დადასტურდა: გერმანული „აინტრახტის“ აქციონერები ქუთაისში ჩამოდიან
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანკფურტის „აინტრახტს“ ფინანსურ კრიზისში მყოფი ქუთაისის „ტორპედოს“ გამოსყიდვა სურს.
„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა პარასკევს განაცხადა, რომ გერმანელთა ინტერესი რეალურია.
„გერმანული „აინტრახტის“ აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს.
მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ აკადემიის შექმნას. ამ მიზეზით, დაინტერესებულნი არიან მიწის ნაკვეთით, სადაც რამდენიმე ახალ მოედანს ააშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ არც მერია, არც ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლიან – „ტორპედოს“ გადარჩენა ყველას ინტერესშია! ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ვფიქრობ, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება.
3-4 დღეში „აინტრახტის“ აქციონერები საქართველოში ჩამოდიან. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის მერიაში. სფფ-ც და მერიაც ყველაფერს იზამენ, რომ მათ ინტერესი არ გაუქრეთ. თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ეს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული პრეცედენტი იქნება,” – განაცხადა კახაბერ ჩხეტიანმა.
live.ge
კომენტარები