კავოსის განცხადებით, მეცნიერები განიხილავდნენ, ეს მინა საჰაერო აფეთქებების შედეგად იყო წარმოქმნილი თუ მეტეორიტების დაცემის შედეგად.

როგორც კავოსი აცხადებს, წინა მოდელები მიუთითებდა, რომ ლიბიის უდაბნოს მინა უნდა წარმოქმნილიყო ისეთი საჰაერო აფეთქებების შედეგად, როგორიც 2013 წელს ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე მოხდა, ატმოსფეროში კოსმოსური ნამტვრევის შემოჭრის შედეგად.

ახალი კვლევა კი სულ სხვა რამეზე მიუთითებს. კავოსიმ შეისწავლა ლიბიის უდაბნოს მინებში ჩაჭედილი მინერალის, ცირკონის პატარა მარცვლები. ანალიზებმა გამოავლინა კიდევ ერთი მინერალის, რეიდიტის კვალი, რომელიც წარმოიქმნება მაღალი წნევის პირობებში, მაგრამ არა საჰაერო აფეთქებების, არამედ მეტეორიტების დაცემის შედეგად.

კავოსის თქმით, დნობის გამოწვევა საჰაერო აფეთქებებსაც შეუძლია და მეტეორიტების დაცემასაც, მაგრამ მხოლოდ მეტეორიტების დაცემა წარმოშობს იმ შოკურ ტალღებს, რომლებიც მაღალი წნევის მინერალებს წარმოქმნიან.

შესაბამისად, მინერალ რეიდიტის პოვნა ადასტურებს, რომ ეს მინა მეტეორიტების დაცემის შედეგად არის წარმოქმნილი.

კვლევის მიხედვით, რეიდიტის აღმოჩენა ამ მინის წარმოქმნის შესახებ მრავალ საინტერესო ცნობას გვაწვდის.

მაგალითად, გვთავაზობს გეოლოგიურ ჩანაწერებს, თუ რამდენად ხშირად ცვიოდა დედამიწაზე ეს მეტეორიტები. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ მოგვეპოვება საჰაერო აფეთქებათა შედეგად ბოლო 5 მილიონი წლის განმავლობაში წარმოქმნილი დეპოზტიები.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლიბიის უდაბნოს მინის წარმოქმნა მხოლოდ უიშვიათეს მოვლენას (მეტეორიტების დაცემა) შეუძლია, ისღა დაგვრჩენია, იმედი გვქონდეს, რომ უახლოეს მომავალში მისი ხელახლა წარმოქმნის მომსწრე არ გავხდებით.

მეტეორიტების დაცემა კატასტროფული მოვლენაა, მაგრამ საკმაოდ იშვიათი. რაც შეეხება საჰაერო აფეთქებებს, ისინი უფრო ხშირად ხდება, მაგრამ, ძირითადად, უსაფრთხოა.

კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია curtin.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close