მამა შალვა კეკელიას თქმით, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში 30-მდე საეკლესიო პირია განკვეთილი
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, სხვადასხვა ცოდვის გამო საპატრიარქომ არაერთი საეკლესიო პირი დასაჯა და მღვდელმსახურება შეუჩერა.
„არსებობდა ბევრი შემთხვევა, მაგალითად, ჩემთვის მოუწოდებიათ ინფორმაცია, რომ საეკლესიო პირი მოიხმარდა ნარკოტიკს. ასევე, იყო მრუშობისა და მამათმავლობის ცოდვის შემთხვევები, თუმცა მათზე საპატრიარქოს ჰქონდა მყისიერი რეაქცია. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში 30-მდე საეკლესიო პირს შეუჩერდა მღვდელმსახურება სხვადასხვა ცოდვის გამო“, – აცხადებს მამა შალვა კეკელია.
როგორც ცნობილია, 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის შემდეგ რამდენიმე საეკლესიო პირმა ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის არსებობაზე ისაუბრა და საპატრიარქოს მათ მფარველობაში დასდო ბრალი. ერთ-ერთი მიტროპოლიტი, რომელსაც მამათმავლობაში ადანაშაულებენ, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე შიოშვილია. საფრანგეთში მოღვაწე, „ემიგრაციული ეკლესიის“ მოძღვარმა გიორგი სხილაძემ 4 ნოემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ზოსიმე შიოშვილს სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც იგი წერს, 1988 წელს მეუფე ზოსიმე შიოშვილმა სექსუალურად შეავიწროვა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტი, რომლის ვინაობაც ღიად დაასახელა.
„ის ადამიანი, რომლის მიმართაც მეუფე ზოსიმე გარყვნილი ქმედების ჩადენას ცდილობდა, დღეს საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობს, ის საერო ადამიანია“, – განაცხადა მამა გიორგი სხილაძემ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი ცილისწამებას უწოდებს ბრალდებას, რომელიც მის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თვითონ იმ პიროვნებამ კი, რომლის მიმართაც 31 წლის წინ ჩადენილ სექსუალურ „თავდასხმაში“ მეუფე ზოსიმეს ადანაშაულებენ, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მან თქვა, რომ იმ ძალებს, რომლებსაც გარკვეული არაკეთილსინდისიერი მიზნები ამოძრავებთ, არ მისცემს საშუალებას, იგი იარაღად გამოიყენონ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები