სამზარეულო

პიტნის სიროფი: მარტივად მოსამზადებელი გემრიელი დესერტი

ეთერზეთების მაღალი შემცველობის გამო პიტნას ძლიერი გამომაცოცხლებელი ეფექტი აქვს. მის ფუძეზე დამზადებული სიროფი სხვადასხვა დესერტისა თუ სასმლის შესანიშნავი დამატებაა. ჩვენ მისი მომზადების ორ წესზე მოგითხრობთ.

საჭირო პროდუქტი: წყალი, ლიმონმჟავა, პიტნა, შაქარი.

პიტნის მომზადება

პიტნის უამრავი ჯიში არსებობს: ბაღის, ტყის, მდელოს, ხუჭუჭა და ა. შ. სიროფის მოსამზადებლად ნებისმიერი მათგანი გამოდგება, თუმცა ბაღის პიტნა პირველობას არავის უთმობს – ამ ჯიშს ყველაზე უფრო გამოკვეთილი არომატი და ინტენსიური გემო აქვს.

მომზადებამდე, შეგროვილი პიტნა ცივ წყალში გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცებზე გააშრეთ. დაზიანებული ნაწილები მოაცილეთ.

მეთოდი N1

 

  • პიტნის ფოთლები – 100 გ
  • შაქარი – 500 გ
  • წყალი – 200 მლ

სუფთა და კარგად გამშრალი ფოთლები ხელით დაგლიჯეთ და შესაფერის მინის ან ფაიფურის ჭურჭელში მოათავსეთ. მოაყარეთ 250 გ შაქარი, აურიეთ, თავზე დაახურეთ და 12-20 სთ გააჩერეთ. ჰიდროფილური თვისებების მქონე შაქარი პიტნიდან მთელ ეთერზეთებსა და წვენს შეიწოვს.

ამის შემდეგ დარჩენილი შაქარი წყალს შეურიეთ და 20 წთ ადუღეთ. ნარევი ცოტათი უნდა შესქელდეს. ამ მასას დაუმატეთ შაქრიანი პიტნა და ცეცხლიდან გადმოდგით, ხის კოვზით ურიეთ შაქრის მთლიანად გადნობამდე, შემდეგ თავზე დაახურეთ და კარგად გაცივება აცალეთ. ამას დაახლოებით 3-4 სთ დასჭირდება.

გაცივებული პიტნის მასა ბლენდერით ათქვიფეთ და 3-4 ფენა დოლბანდში გაწურეთ. თუ ეს მასა რამდენიმე თვეში უნდა გახარჯოთ, მაშინ პატარა ქილებში გაანაწილეთ და თავზე დაახურეთ, მაგრამ თუ დიდი ხნით შენახვას აპირებთ, მაშინ გაწურული მასა კიდევ ერთხელ უნდა წამოადუღოთ და ცხელი ჩაასხათ სტერილურ ქილებში.

ამგვარი წესით გაკეთებულ სიროფს ინტენსიური მწვანე ფერი აქვს.

მეთოდი N2

 

  • პიტნა (ღეროებიანად) – 150 გ
  • შაქარი – 500 გ
  • წყალი – 250 მლ
  • ლიმონმჟავა – 1/2 ჩ. კ.

ამ რეცეპტში ფოთლებს დაგლეჯა არ უნდა. დაკრიფეთ 15-25 სმ სიმაღლის ღეროები, გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ რამდენიმე ნაწილად დაჭერით, მომცრო ქვაბში ჩააწყვეთ და ცივი წყალი დაასხით. ადუღეთ 10 წთ, თავდახურული, შემდეგ ცეცხლი გამორთეთ, ნახარში კი 24 სთ გააჩერეთ.

შემდეგ პიტნა ამოიღეთ და კარგად გაწურეთ. მიღებული სითხე დოლბანდში გაატარეთ.

გამჭვირვალე ნახარშს შაქარი დაუმატეთ და 15 წთ ადუღეთ. გამორთვამდე 1 წთ-ით ადრე დაუმატეთ ლიმონმჟავა. ცხელი მასა ჩაასხით სტერილურ ქილებში და თავზე მჭიდროდ დაახურეთ.

ამ რეცეპტით დამზადებულ სიროფს ღია მწვანე ფერი აქვს და თაფლს წააგავს.

თამარ ქავჟარაძე

ამავე თემაზე: პიტნის ჟელე ლიმონით – სასიამოვნო ნუგბარი ზამთრისთვის შესანახად

აგრეთვე, ძალიან გემრიელია რძეში გადაზელილი ყველი პიტნით.

რძეში გადაზელილი ყველი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close