იტალიური კუნძულის, ლამპედუზის სანაპიროსთან, ზღვის ფსკერზე, წყალქვეშა რობოტის დახმარებით 12 მიგრანტის ცხედარი იპოვეს, რომლებიც, სავარაუდოდ, 7 ოქტომბრის ღამეს ნავის ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ. ფსკერზე, 60 მეტრის სიღრმეზე, ჩაძირული პატარა ნავიც იპოვეს. ამის შესახებ AVVENIRE.IT წერს.
12 დაღუპულ მიგრანტს შორის იყო დედა-შვილიც. როდესაც მაშველებმა ისინი იპოვეს, დედას თავისი ბიჭუნა გულში ჰყავდა ჩაკრული. უკეთესი ცხოვრების საძიებლად ლიბიიდან წამოსულებმა, მათ ზღვის ფსკერზე, 60 მეტრის სიღრმეზე დაასრულეს სიცოცხლე.
ნავზე მთლიანობაში, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, რომელთაგან 22 მაშველებმა გადაარჩინეს. გადარჩენილთა თქმით, ნავზე ბავშვებიც იყვნენ.
უბედური შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზღვაში 13 დაღუპული ქალის ცხედარი იპოვეს, მათ შორის რამდენიმე ფეხმძიმე იყო, ერთი კი – 12 წლის გოგონა. მომდევნო დღეებში ისინი აგრიჯენტოს პროვინციაში დაკრძალეს. კიდევ 20-მდე ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
დაკარგულების ძიება გრძელდება. აგრიჯენტოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და წაქეზების საქმეზე, აგრეთვე, დანაშაულისთვის, რომელმაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია: „ნავი არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ დაბრკოლებისთვის გაეძლო, – განაცხადა აგრიჯენტოს პროკურორის მოადგილემ, – როგორც ჩანს, მის ბორტზე არავის არ ჰქონდა ინდივიდუალური სამაშველო აღჭურვილობა… ადამიანებს რომ სცმოდათ ქურთუკები ან მარტო მაშველი ჟილეტები მაინც, ისინი დღეს ცოცხლები იქნებოდნენ, ასეთ დროს მაშველი ახერხებს ადამიანების შველას…“. პროკურორის მოადგილის თქმით, ჩანს, რომ ამ საქმეში ადამიანებით მოვაჭრეების ხელი ურევია.
ამავე თემაზე: სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავის გადაბრუნების შედეგად
კომენტარები