მიგრაციამსოფლიოსაქართველო

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვეს – საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის მედიის ცნობით, 50-იდან 20 რაკეტა ისრაელის ანტისარაკეტო სისტემამ გაანადგურა.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღეს დილიდან განგაშის მაუწყებელი სიგნალები რამდენჯერმე ჩაირთო ისრაელის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თელ-ავივში, აშოდსა და აშქელონში.

მანამდე, 12 ნოემბრის ღამეს ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე. ისრაელში განაცხადეს, რომ მათი სამიზნე რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა იყო, რომელიც შეტევის შედეგად ლიკვიდირებულია.

ისრაელის ხელისუფლება ბაჰა აბუ ალ-ატას სარაკეტო, ასევე დრონებისა და სნაიპერის იარაღით განხორციელებულ თავდასხმებში ადანაშაულებდა.

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში.

„მოქალაქეთა საყურადღებოდ! გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას:

მოქმედების ინსტრუქცია ისრაელში განგაშის სიგნალის/სირენის ამოქმედების შემთხვევაში:

  • სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე, კერძოდ:
  • შენობაში – უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები;
  • შენობის გარეთ ყოფნისას – შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არცერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
  • ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
  • სამი ან მეტსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ;
  • სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ;
  • დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
  • სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში, სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
  • დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას;
  • თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ვებგვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104“, – აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომზადებულია 1tv.ge-ის მიხედვით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close