ხარაგაულში 100 მლნ წლის წინანდელი გიგანტური მოლუსკები აღმოაჩინეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში, გზის მშენებლობისას, მსხვილმარცვლოვან გლაუკონიტიან ქვიშაქვებში ქვედა ცარცული პერიოდის (დაახლოებით 100-113 მილიონი წლის წინანდელი) ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები – ამონიტები აღმოაჩინეს.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მოწვევით, ნამარხების დასათვალიერებლად სოფელ ლაშეში ჩავიდნენ პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი თენგიზ მეშველიანი, გეოლოგია-პალეონტოლოგიის ფონდის მთავარი კურატორი რუსუდან ჩაგელიშვილი და ფონდის მეცნიერთანამშრომელი, გეოლოგი და პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი.
არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოჩენილი მოლუსკები ადგილზე დაათვალიერა. ქანების აღების შემდეგ კი დადგინდა, რომ ნამარხები ქვედა ცარცულ პერიოდს ეკუთვნის. ცარცული პერიოდი 135-137 მილიონი წლის წინ დაიწყო და დაახლოებით 70 მლნ წელიწადს გრძელდებოდა.
ადრინდელი ცარცული ეპოქის ხმელეთის ფლორაში გვიმრანაირები და შიშველთესლიანები ჭარბობდა, გაჩნდა პირველი ფარულთესლიანები, რომლებიც ეპოქის ბოლოს გაბატონდნენ. ხერხემლიანთა ფაუნაში ყველაზე მეტად იყვნენ გავრცელებულნი ქვეწარმავლები (დინოზავრები და მფრინავი ხვლიკები); გაჩნდნენ პირველი პლაცენტიანი ძუძუმწოვრები. ზღვის უხერხემლოთა ფაუნაში ჭარბობდნენ მოლუსკები, განსაკუთრებით ამონიტები და ბელემნიტები. ცარცული პერიოდის ბოლოს ამოწყდა ამ პერიოდისა და, საერთოდ, მეზოზოური ერისათვის დამახასიათებელი ცხოველების რამდენიმე ჯგუფი – ამონიტები, ბელემნიტები, რუდისტები, დინოზავრები, მფრინავი ხვლიკები და სხვა ცხოველები.
გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსგრესიის (ხმელეთზე ზღვის თანდათანობითი შეჭრა) შედეგად ზღვამ მოიცვა აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალის ბაქნების ვრცელი ფართობები. ამ პერიოდში დედამიწის მრავალ ადგილას აღინიშნა მძლავრი ვულკანიზმი.
სწორედ ამ პერიოდისაა სოფელ ლაშეში აღმოჩენილი ამონიტები. მეცნიერთა განცხადებით, აღმოჩენის ადგილი კერძო საკუთრებაა და, სავარაუდოდ, ნგრევას ვეღარ გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ ცარცული სისტემის ნალექები ყველა კონტინენტზეა გავრცელებული.
ხარაგაულის მერიის ცნობით, აღმოჩენილი ამონიტები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.
ასეთები უნდა ყოფილიყვნენ ცოცხალი ამონიტები:
1tv.ge
კომენტარები