მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

„ქართველები ხართ?“ – რა გადახდა ქართველ მწერალს საბერძნეთსა და თურქეთში

მწერალი მურად მთვარელიძე თავის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ მოგონებებში სტამბოლში, თესალონიკსა და ათენში მოგზაურობისას თავს გადახდენილ ძალიან ამაღელვებელ 3 ამბავს იხსენებს.

სამი ამბავი უცხოურად!

ის სამი ამბავი განსაკუთრებით ჩამრჩა გულსა და სულში და დღემდე მათი გახსენება სხვაგვარად მათბობს და მამშვიდებს. სამივე ამბავი საქართველოს და მის სიყვარულს უკავშირდება.

ამბავი პირველი:

2003 წელია. განათლების დარგის 6 მუშაკი შეგვარჩიეს თურქმა კოლეგებმა „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო ქსელიდან და თითქმის ერთი თვით დაგვასვენეს ცენტრალური თურქეთის ულამაზეს კურორტ „პამუ კალეში“.

პარალელურად არაერთი ქალაქი და ბიზანტიური კულტურის ბრწყინვალე ნიმუში დაგვათვალიერებინეს და ამ ვოიაჟის ბოლოს სამი დღე სტამბოლის ღირსშესანიშნაობებიც მოგვატარეს. წამოსვლის წინა დღეა. მასპინძლებმა სტამბოლის ბაზართან მიგვიყვანეს და სრული თავისუფლება მოგვცეს. რამდენ ხანსაც გინდათ, იმდენ ხანს დარჩით და როცა ბაზარსაც დაათვალიერებთ და საჭირო ნივთებსაც შეიძენთ, ამა და ამ ადგილზე დაგელოდებით, თუ ვერ მოგვისწრებთ, სასტუმროში თავად მობრძანდითო!

შევედით ბაზარში, რომელიც თავისთავად არის მუზეუმი. მოხდა ისე, რომ მე და ჩემს კოლეგა ქალბატონს ერთად მოგვიწია ბაზარში სიარულმა. ისე გაგვიტაცა ამ ყველაფერმა, რომ საათზე რომ დავიხედეთ, აღმოჩნდა, რომ დათქმული დრო კარგა ხნის გასული იყო. არ შევწუხებულვართ. გავაგრძელეთ ბაზრის სასწაულების თვალიერება, თან ჩვენი მცირე ბიუჯეტით პატარ-პატრა საჩუქრების ყიდვა. ერთი სიტყვით, აგვისტოს სტამბოლს ის იყო ბინდი წამოეპარა, ჩვენ რომ ბაზრიდან გამოვედით და ტაქსებისკენ გავეშურეთ.
პირველივე ტაქსიში ჩავსხედით. ქალბატონი უკან დაბრძანდა, მე მძღოლის გვერდით მოვკალათდი და, ბუნებრივია, პირველივე კითხვაც დავსვი:

– დუ იუ სპიკ ინგლიშ?
– იოხ, იოხ, – გაასავსავა ხელები ახალგაზრდა ულვაშიანმა ბრგე მძღოლმა.
არ მესიამოვნა, მაგრამ რაკი სტამბოლში რუსულის მცოდნეებიც შეგხვდებათ, მძღოლს კვლავ შევეკითხე:
– გავარიტე პო რუსსკი?
– იოხ, იოხ, – ისევ გაასავსავა ხელი ახალგაზრდა კაცმა.

მე, ჩემდაუნებურად, უკან მჯდომ ქალბატონს მივუბრუნდი და ქართულად ვეკითხები:
– ჩვენს სასტუმროს რა ჰქვია?
და არ დამავიწყდება მძღოლის ბედნიერი სახე და შეძახილი:
– ქართველები ხართ?
დაბნეულებმა მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხეთ…

ასე გავიცანით ქართველი რამზესი, ტაქსის მძღოლი, არაჩვეულებრივი ვაჟკაცი, რომელმაც დიდი სიყვარულით, თავისი „თურქული ქართულით“ მთელი თავისი ისტორია ხომ მოგვიყვა და ლამის გვატირა, მერე სასტუმროსთან მიგვიყვანა, ფულის მოცემა არც იფიქროთო, გაგვაფრთხილა და თავისი სახლის ტელეფონი ჩაგვაწერინა, როცა კვლავ ჩამოხვალთ სტამბოლში, დამირეკეთ და არც სასტუმროში გაცხოვრებთ, არც ტრანსპორტის ძებნა დაგჭირდებათ, როგორც საკუთარი ძმა, ისე გემსახურებითო.

ის დღე განსაკუთრებულად დაღამდა სტამბოლში. მთელი ღამე ვფიქრობდი თურქეთში მცხოვრებ ქართველებზე და ერთ საუკეთესო ქართველზე, რამაზზე (როგორც ჩვენ შევარქვით) და იმ სიკეთეზე, რაც ამ ადამიანმა თავისი ცრემლიანი თვალებით მოთხრობილ ამბებსა და ჩვენდამი პატივისცემაში ჩააქსოვა.

ამბავი მეორე:

2011 წლის დეკემბერია. მე და თათია (ჩემი ქალიშვილი) თესალონიკის ავტოსადგურის კაფეში ვსხედვართ და მეტეორასაკენ წასასვლელ ავტობუსს ველოდებით. თან ყავასა და ნამცხვარს შევექცევით.

უცებ კაფეში მოხუცი კაცი გამოჩნდა, რომელსაც კისერზე ჩანთა ჰქონდა ჩამოკიდებული. ის ყველა მაგიდასთან მიდიოდა და იქ მსხდომთ რაღაცას სთავაზობდა.

ამისთვის ყურადღება დიდად არ მიგვიქცევია, ვიდრე მოხუცი ჩვენს მაგიდას არ მოუახლოვდა და, ალბათ, დარწმუნებული იმაში, რომ ბერძნები ვიყავით, დაიწყო ჩვენთვის ახსნა, თუ რა სარგებლიანია ლატარია და რომ მას აქვს ისეთი ბილეთები, რომელსაც თუ ვიყიდდით, აუცილებლად მოვიგებდით რაიმე მნიშვნელოვანს. მე, რასაკვირველია, თავდაპირველად მისი ლაპარაკი დეტალურად ვერ გავიგე, თუმც საქმის არსს მივხვდი და რამდენიმე სიტყვის მნიშვნელობაც გავიგე, მაგრამ თათიას მაინც შევეკითხე:

– რა უნდა ამ პატიოსან კაცს ჩვენგან?
და ის იყო, თათიას ჩემთვის უნდა აეხსნა, რასაც მოხუცი გვთავაზობდა, რომ ამ ადამიანის გაბრწყინებული თვალებიდან საოცარი ნათელი წამოვიდა:
– ქართველები ხართ? – სუფთა ქართულით გვითხრა და მოგვაშტერდა.
– კი, ქართველები ვართ, – დავუდასტურეთ და უხმოდ შევაჩერდით.
– თქვენ გენაცვალეთ, მე ბერძენი ვარ, მარა საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, აქ ოცი წელია ჩამოვედი. კი ავაწყვე ცხოვრება და კარგი ოჯახიც მაქვს, მაგრამ საქართველოში სხვანაირად ბედნიერი ვიყავი. იცით, აქედან ჩემს სახლამდე, წალკაში რომ მაქვს, რამდენი კილომეტრია?
– არა, აბა, საიდან?! – გავაქნიეთ თავი.
მოხუცმა კილომეტრების რაოდენობა დაგვისახელა და თვალები აეცრემლა.
– მენატრება იქაურობა!
ერთხან ასე იდგა, მერე კი დაგვემშვიდობა და წასვლა რომ დააპირა, ერთი შემობრუნდა და უკვე ცრემლით გვითხრა:
– ჩემო ქართველებო, ერთი რამ იცოდეთ: საქართველოში მეფე ვიყავი, აქ მონა ვარ!

ამ სიტყვებით ყველაფერი იყო ნათქვამი.

მურად მთვარელიძე ქალიშვილთან, თათიასთან ერთად; მეტეორა, 2011 წელი

ამბავი მესამე:

2012 წლის მარტის მზიანი დღეა. ათენში ვარ, პატისიონზე. ასლი მჭირდება ჩემი პასპორტისა. გამაფრთხილეს, პასპორტი თან არ ვატარო, შეიძლება მომპარონ, ამიტომ ასლი ვიქონიო, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქუჩაში გაჩერებისას, ჩემი იქ ყოფნის კანონიერება დავადასტურო.

არქეოლოგიური მუზეუმის წინ წარწერაც შევნიშნეთ: „აქ მზადდება ქსეროასლები“.

მივადექით მე და თათია მინას და ჩემი პასპორტი გავუწოდეთ შუახნის კაცს, რომელმაც პასპორტის გადაფურცვლისას ერთი ჩაიღიმილა, მერე შებრუნდა და ორ წუთში ქსეროასლი გამოგვიწოდა. მე ფულს ვუწვდი, ის კი ინგლისურად გვეუბნება:
– თქვენ ხომ ქართველები ხართ?
– დიახ, – ვპასუხობთ!
– თქვენგან ფულს არ ავიღებ!
– რატომ?
– ჩემი მშობლებისა და საქართველოს სიყვარულის გამო.
– მშობლების?
– კი, ისინი საქართველოში იყვნენ დაბადებული და გაზრდილი, აქ ახლადშეუღლებულები ჩამოვიდნენ და მერე მე დავიბადე. ისინი კი სიკვდილამდე სიყვარულითა და მონატრებით იხსენებდნენ სამშობლო-საქართველოს.
ავღელდით.
– მადლობა საჭირო არ არის, – გვეუბნება და კითხვას მისვამს: – აქ სამი თვე რჩებით?
– კი.
– აქეთ რომ მოხვდეთ, მომესალმეთ ხოლმე!
– ყოველდღე აქ უნდა გავიარო და გამოვიარო, – ვეუბნები მე.

იმ დღიდან, გავლა-გამოვლისას, ხელს ავუწევდი და ძმაკაცივით მივესალმებოდი, თუ თავისუფალი იყო, ორიოდე სიტყვით მოვიკითხავდით ერთმანეთს.

ის კაცი, ალბათ, ისევ იქ არის და ახლა სხვა ქართველებს უტყდება სიყვარულში.

მურად მთვარელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close