კინო/ფილმებისაზოგადოებასაქართველო

კინოთეატრებთან პოლიციაა მობილიზებული, კინოლოგები კინოდარბაზებს ამოწმებენ

კინოთეატრებში, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, უსაფრთხოების მიზნით, კინოლოგები დარბაზებს ამოწმებენ.

სოციალურ ქსელში „კინოაფიშა“ ავრცელებს ვიდეოს წარწერით – „კინოთეატრები სრულ მზადყოფნაშია, რომ მაყურებლები მიიღონ. ოთხფეხა აგენტები სიმშვიდის გარანტიას გვაძლევენ“.

თბილისის კინოთეატრებთან და ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ პოლიციაა მობილიზებული. კინოთეატრებთან მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს გაიმართება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შინაგან საქმეთა სამინისტოში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close