საზოგადოებასწავლაქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

„უხარიათ, რომ ესმით მშობლიური ენა, მოფრინავენ გაკვეთილზე“ – როგორ სწავლობენ ემიგრანტი ბავშვები ქართულ ენას საბერძნეთში

მიმდინარე სასწავლო წელს ათენის 150-ე ბერძნულმა საჯარო სკოლამ გაუხსნა კარი ქართული ენის სწავლებას. ეს მეორე ბერძნული საჯარო სკოლაა საბერძნეთის დედაქალაქში, სადაც ქართველ ემიგრანტ ბავშვებს მშობლიური ენის სწავლის შესაძლებლობა აქვთ. პირველი იყო ათენის 50-ე საშუალო სკოლა, სადაც უკვე მესამე წელია ქართული ენის სწავლება მიმდინარეობს.

ქართველი ბავშვებისთვის კვირაში ორჯერ, ძირითადი გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, მშობლიური, ქართული კულტურის სამყაროში „მოგზაურობისთვის“ კარი იხსნება. გაკვეთილებს თავადაც ემიგრანტი მასწავლებლები ატარებენ – პედაგოგები: მადონა ჯავახიშვილი, ხათუნა ლობჯანიძე და ნინო ფრუიძე. ქალბატონი მადონა და ქალბატონი ხათუნა 50-ე სკოლაში უკვე მესამე წელია ასწავლიან ქართულს, ქალბატონი ნინო კი წელს ჩაერთო ამ პროგრამაში, 150-ე სკოლაში. აღსანიშნავია, რომ 150-ე სკოლაში სამივე ქართველი პედაგოგი ანაზღაურების გარეშე მუშაობს, თუმცა ამბობენ, რომ ეს მათთვის პრობლემა არ არის, პირიქით, ბედნიერები არიან, რომ საშუალება აქვთ, ქართველ ბავშვებს მშობლიური ენა, კულტურა, ლიტერატურა, ისტორია ასწავლონ და საქართველოს სიყვარულით აანთონ. ისინი „თავიანთ“ ბავშვებზე დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობენ…

სამივე პედაგოგი ამ სკოლებში მუშაობის დაწყებამდეც, წლების განმავლობაში ასწავლიდა და ახლაც ასწავლის ქართველ ემიგრანტ მოზარდებს დედაენას საკვირაო თუ ქართული ორგანიზაციების სკოლებში, ასე რომ, მათ უკვე თავიანთი მიდგომა და მეთოდიკაც შეიმუშავეს.

მადონა ჯავახიშვილი

მადონა ჯავახიშვილი: „2016 წელს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ ათენში და გაგვაცნეს პროგრამები, რომლებიც სპეციალურად ემიგრანტი ბავშვებისთვის შეიქმნა: ამოსავალი არის ის, რომ ბავშვებმა უნდა მოასწრონ ამ პერიოდში წერა-კითხვის, გრამატიკის, ლიტერატურის, გეოგრაფიის, ისტორიის სწავლა გარკვეულ დონეზე. ასე რომ, ეს პროგრამა გათვლილია სამ საფეხურზე. პირველი საფეხური – პირველი კლასია, სადაც ბავშვები ანბანის სწავლას იწყებენ; მეორე საფეხურზე არიან მოსწავლეები, რომლებმაც უკვე იციან წერა-კითხვა; მესამე საფეხურზე – უფროსი ასაკის ბავშვები“.

თავად ქალბატონი მადონა ამჟამად ორივე სკოლაში მე-2 და მე-3 საფეხურებზე ასწავლის. 50-ე საჯარო სკოლაში 50 ქართველი ბავშვია სხვადასხვა ჯგუფში განაწილებული. მისი თქმით, ამ ბავშვებიდან ალბათ ოთხი-ხუთი ბავშვი ვერ საუბრობდა ქართულად, წერა-კითხვა კი მხოლოდ რამდენიმემ იცოდა. 150-ე სკოლაში კი ქართული ენის სწავლების პროგრამაზე 28 ქართველი ემიგრანტი ბავშვი ირიცხება.

ათენის 50-ე საშუალო სკოლის ქართველი მოსწავლეები მადონა ჯავახიშვილთან ერთად

ქალბატონი ნინო ფრუიძე 150-ე სკოლაში პირველ საფეხურზე ასწავლის. მანამდე 8 წლის განმავლობაში ასწავლიდა ემიგრანტ ბავშვებს მშობლიურ ენას და ლიტერატურას ჯერ ქართულ სკოლაში, რომელმაც 2 წელი იარსება, შემდეგ კერძოდ, აგრეთვე, საკვირაო სკოლაში: „მართლა თაობა გავზარდე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ორი წელიწადია საკვირაო სკოლაში ვასწავლი და ახლა კი ბერძნულ სკოლაში დავიწყე სწავლება – პირველი კლასი მყავს, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო კლასი, მათ ვასწავლი ანბანს“, – მეუბნება ქალბატონი ნინო.

მისი თქმით, თავად ბავშვებს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ, ძალიან გახსნილები არიან.

„ქართულ კოდს რომ გახსნი, მერე ისინი უკვე მოგყვებიან. ამ კითხვას ვსვამ პირველად, როდესაც ჯგუფში შევდივარ: „ბავშვებო, თქვენი სამშობლო საქართველოა თუ საბერძნეთი?“ – ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, მეუბნება, რომ მათი სამშობლო არის საბერძნეთი, იმიტომ, რომ ბერძნულ ბაღში დადიოდნენ, ბერძნულ სკოლაში სწავლობენ და ჰგონიათ, რომ საბერძნეთია მათი სამშობლო, მაგრამ როდესაც ვუხსნი, რომ ჩვენ ქართველები ვართ, სტუმრები ვართ აქ, უნდა დავბრუნდეთ ჩვენს სამშობლოში, მერე უკვე ძალიან კარგად მომყვებიან. ვუყვები ამბებს საქართველოს ისტორიიდან… პაწაწუნები არიან, არც ბერძნული იციან ჯერ კარგად, მაგრამ ქართული მაინც ქართულია და რომ ესმით მშობლიური ენა, მოფრინავენ გაკვეთილზე, დიდი სიხარულით მოდიან. მათთან ურთიერთობა ამ ჩვენს ნაცრისფერ ემიგრანტულ ყოფას აცისკროვნებს. საოცარ ბავშვებს ნახავთ აქ…“

ქალბატონი ხათუნა ლობჯანიძე, რომელიც 50-ე და 150-ე სკოლებში ასწავლის, პროფესიით პედაგოგია, იგი საქართველოშიც მუშაობდა თავისი პროფესიით, საბერძნეთში კი 5 წელია ქართულ ენას ასწავლის ქართულ-ბერძნული ორგანიზაციის, „არმაზის“ სკოლაში.

ხათუნა ლობჯანიძე „არმაზის“ მოსწავლეებთან ერთად

„ძირითადად, აქ დაბადებული ბავშვები არიან, რომლებსაც უჭირთ ქართულად მეტყველება, ზოგმა ლაპარაკი იცის, მაგრამ მეტი არაფერი; რამდენიმე ბავშვია, რომლებიც საქართველოში ისვენებენ ხოლმე ზაფხულში და კარგად საუბრობენ ქართულად, მაგრამ ბევრს არ აქვს საქართველოსთან შეხება… ბავშვებს ძალიან უხარიათ ქართულის გაკვეთილები, ძალიან ემოციურად ხვდებიან ჩვენს მისვლასაც და გაკვეთილებზეც ძალიან აქტიურები და მონდომებულები არიან. სურათებით, ვიდეოებით, მონათხრობით და ა. შ. ვცდილობთ, გავაცნოთ, ჩავუნერგოთ, გადავცეთ ჩვენი სიყვარული საქართველოს მიმართ…

ქართულის გაკვეთილი ათენის 150-ე საჯარო სკოლაში

რამდენიმე ბავშვმა, რომლებიც შერეული ოჯახებიდან არიან, საერთოდ არ იცოდა ქართული… ცოტა დამფრთხალები იყვნენ: როგორ უნდა გავიგოთ, როგორ უნდა ვისწავლოთო, მეკითხებოდნენ, მაგრამ კარგად მომყვებიან. ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ბავშვის დედამ მიამბო: საქართველოში ნათესავებს ტელეფონზე რომ ველაპარაკებოდი, სხვა დროს შორიდან მიყურებდა, საუბარში არ ერთვებოდა, როგორც კი 2 სიტყვა ისწავლა ქართულად, მაშინვე დაურეკა თავის ბიძაშვილებს და გახარებული ელაპარაკა, ქართულად რაც მოახერხაო“.

ქართულის გაკვეთილი ათენის 50-ე საჯარო სკოლაში

მადონა ჯავახიშვილი: „ბავშვს სამშობლოსთან უნდა აკავშირებდეს ენა. ენა შეუცვლელია კომუნიკაციისთვის. ბავშვი უნდა ეკონტაქტოს იქ თავის ნათესავებს, ბებიას, პაპას… აუცილებლად უნდა იცოდნენ წერა-კითხვა, სულ რომ არაფერი, განცხადება რომ დაწერონ თავიანთ ქვეყანაში ქართულ ენაზე… კლასიკოსები რომ წაიკითხონ, რომ იყვნენ ამაყები… ვცდილობ, ჩემს ბავშვებს ჩვენი მეფეების შესახებ კვირაში ერთხელ ვესაუბრო. წინა გაკვეთილზე ვახტანგ გორგასალზე მოვუყევი – თბილისზე გვქონდა საუბარი, დღეს ფარნავაზზე ვისაუბრეთ. მინდა, რომ ამაყები იყვნენ თავიანთი წინაპრებით, მინდა, რომ იცოდნენ „ვისი გორისანი არიან“, რა შექმნეს მათმა წინაპრებმა, რომ არ არიან რომელიღაც „საწყალი“ ქვეყნის შვილები… მარტო ეკონომიკური მდგომარეობა ხომ არ არის, ყველა ქვეყანას ჰქონია კრიზისული პერიოდი…

როდესაც ეს პროგრამა დაიწყო 50-ე საჯარო სკოლაში, იყვნენ ბავშვები, რომლებმაც ქართული კარგად არ იცოდნენ და აპროტესტებდნენ შინაგანად: „მე არა ვარ ქართველი, მე ბერძენი ვარ, აქ დავიბადე“. დროთა განმავლობაში, როდესაც გაიგეს ისტორიული ფაქტები, რომ მოვუყევი, რამხელა ცივილიზაცია გვქონდა, მერე უკვე იმდენად ამაყები იყვნენ ეს ბავშვები, იმდენი რამე აღმოაჩინეს, ისეთი ბედნიერები იყვნენ, ვერ წარმოიდგენთ. შეიკრა გუნდი: ეს ქართველი ბავშვები უკვე ზრუნავდნენ სკოლაში სხვა პატარა ქართველ ბავშვებზე. მსგავსი რამ ამ სკოლაში არ ყოფილაო, დირექტორმა მითხრა, ერთმანეთს არც უყურებდნენო. ასეთი გარდატეხა მოხდა.

ძვირფასი საჩუქარი მადონა მასწავლებელს – პატარა გოგონამ, ლილემ საყვარელი მასწავლებლის პორტრეტი დახატა

შარშან 50-ე სკოლაში შესანიშნავი ღონისძიება ჩავატარეთ ქართული ცეკვებით, სიმღერებით ფანდურზე, ლექსებით სამშობლოზე… ამას უყურებდნენ მათი ბერძენი თანატოლებიც, რომლებსაც არ ესმოდათ ქართული, მაგრამ ჩვენი ბავშვები ამაყობდნენ, რომ ეცვათ ჩოხა, რომ იყო ქართული ცეკვა… ძალიან ბედნიერები იყვნენ. ხომ იცით, როგორი შეგრძნებაა, როცა ამაყი ხარ შენი ქვეყნით“.

ნინო ფრუიძე: „რა თქმა უნდა, ბავშვებს სულ იმას ვასწავლი, რომ უდიდესი პატივი უნდა ვცეთ იმ ქვეყანას, სადაც ახლა ვიმყოფებით, ამ ქვეყნის ტრადიციას, კულტურას, მაგრამ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ ქართველები. თუ ამ სულისკვეთებით გაზრდი ქართველს, ამას არაჩვეულებრივი შედეგი მოაქვს. ზოგს შეიძლება ეს ლიტონი სიტყვები ჰგონია, მაგრამ მე პრაქტიკოსი ვარ, ემიგრანტ ბავშვებთან უკე რვა წელია ვმუშაობ, ჩემი მეთოდიკა შევიმუშავე. ვამბობ ხოლმე, ქართულად უნდა „მოწამვლა“ – როგორც მსახიობი ადის სცენაზე და ამბობენ, სცენის მტვრით მოიწამლა და სცენიდან აღარ ჩამოდისო – ამ „ბაცილას“ თუ ჩააგდებ ბავშვებში, რომ ისინი არიან ქართველები, მათი სამშობლო საქართველოა და გააცნობ საქართველოს კულტურას, ისტორიას, შედეგიც საუკეთესოა. საოცრად მღერიან, ცეკვავენ, ქართული სულის ბავშვები არიან, ქართულ იდენტობაზე დგანან. როდესაც ევროპულ განათლებას ერწყმის ქართული, ეს არის საუკეთესო.

შერეული ოჯახებიდანაც არიან ჩვენი აღსაზრდელები. საკვირაო სკოლაში მქონდა ერთხელ ასეთი შემთხვევა: მამამ (ბერძენმა) მოიყვანა შვილი. ეტყობა, დედა არ იყო ისეთი განათლებული, ან არ ჰქონიათ ოჯახში ამაზე საუბარი (ეს კაცი თვითონ საკმაოდ განათლებული პიროვნება ჩანდა), ქართული ანბანი დაინახა და – რა საოცარი და ლამაზიაო, მითხრა. როდესაც ვუპასუხე, რომ სამი საფეხური გვაქვს დამწერლობის და რომ  მსოფლიოში 5 ათასამდე ენაა და მხოლოდ 14-ს აქვს დამწერლობა, ევროპაში სულ ხუთი დამწერლობაა და ამ ხუთიდან ერთი ქართულია-მეთქი, ძალიან გაოცდა, ვერაფრით დაიჯერა. მივეცი ინგლისური ბროშურა, სადაც ძალიან კარგად იყო ჩამოყალიბებული ჩვენი სამშობლოს ისტორია. მეორე დღეს რომ მოვიდა, გაოცებას და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. რატომ? – ჩვენ აქ მოსამსახურეები ვართ, ყველაზე შავ სამუშაოს ვასრულებთ და ამ კუთხით გვიყურებენ და უმრავლესობამ არ იცის, რამხელა კულტურის ქვეყნიდან ვართ.

ნინო ფრუიძე მოსწავლეებთან ერთად: მარცხნივ – ანა შურღაია, მარჯვნივ – ქალბატონი ნინოს მიერ ორგანიზებული კონკურსის, „ეტალონის“ გამარჯვებული ანა-მარია ალბუთაშვილი

კიდევ ერთ მაგალითს გავიხსენებ: საკვირაო სკოლაში ბავშვებს ამირანის მითი ავუხსენი და ვუთხარი, რომ შესაძლოა ამირანის მითი უფრო ადრინდელი იყოს, ვიდრე პრომეთეს მითი და ამის ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ ორივე კავკასიის მთებზეა მიჯაჭვული, ამირანიც და პრომეთეც. წესით, პრომეთე ღმერთებს ოლიმპოზე უნდა მიეჯაჭვათ, რადგან აქ, საბერძნეთში ყველაფერი ოლიმპოს მთას უკავშირდება. ერთი უჭკვიანესი გოგონა მყავს, ანა-მარია, რომელიც ახლა მეშვიდე კლასშია. ორი კვირის შემდეგ მასწავლებელს აუხსნია მისთვის ბერძნულის გაკვეთილზე პრომეთეს მითი. ამდგარა ანა-მარია და უთქვამს, ჩვენ გვაქვს ამირანის მითიო და მოუყოლია, რაც მე ავუხსენი. დირექტორმა მითხრა, ეს რომ მოვისმინე, გავოცდი, მე არ მქონდა ინფორმაცია ამის შესახებ და აღარ ვიცოდი, ბავშვისთვის რა მეპასუხაო. მხოლოდ ეს მოვიფიქრე და ვუთხარი, არ მაქვს გაგონილი ამის შესახებ, ინფორმაციას მოვიპოვებ და მერე გაგცემ პასუხსო“.

სამახსოვრო ფოტო ქართველი მოსწავლის, ნინო კამლაძის ნახატის ფონზე: საქართველოს რუკა ქართული ასოებით. მარჯვნივ – სალომე ბარამიძე, თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენელი, თურქეთში რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნა თურქულად

პედაგოგების თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვებისთვის საქართველოსთან კავშირს და ისინი ყოველთვის ურჩევენ მშობლებს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ზაფხულობით, არდადეგებზე საქართველოში წაიყვანონ ბავშვები ან ნათესავებთან გაგზავნონ, რადგან ისინი, საქართველოდან დაბრუნებულები, გარდა იმისა, რომ ენის უნარებს იუმჯობესებენ, სულ სხვანაირად ანთებულები არიან.

 ნინო ფრუიძე: „ვიზალიბერალიზაციამ დადებითის გარდა უარყოფითიც შედეგებიც მოიტანა – ფაქტობრივად, საქართველო დაიცალა – მაგრამ ჩვენი გადასახედიდან ვიზალიბერალიზაცია ძალიან კარგია, რადგან ამ ზაფხულს თითქმის ყველა ჩემი მოსწავლე (30-მდე მოსწავლე მყავს) იყო საქართველოში.

რა თქმა უნდა, საქართველო არის ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც შეიძლება ქართველმა ბავშვმა „შეიწოვოს“, როგორც ღრუბელმა… რომ ჩამოდიან ბავშვები, საქართველოზე ვსაუბრობთ. ვეკითხები: „ბავშვებო, თქვენი თვალით დანახული საქართველო, სამშობლო როგორია? ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ, რა მოგეწონათ?“ ერთმა ბავშვმა მითხრა, აქ დედიკო არსად მიშვებს, იქ ბებია მაღაზიაში მარტო მიშვებდაო. „სწორედ ეს არის, შვილო, სამშობლო, იქ ყველა ჩვენიანია და არ ეშინიათ, რომ მარტო გაგიშვან“… აქ ორ ფეხის ნაბიჯზე ვერ გაუშვებ, გეშინია… ერთმა ბიჭმაც ეს მითხრა: მასწავლებელო, რომ წავიდოდით, ვთამაშობდით, ღამის 12 საათზე შემოვდიოდით სახლშიო. დედაჩემს მთელი სოფელი იცნობდა და ყველა ამბობდა, ეს ციცინოს ბიჭიაო“.

ხათუნა ლობჯანიძე: „არის შემთხვევები, ბავშვები აპროტესტებენ: „მე არ მინდა ბერძნული, მინდა, რომ საქართველოში წავიდე და იქ ვისწავლო“. ერთი მეორეკლასელი ბავშვი გვყავს, პროტესტს აცხადებს: არ მინდა ბერძნული, ქართული უნდა ვისწავლოო. საბერძნეთშია დაბადებული, მაგრამ დადის ხოლმე ზაფხულობით საქართველოში და ძალიან უყვარს…

ვისაც კი შეხება აქვს საქართველოსთან, ძალიან უნდათ საქართველოში, მაგრამ აქ დაბადებულები უფრო სხვანაირები არიან, არ იციან, რა ხდება, არ აქვთ ის განცდა… და გარდა ამისა, საქართველოში რომ ჩადიან ბავშვები, უნდა მოახერხონ მშობლებმა თუ ნათესავებმა და აჩვენონ ღირსშესანიშნაობები, ესაუბრონ ისტორიაზე, კულტურაზე…

ათენის 50-ე საჯარო სკოლის ქართველი მოსწავლეები

ერთმა მეხუთეკლასელმა ბავშვმა მითხრა, ვიყავი საქართველოში, თბილისში, მაგრამ არ მომეწონაო. ვკითხე, რა ნახე თბილისში-მეთქი. სახლში ვიყავი და არსად გავდიოდიო. მერე ვაჩვენე წიგნი, სადაც თბილისის ღირსშესანიშნაობების სურათებია, ისეთი გაოცებული უყურებდა – რომ წავალ მასწავლებელო, ეს ყველაფერი უნდა ვნახო, აუ, რა მაგარიაო!“

მადონა ჯავახიშვილი: „ბერძენი სიძე მყავს, ქალიშვილის ქმარი, ათენში დაბადებული და გაზრდილია, გიჟდება საქართველოზე. არაფერი შეხება არ აქვს საქართველოსთან ცოლის გარდა. თუ ამეწყო ცხოვრება, სიბერეს საქართველოში გავატარებო, ამბობს. უცხო ხალხს მოსწონს ჩვენი მხარე, ჩვენი სტუმარმასპინძლობა, მეგობრობა, ერთმანეთის გატანა… ეს სილამაზე, ეს ნატურალური ყველაფერი (ჯერჯერობით)… მით უმეტეს, ჩვენი ბავშვები, ისწავლიან ქართულს და იმედი მაქვს, რომ საბერძნეთში იქნებიან თუ საქართველოში დაბრუნდებიან, სამშობლოზე იზრუნებენ, საქართველო ისევე იქნება მათ გულებში, როგორც ჩვენს გულებშია“.

ნინო ლურსმანაშვილი

p. s. პედაგოგები დიდად მადლიერები არიან ორივე ბერძნული სკოლის ხელმძღვანელების, არაჩვეულებრივი პიროვნებების, რომლებიც მათ ყველანაირად უწყობენ ხელს. 50-ე სკოლაში მესამე წელია ეს თანამშრომლობა, მხარში დგომა გრძელდება, რაც ძალიან სასიამოვნო და დასაფასებელია.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის საქართველოს საელჩოს საბერძნეთში და პირადად ელჩს – ბატონ იოსებ ნანობაშვილს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის დანერგვასა და განხორციელებაში.

მასწავლებლების სამომავლო სურვილია, როგორც არსებობს სხვა დიასპორების წარმომადგენელთა საჯარო სკოლები საბერძნეთში, ერთ დღესაც შესაძლებელი გახდეს ქართული საჯარო სკოლის გახსნა, რადგან უკვე ძალიან ბევრი ბავშვია ელადაში, რომლებიც იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. ქართული საჯარო სკოლის არსებობა ხელს შეუწყობს არა მარტო ენის, კულტურის, ისტორიის ცოდნას და სამშობლოს სიყვარულის შენარჩუნებას ამ ბავშვებში, არამედ ქართული დიასპორის გაძლიერებას საბერძნეთში.

ათენის 50-ე საჯარო სკოლის ქართველი მოსწავლეები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close