საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და  გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, დომინიკ რააბმა 2019 წლის 21 ოქტომბერს ლონდონში ხელი მოაწერეს „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“.

შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში  ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას. დოკუმენტი  მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს  სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკიდან დაწყებული, რეგიონული თანამშრომლობით დამთავრებული.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს და იმეორებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (Deep and Comprehensive Free Trade Area – DC FTA) დებულებებს.

შეთანხმება აღიარებს საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, აგრეთვე, მის ევროპულ არჩევანს; მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ამასთან, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგების მნიშვნელობას. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, წინამდებარე შეთანხმების სიკეთეები განავრცონ საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩათვლით.

ზემოხსენებულ და სხვა სფეროებში შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის მიზნით, იქმნება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი.

შეთანხმება დროებით ამოქმედდება გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის დატოვების შემდეგ და ფორმალურად სრულად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც მის რატიფიკაციას ორივე მხარე მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთს ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ბრიუსელსა და ლონდონს შორის ბრექსიტის თაობაზე ახალმა შეთანხმებამ თემთა პალატაში მხარდაჭერა ვერ მიიღო – პარლამენტმა მოსთხოვა მთავრობას, ბრექსიტის განხორციელებამდე ყველა საჭირო კანონი მოიყვანოს შესაბამისობაში, რასაც, ცხადია, მთავრობა 31 ოქტომბრამდე ვერ შეძლებს. ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის ბრექსიტის გადადება ეთხოვა, ამიტომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ბრექსიტის გადადება 2020 წლის 31 იანვრამდე სთხოვა. ამ თარიღზე წინა პრემიერის, ტერეზა მეის გადადგომის შემდეგაც იყო საუბარი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ტვიტერში დაწერა, რომ ლონდონიდან წერილი მიიღო და საპასუხო ნაბიჯებზე კონსულტაციას ევროკავშირის ლიდერებთან გამართავს. სავარაუდოა, რომ ევროკავშირის პასუხი დადებითი იქნება და ბრექსიტი 2020 წლის 31 იანვრამდე გადაიდება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები