ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

სალომე გოგოლაძე – დაბრუნებულებს, ნაომარი მეომრებივით დიდი ხანი დაგვჭირდება ემიგრანტობის ტკივილების მოსაშუშებლად

„ემიგრაცია ამოუწურავი თემაა, თავისი ტკივილიანი ცხოვრებით. არავინ იცის ისე კარგად, რას ნიშნავს იყო ემიგრანტი, როგორც მე და აქ მყოფმა ადამიანებმა. სწორედ ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება, სცენაზე გადმომეტანა ის ძირითადი სათქმელი, წარმომეჩინა ის პრობლემები, რომლებზეც არავინ საუბრობს“, – ამბობს ემიგრანტი მწერალი სალომე გოგოლაძე, რომელიც მალე რეჟისორის ამპლუაში წარდგება ემიგრანტი თანამემამულეების წინაშე.

სალომე გოგოლაძე იტალიაში 2013 წელს წავიდა და, მშობლიური ქვეყნიდან შორს მყოფიც, აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. მის ნაწარმოებებში დიდი ადგილი ეთმობა ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებას. იგი მუდამ სიახლეების ძიებაშია და იტალიის ქალაქ ბარიში მოყვარულ ემიგრანტთა თეატრალური დასის ჩამოყალიბებაც ამის ნათელი მაგალითია. თუ როდის გაიმართება სპექტაკლი და რა გეგმებს ისახავს ქალბატონი სალომე, ამაზე თავად მოგვიყვება. Nostal.ge წარმატებებს უსურვებს მას შემოქმედებით ასპარეზზე.

ქალბატონო სალომე, საზოგადოება გიცნობთ, როგორც მწერალს, თუმცა მალე, როგორც რეჟისორი, ისე წარდგებით მაყურებლის წინაშე. მოგვიყევით, რა ხდება, მწერალმა ქალმა რატომ გადაწყვიტეთ უცხოეთში თეატრალური დასის ჩამოყალიბება და რეჟისორობა? რა სპექტაკლს დგამთ?

რაც თავი მახსოვს, ვწერ. სულ პატარა ვიყავი, კალამი რომ ავიღე ხელში და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. ჩემი პირველი მკითხველები დედა და ბაბუა იყვნენ. ვწერდი ყველაფერზე, რასაც ვხედავდი და განვიცდიდი. სკოლაშიც შეამჩნია პედაგოგმა ჩემი განსაკუთრებული ნიჭი და მიმავლინა „ჟურნალისტიკის სკოლაში“, ბატონი ნოდარ ტაბიძის ჯგუფში. დავამთავრე ჟურნალისტიკის ორწლიანი კურსები, მაგრამ ბოლოს ფილოლოგიურზე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ჩემი სტუდენტობის დროს საშინელი ქაოსი და არეულობა დაიწყო ქვეყანაში: დაიხურა გამომცემლობები, ფაბრიკები, ქარხნები. ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. აღარავის ეცალა ნიჭიერი ახალგაზრდა თაობისთვის. მხოლოდ რამდენიმე წლის მერე, როცა ცოტა ამოისუნთქა ქვეყანამ რევოლუციებისაგან, შინაური თუ გარეული მტრებისაგან, ომის საშინელებისაგან, ნელ-ნელა გაცოცხლდა ხალხი და მეც გავბედე გამომცემლობა „მერანში“ მივსულიყავი და ჩემი ნაწარმოებები მიმეტანა. აქედან დაიწყო ჩემი სამწერლო გზა.

სამშობლოში ყოფნის დროს აქტიურად ვიყავი ჩაბმული ლიტერატურულ საქმიანობაში. ჩემი შემოქმედება იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში („მწერლის გაზეთი“, „ლიტერატურა და ხელოვნება“, „ქალთა გაზეთი“, „ნუგეში“, „ლიტერატურული საქართველო,“ და ა. შ.), 2010 წელს კი გამოვეცი პირველი წიგნი „თამაში მარგალიტებით“.

2013 წელს ემიგრაციაში წამოვედი და შევუდექი „გოლგოთის გზას“. იტალიაში ჩემი ყოფნის რვა წლის შემდეგ გამომცემლობა „ივერიონმა“, ბატონი ზაურ ნაჭყებიას ხელმძღვანელობით, ჩემი პოეზია და პროზა დაბეჭდა. ამ დროისთვის ჩემს ლექსებს უკვე კარგად იცნობდა მკითხველი. რაც შეეხება პროზას, ის სრულყოფილი სახით ახალ წიგნში („მგლის ცოლის ჩანაწერები“) გამოჩნდა. ამ ნაწარმოებში შესულია თექვსმეტი მოთხრობა, რომელთა უმეტესი ნაწილი ემიგრანტთა ცხოვრებას ეხება. სწორედ ამის შემდეგ დამებადა იდეა, საზოგადოებისთვის გამეცნო ის და უფრო მეტად ნათელი და ცოცხალი რომ ყოფილიყო წიგნში გადმოცემული ამბები, პიესა დავწერე. ამ იდეის განხორციელება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პიესა საქართველოში რამდენიმე თეატრალურ ჯგუფს გადავუგზავნე, მოეწონათ, მაგრამ მისი სცენაზე გადმოტანა ვერ მოხერხდა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს თავზე ამეღო ეს რთული მისია და აქ, იტალიაში, მოყვარული ემიგრანტი მსახიობების მონაწილეობით დამედგა ჩემივე მოთხრობების მიხედვით შექმნილი პიესა.

რამდენი მსახიობი გყავთ დასში, ყველანი ქართველები არიან? როგორ ართმევენ თავს მუშაობას? თეატრი ხომ დიდ დროს, ენერგიას მოითხოვს, სამსახურის პარალელურად გრჩებათ კი ამისთვის დრო?

რამდენიმე წლის წინ ქ. ბარიში მოღვაწე შემოქმედმა ემიგრანტებმა დავიწყეთ პირველი პოეზიის საღამოების გამართვა, ამ ყველაფერმა განაპირობა ჩამოყალიბებულიყო ემიგრანტთა ჯგუფი „იტალიის ცის ქვეშ“, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ქალბატონი მაია ლომიძე და ბევრი სასიკეთო საქმეც გაკეთდა. სწორედ ამ ჯგუფის ქვეშ 2019 წელს გაერთიანდა ჩვენი თეატრალური დასი, რომლის ხელმძღვანელი და რეჟისორიც მე გახლავართ.

სპექტაკლში დაკავებულნი არიან მოყვარული ქართველი მსახიობები, ის ადამიანები, რომელთაც უყვართ თეატრი და ხელოვნება. პიესის სახელწოდებაზე დიდხანს ვფიქრობდი და ბოლოს „ტერა ნოსტრა“ („ჩვენი მიწა“) დავარქვი. უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. რთულია, რადგან ჩვენი სამსახურებით ვართ დაკავებულები, მაგრამ ვახერხებთ და ვერ წარმოიდგენთ, როგორი ენთუზიაზმით ელოდებიან   მსახიობები პრემიერას, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო რამდენჯერმე გადაიდო. ახლა უკვე გადავწყვიტე, რომ პრემიერა იანვარში გავმართო. ჩემი აზრით, ეს სპექტაკლი ახალი კუთხიდან დაანახვებს საზოგადოებას ემიგრაციას.

ემიგრაცია ამოუწურავი თემაა, თავისი ტკივილიანი ცხოვრებით. არავინ იცის ისე კარგად, რას ნიშნავს იყო ემირგანტი, როგორც მე და აქ მყოფმა ადამიანებმა. სწორედ ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება, სცენაზე გადმომეტანა ის ძირითადი სათქმელი, სააშკარაოზე გამომეტანა ის პრობლემები, რომლებზეც არავინ საუბრობს. მე არ ვარ პროფესიონალი რეჟიროსი და არ ვიცი, რამდენად სრულყოფილი   გამოვიდა, როგორც რეჟისორული ნამუშევარი, ამიტომ ნუ იქნებით მეტად კრიტიკულნი ჩემ მიმართ.

საერთოდ, გიფიქრიათ ოდესმე, რომ უცხოეთში აღმოჩნდებოდით და რეჟისურაშიც მოსინჯავდით ძალებს?

თეატრი ბავშვობიდან მიყვარს. დედაჩემს ხშირად დავყავდი სპექტაკლებზე. მახსოვს, რუსთაველის თეატრში უკვდავი „რიჩარდ III“-ის პრემიერა და ის ემოცია, რომელიც დღემდე გამომყვა. წლების წინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მეც რაიმეს დავდგამდი სცენაზე. ალბათ იმ მძიმე და რთულმა გზამ, რაც გამოვიარე, მომცა სითამამე და გამბედაობა, რომ რეჟისურაშიც მომესინჯა თავი. რამდენად კარგად გამომივიდა, ამას მაყურებელი შეაფასებს. თან, ეს პიესა ხომ ჩემი წიგნის წარდგინებაც არის? მინდა, რომ წიგნის პრეზენტაცია და სპექტაკლის პრემიერაც ერთად შედგეს, როგორც შეჯამება ამ მძიმე წლებისა.

საქართველოში რა „დატოვეთ“ და რა შეიძინეთ უცხოეთში შემოქმედებითი თვალსაზრისით?

საქართველოში, როგორც უკვე აღვნიშნე, მეტად საინტერესო შემოქმედებითი გზა გავიარე. სანამ აქ წამოვიდოდი, გამოქვეყნებული მქონდა ჩემი ნაწარმოებები წიგნად. ერთ-ერთი მოთხრობა – „ანგელოზის დაბადება“ მეოცე საუკუნის პროზის ანთოლოგიაში შევიდა. დავტოვე დიდი გამოცდილება ამ სფეროში და საუკეთესო მეგობრები, მათთან გატარებული შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები. დრო მიდის და მაშორებს ჩემს სამშობლოს, ჩემს მეგობრებს, ამიტომ უფრო მეტად ვცდილობ, არ დავავიწყდე მკითხველს და აქტიურად ვარ ჩაბმული ლიტერატურულ კონკურსებში, ვთანამშრომლობ ჟურნალებთან. ეს ყველაფერი მაძლევს ძალას და შემართებას, რომ თავი პროდუქტიულ მწერლად ვიგრძნო. შეიძლება ითქვას, ემიგრაციამ გამზარდა, აქ დავიწყე საბავშვო ნაწარმოებების შექმნაც, სერიოზულად ჩავები პროზაში.

როგორც გითხარით, ბავშვობიდან ვწერ. ბაბუას ნიჭი გამომყვა. ეს ერთგვარი საჩუქარიც არის და ტვირთიც, რომელიც ისე უნდა ატარო, რომ თან ბედნიერი იყო და თან უბედური. ეს ორი განცდა განუყოფელია.

შემოქმედების ნიჭი გაახლოებს უფალთან, ყველაზე დიდ შემოქმედთან სამყაროში. ამაზე საინტერესო არაფერია, როცა ცარიელ ფურცელზე, სიტყვებით ქმნი მთელ სამყაროს.

ლექსებსაც წერთ და თქვენს ლექსებზე, მგონი, სიმღერებიც იქმნება უკვე…

სასიმღერო ლექსი ადვილი ლექსია. რთული ტექსტები არ იმღერება ან ვერ ამღერებენ. ჩემი მეუღლე, იკა სულამანიძე, რომელიც პროფესიით მომღერალია, ყოველთვის მთხოვს, ვწერო სასიმღერო ლექსები, მაგრამ მე უფრო რთული და მეტაფორებით დატვირთული ლექსები მეწერება… თუმცა ჩემმა მეგობარმა ემიგრანტმა მომღერლებმა შექმნეს რამდენიმე სიმღერა ჩემს ლექსებზე.

მეუღლე მომღერალიო, მითხარით, შვილები რას საქმიანობენ?

ვამაყობ ჩემი შვილებით. ლევანი არქიტექტორია, საკმაოდ წარმატებული ადამიანი. ნინი გერმანიაში სწავლობს და მუშაობს სამედიცინო განხრით. პატარა შვილიშვილიც მყავს, ნიკოლოზი, რომელიც ძალიან მენატრება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბევრი რამ დავაკელი ჩემი აქ ყოფნით. ძალიან მაწუხებს ეს ფაქტი და სამომავლო შიშიც მიპყრობს, შიში იმისა, რომ არ გავუცხოვდეთ საკუთარი ოჯახებსათვის, შვილებისათვის. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ჩვენ ომიდან დაბრუნებული მეომრებივით ვიქნებით დრო რომ გავა და დიდი ხანი დაგვჭირდება ამ ტკივილის, ჭრილობების მოსაშუშებლად.

ლევანი მეუღლესთან ერთად
პატარა ნიკოლოზი
ქალიშვილთან, ნინისთან ერთად

ჩემი მეუღლე ძალიან უყვარს საზოგადოებას. ჩვენი სულიერი კავშირი კი ისე ძლიერია, რომ ვერაფერი მოერევა. ჩვენი სიყვარული გამორჩეულია სხვა მოკვდავი ადამიანების სიყვარულისაგან. და მე ძალიან ამაყი ვარ ამ ამაღლებული შეგრძნებით.

ემიგრაციის წლებმა შეცვალა რაიმე თქვენში?

ვთვლი, რომ ჩემი აქ ყოფნა შემთხვევითი არ არის. საქართველოში ყოფნის დროს ვერასოდეს შევიგრძნობდი იმ ტკივილს, რასაც აქ განვიცდით. ეს აუტანელი განცდაა, რომელსაც სიტყვით ვერ აღწერ. თითქოს არ ხარ ამქვეყნად და მთელი ხმით გინდა გააგონო შორს მყოფ შენს ახლობლებს, რომ ცოცხალი ხარ. უბრალოდ, გინდა არ დაგივიწყონ, გელოდონ, უყვარდე და წამალივით ელოდები შვილებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან მოსაფერებელ სიტყვებს, რომ ძალა გეყოს აქ ყოფნის გაძლებისა.

ემიგრაციაში ყველანაირი კატეგორიის ადამიანს შეხვდები. ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე, ბევრი რამ ვისწავლე მათგან, ბევრისაგან გულიც მტკენია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეც ხდება. ჩემი ნაწარმოებების დიდი ნაწილი სწორედ ემიგრანტთა ისტორიებზეა შექმნილი, მათ მონათხრობზე და არც მე მაკლია ამ კუთხით გამოცდილება. ოთხი წელი ვიმუშავე ერთ იტალიურ ოჯახში, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. „გრაციელა“ – ასე ჰქვია მოთხრობას, სადაც აღწერილი მაქვს იქ გატარებული დრო. გრაციელა სწორედ იმ მოხუცი ქალბატონის სახელია, რომელმაც შვილივით შემიყვარა და დიდი მოგონებაც დამიტოვა.

მაინც რას თვლით უპირველეს პრობლემად, რისი გადალახვაც ემიგრანტებს გიწევთ? რა უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც უცხოეთში წასვლას გადაწყვეტს?

ემიგრაციაში წამოსვლა და დამკვიდრება დაახლოებით გაუვალ ტყეში სიარულს ჰგავს, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხეა ჩასაფრებული, დაწყებული პოლიციიდან, დამთავრებული შენი მიწა-წყლის ადამიანამდე. სამწუხაროდ, ასეა – პირველი მტერი ქართველისა ისევ ქართველია. აქ ქართველები უსისხლოდ და ზოგჯერ სისხლითაც ებრძვიან ერთმანეთს და მიდის ასე ფარული ომი, რაც არც თუ უცხოა ჩვენი ერისათვის. ქართველები დაყოფილნი არიან კლანებად, ჯგუფებად და ყველას თავისი გულშემატკივარი ჰყავს. ახალჩამოსულებს ჯერ დიდი დრო ადაპტაციისთვის სჭირდებათ. თავიდან გაოცებულნი უყურებენ ევროპას, რომელიც სულაც არაა ისეთი, როგორიც ფილმებში უნახავთ, მერე კი – ადამიანებს, ქართველებს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ შეგხვდება. ამ ინტერვიუს ბევრი წაიკითხავს და მიხვდება, რასაც ვწერ.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ერთი ქართველი ქალბატონის თხოვნით დავწერე ის ძირითადი საფეხურები, რისი გავლაც ახალჩამოსულ ემიგრანტებს უწევთ (ბროშურის სახით გამოიცა). ვისაც გადაწყვეტილი აქვს უცხოეთში წამოსვლა, მან, პირველ რიგში, კარგად უნდა გაიაზროს, სად მიდის. თუ უკიდურესად არ უჭირს, ან ამის აუცილებლობა არ არის, ოჯახი არ უნდა დატოვოს. მცდარია ის ინფორმაცია, რომ აქ კარგი ცხოვრებაა. კარგად შეიძლება მხოლოდ შენს ქვეყანაში იყო. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მოდიან ქალები, რომლებსაც ფეხი არ აქვთ გადადგმული საკუთარი სახლიდან. ქალბატონები, რომლებსაც უნდათ კარგი მომავალი შეუქმნან შვილებს, არაფერი მოაკლონ ქმრებს, დაეხმარონ მშობლებს. ეს ქალები, უბრალოდ, საკუთარი ოჯახების მსხვერპლნი არიან, ისინი არაფერს ელიან სანაცვლოდ მათგან. ეს არის ქართველი ქალის ბუნება და ხასიათი, შეეწიროს საკუთარ ოჯახს, რასაც ვერაფრით იგებს უცხოელი.

ქართველ ემიგრანტებთან ერთად

აქ პირიქით არის, ქალი ისეთ მაღალ საფეხურზე დგას, რომ უბატონოდ ხმას ვერ გასცემს კაცი. იტალია მატრიარქალური სახელმწიფოა. განქორწინების რაოდენობით პირველ ადგილზე დგას, მაგრამ სულაც არ გრძნობს ქალი დაჩაგრულად თავს, მამაკაცი ვალდებულია, კარგი ცხოვრების ყველა პირობა შეუქმნას. თემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ განხილვის საგანია, აქ მაღალ დონეზე დგას. ქართველი ქალი მხოლოდ სუფრაზე სადღეგრძელოდ შემორჩათ მამაკაცებს.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება რამ მოახდინა თქვენზე უცხოეთში? რა საერთო აქვს იტალიას საქართველოსთან?

იტალია ძველი კულტურის მქონე დიდი სახელმწიფოა. აქ რომ მოვდიოდი, შეყვარებული ვიყავი იტალიაზე და რაღაცნაირად არ მეუცხოებოდა. გარეგნულად ძალიან ბევრ მსგავსებას დაინახავთ იტალიელებთან, თუმცა მათი ბუნება და ხასიათი სრულიად განსხვავდება ქართული სტუმართმოყვარე, გულგახსნილი, ალალი ხასიათისაგან. მე ნამდვილ ქართულზე მაქვს საუბარი.

იტალიელები მეტად საინტერესო ხალხია. მომწონს მათი თადარიგიანობა, მომჭირნეობა. მომწონს, საკუთარის დაფასება რომ იციან. ოჯახურ ტრადიციებს ყველაზე მაღლა აყენებენ. იტალია ხანდაზმულთა სახელმწიფოა, აქ სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წელს აღწევს და მოხუცებს ცხოვრების საუკეთესო პირობები აქვთ. მიუხედავად ამისა, უამრავი ავადმყოფი ჰყავთ – იტალია იტანჯება ალცჰაიმერის დაავადებით. ჩვენთან სიბერეში ადამიანი თუ ბრძენდება, აქ პირიქით არის. ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა, მათი განათლების დონეა. ევროპა რომ მეგონა სამაგალითო, მოწესრიგებული, დაგვილ-დასუფთავებული, არაფერი მაგდაგვარი აქ არ არსებობს.

საქართველოს შესახებ თითქმის არაფერი იციან იტალიელებმა. გეოგრაფიულად სად მდებარეობს, ისიც ბევრს ეშლება. ჩვენს კულტურაზე აღარაფერს ვამბობ. ჩემს მოთხრობაში „ჩვენი მიწა ანუ ტერა ნოსტრა“ სწორედ ამ თემაზე მაქვს საუბარი.

თქვენი სამომავლო გეგმები რამდენად უკავშირდება მშობლიურ ქვეყანას?

ძალიან იშვიათია ქართველი ემიგრანტი, რომელსაც თავისი მომავალი საქართველოს გარეშე წარმოუდგენია. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ან ვფიქრობთ, სამშობლოს და ოჯახებს უკავშირდება. ჩემი ოცნებაა ბოლოს და ბოლოს მეღირსოს საკუთარი, მშვიდი სახლი, სადაც არავინ იქნება ჩემი მბრძანებელი, არ მექნება გათვლილი დრო, როდის ავდგე ან დავწვე; სადაც ლუკმას არავინ დამითვლის და მე ვიქნები ჩემი თავის პატრონი. სამომავლოდ მინდა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე – ვწერო, ვწერო დაუსრულებლად ადამიანებზე, ქვეყანაზე, სიყვარულზე, და იმაზე, რაც ვნახე და განვიცადე. მადლობა უფალს, აქ, ემიგრაციაში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. მყავს ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც გვერდში მიდგანან და ისინი მაძლევენ ძალას, ვაკეთო ჩემი საქმე.

ემიგრანტი უცხო ქვეყანაში საკუთარი სამშობლოს სახეა. და რა სამწუხარო შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ ისე პატარაა შენი ქვეყანა, დიდ ევროპაში არ იცნობენ. უკვირთ ჩვენი სიამაყე, უკვირთ ჩვენი გამოცდილება… თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპა ქართველი ქალების კისერზე დგას. ქართველი ქალები ცნობილნი არიან, როგორც კარგი მომვლელები და კარგი დიასახლისები. ერთ-ერთმა იტალიელმა აღნიშნა კიდეც: „ევროპა თქვენ უნდა გიმადლოდეთ!“…მაგრამ სამწუხარო ფაქტებიც არსებობს, ზოგიერთი ქართველი მამაკაცის სახით, რომლებიც მთელი მონდომებით ულახავენ სახელს ქვეყანას, ქურდობა-ყაჩაღობით, თაღლითობით…

ბევრი ქართველი უკვე იმდენი ხანია უცხოეთში იმყოფება, რომ მათი შვილებიც იქ დაიბადნენ და იქაურ გარემოში იზრდებიან. ბავშვებმა ქართული არ იციან, ბევრი არ ყოფილა საქართველოში… ალბათ თქვენ ირგვლივაც ბევრნი არიან ასეთები…

ეს საკითხი ერთ -ერთი მნიშვნელოვანია ქართველი ერისათვის. რა თქმა უნდა, ემიგრაციას თან სდევს ხალხის გადინება, ახალი თაობა უცხო მიწაზე იბადება და იზრდება. ისინი ქართული კულტურის მაგივრად უცხო ქვეყნის კულტურას ეზიარებიან, სხვა ტრადიციებზე იზრდებიან, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს მათი აზროვნებისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. მე მაქვს ერთი საბავშვო ლექსი ამ თემაზე, რომლესაც ხშირად კითხულობენ ახალგაზრდები და, სამწუხაროდ, ავტორიც კი არ იციან. ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის, უბრალოდ, ამ ლექსში სწორედ ის გულისტკვილი გამოვხატე, რაც ახლავს უცხო მიწაზე დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებს.

ქართველობა მარტო ეროვნულობა არაა, პასპორტში რომ გეწეროს. ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ, ყველა იმ საჭირო ნიშნითა თუ თვისებით, რომლებიც სხვა ერებისაგან გამოგვარჩევს, ამიტომ ძალიან უნდა ვუფრთხილდებოდეთ თითეულ ადამიანს. თუ უცხო ქვეყანაში მოუწიათ ცხოვრება, მშობლებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ, რომ არ მოხდეს აღრევა სხვა კულტურის ცნობიერებაში. ქართული სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ამაზე. ბავშვებმა წესიერად საუბარიც კი არ იციან ქართულად. მათთვის ქართული უცხო ენაა და არა მშობლიური, რაც გულდასაწყვეტი ფაქტია. დროთა და განმავლობაში ესეც დაავიწყდებათ, თუ მას სწორი განვითარება არ ექნება, ამიტომ დიდი ადგილი უნდა დაეთმოს ქართული კულტურული კერების დაარსებას საზღვარგარეთ, ქართული ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლას, ქართველი ავტორების წიგნების გაცნობას.

მიამბე საქართველოზე

დედა, მიამბე ზღაპარი, იმ ჩვენს ტკბილ საქართველოზე,

დევების ნამოსახლარზე, მწვანე ზურმუხტის მდელოზე,

დედა, ვინა ვართ? რა ერი? რა სისხლი გვიდუღს ძარღვებში?

და შენი ტკბილი ნამღერი ცრემლებს რად მადენს თვალებში?

რად ხარ სულ მუდამ მწუხარი? რა გტკივა? ან რა გაწუხებს?

ამ ჩვენს სამშობლოს ბედდამწვარს ვინ უჭედავდა მარწუხებს?

„სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“ ვინ დაგვიწერა ანდერძად?..

ხმა რომ ისმოდა მაღლიდან, იქნებ და ღმერთის ხმად გვესმა?!..

აქ პურს ვჭამთ, შხამად გვერგება, ცრემლების ლუკმას ვაყოლებთ,

და ჩვენი მიწა – ედემი, რად დავუტოვეთ დამპყრობელთ?

დედა, ქართულად მიამბე, რაც იცი, რაც გაგიგია,

ვაზის ფესვები ვინ ჩაწნა იმ ჩვენს სანუკვარ   წიგნშია.

დედა, მთაწმინდა სადაა?.. მთვარე რომ სევდით დაჰყურებს,

და რად ეტრფობდა სულმნათი ბარათაშვილი „საყურეს“.

დედა, რამდენი რამ მინდა ვიცოდე ჩემი ქვეყნისა.

რადგანაც დასაბამიდან ქართველად ყოფნა მეღირსა.

ღმერთების ენა მასწავლე, ენა ბრძენთა და მისნობის.

დედა, სად ვნახავ ნაწნავებს წმინდა ნინოს და ღვთისმშობლის?

ამბობენ, იმ ჩვენს მიწაზე, ყველაფერს უფლის მადლი აქვს,

წავიდეთ საქართველოში, იქ ხომ არ გნახავ დარდიანს!..

როგორი გსურთ, რომ იხილოთ საქართველო?

როცა საქართველოს ახსენებენ, გულში დიდ ტკივილს ვგრძნობ. აქ ემიგრანტებისათვის სამშობლო დედასთან, საკუთარ ოჯახთან, ბავშვობასთან ასოცირდება. ჩემს პიესაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი სამშობლოს თემას.

როგორი მინდა იყოს ჩემი სამშობლო? მინდა, პირველ რიგში, ქართველებს უყვარდეთ ერთმანეთი, დაფასებული იყოს ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი და ის საქმე, რასაც აკეთებს; მინდა, იმდენი შემოსავალი ქონდეს ქართველს, რომ არ ფიქრობდეს სხვა ქვეყანაში წასვლაზე; მინდა, ახალგზარდა თაობა იზრდებოდეს ქვეყნის კულტურულ ღირებულებებზე, იცოდეს საკუთარი ენა და დამწერლობა, კულტურა, რომელიც უფლის საჩუქარია და არავინ იცის, კიდევ რა დევს ჩვენს გენში, ჩვენს უძლეველ ანბანში; მინდა, ყოველი ადამიანი ზრუნავდეს საკუთარ ქვეყანაზე; მინდა, კაცი ოჯახის ბურჯი იყოს, ქალი კი – ოჯახის განმკარგავი. ორივე ერთად უნდა მართავდეს ამ წმინდა სახელმწიფოს, რასაც საფუძვლად სიყვარული უნდა ჰქონდეს. ძალიან მინდა, ჩემს სამშობლოში ჯერ ქართველი ფასდებოდეს და მერე უცხოელი. სტუმართმოყვარე ერი ვართ, მაგრამ სტუმარი, რომელიც ცდილობს, სახლში ჩამისახლდეს და სარეველა ბალახივით მოედოს ჩემს მიწა-წყალს, არ მინდა; სტუმარი, რომელიც ჩემს მიწაზე მოდის, პირში გიცინის და მზაკვრული გეგმები აქვს, მტერზე უარესია.

თუ საქართველოში ემიგრანტები არ დაბრუნდებიან, ქვეყანა ვერ გაბრწყინდება და თუ ჩვენ ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ წამოსვლა, ესე იგი, აღარ სჭირდება ჩვენს ქვეყანას დახმარება, მისია შესრულებულია და როგორც ომიდან ბრუნდებიან გამარჯვებული მეომრები, ისე დავბრუნდებით საკუთარ მიწაზე. ეს ყველაზე დიდი ზეიმი იქნება ალბათ ქართველებისათვის. ეს მართლა ქვეყნის გაბრწყინების ტოლფასი იქნება. სახლში დაბრუნებული დედები, ცოლები. ქმრები…. წარმოდგენაც კი სასიამოვნოა, არათუ რეალობა.

თქვენი „მეს“ სრულად გამოხატვას ახერხებთ უცხოეთში?

ემიგრაციაში ყოფნა ჩემთვის ტანჯვაა. მე არ შემიძლია სრულყოფლად მივუძღვნა თავი და დავუთმო მეტი დრო ლიტერატურასა და პოეზიას, მაგრამ რაღაც კუთხით მეხმარება აქ განცდილი. ყველაფერი ილექება ჩემს გონებაში და მერე სადღაც, რომელიმე ნაწარმოებში იჩენს თავს. ალბათ, ეს რთული გზა უნდა გემევლო, რომ მომეთხრო ჩემი სამშობლოსათვის, რას განიცდიან ემიგრანტები – დედები, დები და ცოლები… მჯერა, რომ ეს გრძელი და რთული გზა დასრულდება ოდესმე და ჩვენ, ემიგრანტებს სათანადოდ დაგვაფასებენ. ემიგრანტების მხრებზე დგას დღევანდელი საქართველო, ეს ხომ ყველამ კარგად იცის.

ემიგრაციაში ყოფნის დრო ორი წიგნი გამოვეცი („თავისუფლება სამოთხის ჩიტებს“ და „მგლის ცოლის ჩანაწრეები“), რაც უფრო სრულყოფილი და თამამი ნაბიჯია, როგორც მწერლისათვის. სათქმელი სამომავლოდ ძალიან ბევრი მაქვს. მინდა, საბავშვო ნაწარმოებები დავბეჭდო ორ ენაზე, ქართულად და იტალიურად, ეს აუცილებელია ემიგრანტი ბავშვებისათვის. რა თქმა უნდა, გვექნება დიდი პრემიერაც, რომელსაც ემიგრანტი მაყურებელი ელოდება.

დაბოლოს

მინდა, ჩემს სამშობლოს მოვეფერო და ვუთხრა: მე შენი შვილი ვარ, ცოცხალიც და მკვდარიც, შენ გეკუთვნის ჩემი მოკრძალებული შემოქმედებაც; შენი შვილი, რომელიც მხოლოდ ქართულ ფესვებზე ხარობს და ელოდება დროს, როდის დამაბრუნებს უფალი სამშობლოში, რათა ის მისია აღვასრულო, რისთვისაც დავიბადე ამქვეყნად.

„ხანდახან მიმწუხრისას ანდა მტრედისფერი ალიონის შემობრძანებისას თითქოს ხმაც კი გამიგონია ამონაკვნესის მაგვარი, განწირული დედის ხმა ნუ წახვალთ, შვილებო, ნუ მიმატოვებთო დავრდომილს, სნეულსა და მარტოსულ მშობელსო. თუ გამახარებს, თქვენი აელვარება გამახარებს, თქვენი ნიჭის აყვავილება გამახარებს. მოდით, იარეთ, დამტკეპნეთ, გამსრისეთ, პაწია, ფუნჩულა, ფეხადგმულაჭყლოპინებული ქართველთა სიმრავლით გადამთელეთ, მხოლოდ, ნუ წამომაჩოქებთ, ქედუხრელს ქედს ნუ მომახრევინებთ და ნუ მათქმევინებთ არამი იყოსო ძუძუ ქართვლისა!

 ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close