ათენი არეულობის მოლოდინში 17 ნოემბერს – მობილიზებულია 5 ათასი პოლიციელი
ცნობილია, რომ 17 ნოებერს, ყოველწლიურად, ათენის ცენტრი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების არენად იქცევა ხოლმე. ამჯერად, როგორც ჩანს, საქმე უფრო სერიოზულადაა – ხელისუფლება ტერორისტული აქტს არ გამორიცხავს.
ცნობილი ხდება, რომ ათენის ცენტრში მობილიზებული იქნება 5 ათასი პოლიციელი. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ანტიტერორისტული ცენტრიც, რაც უჩვეულო გადაწყვეტილებაა. როგორც ბერძნული პრესა აღნიშნავს, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია მოსალოდნელ ტერორისტულ აქტზე. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა შეიძლება განხორციელდეს პოლიციელებზე ან პოლიციის შენობებზე.
მთელი დღის განმავლობაში ათენის ცენტრის თავზე ვიდეოკამერით აღჭურვილი სპეციალური საფრენი აპარატები – დრონები იფრენენ. მათი დაკვირვების ობიექტი მრავალსართულიანი ბინების სახურავები იქნება. გასული დღეების განმავლობაში პოლიციამ რამდენიმე ბინის სხვენზე მარმარილოს ნატეხები აღმოაჩინა. როგორც ჩანს, პოლიციაზე თავდასხმა სწორედ კორპუსების სახურავებიდან იგეგმება.
მთელი დღის განმავლობაში გართულდება გადაადგილება მოქალაქეებისათვის. ტრანსპორტი განსაკუთრებულ რეჟიმში იმოძრავებს. ზოგიერთი ავტობუსისა და ტროლეიბუსის მარშრუტი შეიცვლება. განსაკუთრებით შეიზღუდება გადაადგილება პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან, პატისიონის, სტადიუს, პანეპისტიმიუს ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს გამზირზე. დღის მეორე ნახევარში დაიკეტება ზოგიერთი მეტროს სადგური, მათ შორის „ევანგელიზმოსი“ და „სინდაღმა“.
შეგახსენებთ, რომ 1973 წლის 17 ნოემბერს საბერძნეთის ხელისუფლებამ დახვრიტა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო გამოსვლა. მაშინ ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა არსებობდა და ახალგაზრდები თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ. 17 ნოემბრის მოვლენები მსხვერპლით დასრულდა, თუმცა დღემდე არაა ცნობილი, ზუსტად რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რომელიც 2003 წელს გამოქვეყნდა, სულ 24 ადამიანი დაიღუპა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები