ეკონომიკამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

2023 წლისთვის საქართველო წელიწადში 1.1 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს

დღეს, 30 ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) გახსნა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.

პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს საქართველო განხორციელებული ტრანზიტისთვის წილის სახით იღებს, რაც წელიწადში 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს, ექვსი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ.

მომავალში, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება, შესაბამისად, საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს.

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა TANAP-ის განხორციელება“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა TANAP-ის გაზსადენის პროექტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე.

„დღეს ისტორიული დღეა. ოთხი წლის წინ ჩვენ ერთობლივად დავიწყეთ ტრანსანატოლიური მილსადენის გაყვანა. დღეს კი ჩვენ ევროკავშირის საზღვრებს მივაღწიეთ. მინდა, ეს ფაქტი ყველას მოგილოცოთ. ვფიქრობ, ეს მილსადენი ქვეყნებს და მთლიან რეგიონს კეთილდღეობას მოუტანს. მაგრამ ამ მილსადენებზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო. მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომლის გაყვანა გაცილებით ადრე დაიწყო.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა TANAP-ის განხორციელება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას და კონტინენტს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს პროექტები ვერ იქნებოდა წარმატებული აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობის გარეშე“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close