საბერძნეთი: ცხელი ხაზი 1142 დღეიდან ამოქმედდა
დღეს საბერძნეთში ამოქმედდა ცხელი ხაზის ტელეფონი – 1142. მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ამ ნომერზე და მოწევასთან ბრძოლის შესახებ კანონის დარღვევის შესახებ აცნობონ შესაბამის სამსახურს.
ამავე ხაზზე დარეკეთ, თუ გაინტერესებთ ინფორმაცია, რას ითვალისწინებს მოწევის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი – რა შეზღუდვებია, აგრეთვე, აცნობოთ კანონის დარღვევის შემთხვევაზე, რომლის შემსწრეც გახდით. ამასთან, მოქალაქემ უნდა მიუთითოს თავისი პირადი მონაცემები – სახელი, პირადი ტელეფონის ნომერი და თუ შესაძლებელია, ელექტრონული ფოსტის მისამართი (e-mail). განხორციელებული ზარების ანგარიშები ჯგუფდება და კატეგორიების მიხედვით უშუალოდ პასუხისმგებელ უწყებებს გადაეგზავნება, როგორიცაა: საბერძნეთის პოლიცია, მუნიციპალური პოლიცია, ჯანდაცვის რეგიონული სამმართველო ან სანაპირო დაცვა. ამის შემდეგ ტარდება რეგულარული და მიზნობრივი შემოწმებები მიღებული მონაცემების საფუძველზე.
ამავე ცხელ ხაზზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს დახმარებისთვის, თუ მოწევისთვის თავის დანებებას გადაწყვეტს. მის მონაცემებს ჩაიწერენ, 48 საათის განმავლობაში დაუკავშირდებიან, მისცემენ ინფორმაციას და გაგზავნიან კლინიკაში, რომელიც თამბაქოზე დამოკიდებულებისგან განკურნებაზეა სპეციალიზებული.
მოწევასთან ბრძოლის შესახებ კანონი კრძალავს მოწევას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში, აგრეთვე, ავტომობილში (მათ შორის, კერძოშიც), თუ მასში არასრულწლოვანი იმყოფება. კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100-იდან 10 ათას ევრომდე. ბერძნებისთვის, რომელიც მსოფლიოში „ყველაზე მწეველ“ ერად მიიჩნევა, ეს კანონი დიდად მისაღები არ არის, თუმცა ხელისუფლება მკაცრად აპირებს მის დაცვას, რათა მწეველთა რიცხვი შეამციროს.
კანონი მოწევასთან ბრძოლის შესახებ 15 ნოემბერს გამოქვეყნდა. კონკრეტულად სად იკრძალება მოწევა და რა სახის ჯარიმები გემუქრებათ დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ უშუალოდ კანონის ტექსტში გაეცნოთ ამ ლინკზე: document.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები