ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

მაია სიჭინავა: „იმ მადლს, რაც საქართველოშია, აქ ვერ ვხედავ, ვერ ვგრძნობ…“

„როგორც სოლო მომღერალს, არ მიცნობს საქართველო და მინდა, რომ გავაცნო ჩემი სიმღერები. მინდა მოისმინონ, როგორ ვეფერები ჩემს ქართველებს; მინდა, რომ ჩემი სიმღერებიც იმღერონ საქართველოში. ეს სულ ახალი სიმღერებია, ჯერ არავის უმღერია“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას მაია სიჭინავა, რომელიც წლების წინათ გოგონათა კვარტეტ „ხმებში“ მღეროდა, დღეს კი სიმღერით ესპანეთიდან ეფერება საყვარელ ადამიანებს, მთელ საქართველოს – იგი 1998 წელს წავიდა ესპანეთში და 20 წელზე მეტია, იქ ცხოვრობს და მუშაობს.

 

მაიკო, საქართველოს მოსახლეობამ შრომით ემიგრაციაში წასვლა აქტიურად 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ქვეყნის დატოვების ძირითადი მიზეზი სამშობლოში თვითრეალიზების, უმუშევრობის, უსახსრობის პრობლემა იყო და არის. თქვენც ამავე მიზეზით აღმოჩნდით ესპანეთში, თუ როგორც ხელოვანს, სხვა მიზანი გამოძრავებდათ და სურვილი აისრულეთ? როგორც მახსოვს, გოგონათა კვარტეტ „ხმებში“ მღეროდით და წარმატებებიც გქონდათ…

დიახ, საქართველოში ფილარმონიასთან არსებულ გოგონათა კვარტეტში „ხმები“ ვმღეროდი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან ლამაზი წლები. ოთხივე (ირმა აროშვილი, მაია სიჭინავა, თამრიკო გელიაშვილი, ლელა კოჭლამაზაშვილი – რედ.) ჯგუფელები ვიყავით, სასწავლებლის დამთავრებისას შურა ჯანელიძემ, რომელიც ვოკალს გვასწავლიდა, გვირჩია, უმჯობესია კვარტეტი გააკეთოთ, ასე უფრო უკეთესი იქნება თქვენთვისო. დავუჯერეთ და სიმღერით მოვიარეთ საქართველოს ყველა კუთხე. საზღვარგარეთაც გვქონდა გასტროლები.

კვარტეტი „ხმები“

მერე ისე გაჭირდა საქართველოში ცხოვრება, რომ კონცერტზე ვერავინ ვეღარ დადიოდა, შემოსავალი აღარაფერი იყო და, სამწუხაროდ, კვარტეტი დაიშალა. ჩვენი ერთ-ერთი წევრი, კვარტეტის ხელმძღვანელი ირმა აროშვილი საბერძნეთში წავიდა და წლებია იქ მოღვაწეობს, აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ საქმიანობაში, თავისი სტუდია აქვს და ბერძნებს ასწავლის ქართულ სიმღერებს.

მე ესპანეთში წამოვედი. 1998 წელი იდგა…

მას შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა, როგორ გახსენდებათ ის დღეები, ესპანეთში ჩასული, პირველად სად მოხვდით და როგორ გაითავისეთ იქაურობა? რა პრობლემების გადალახვა მოგიხდათ, რა იყო ყველაზე დიდი სირთულე თქვენთვის და დღეს რას ფიქრობთ, სწორად მოიქეცით, უცხოეთში წასვლა რომ გადაწყვიტეთ?

ესპანეთში რომ ჩავედი, პირველად ბავშვს ვუვლიდი. ენა არ ვიცოდი, რაც, ცხადია, დიდი პრობლემა იყო. ალბათ უფალი ყველას იქ გაგვგზავნის ან მიგვიჩენს ადგილს, სადაც ან ვიმსახურებთ, ან ჩვენი გზა არის იქ სულის ხსნისთვის, ან ჩვენი თავის შეცნობისთვის. ბევრი რამეა ისეთი, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით, რატომ ხდება ასე, რატომ მაინცდამაინც აქ წამოვედი, ხომ შეიძლებოდა დავრჩენილიყავი, მაგრამ… რა ვიცი, სიძნელეები იყო, მაგრამ ხასიათი მაქვს ისეთი, რომ ადვილად შევდივარ ურთიერთობაში ადამიანებთან. ემიგრანტი რომ ხარ, თავიდან, სანამ შეეგუები, სანამ გაგიცნობენ, ყველანაირ პირობებს თანხმდები, ყველა სამსახურზე მიდიხარ, რომ თავი გადაირჩინო, დაიმკვიდრო. მეც გავიარე ეს გზა.

სწორად მოვიქეცი თუ არა?.. იმ პერიოდში ჩემს ბედს ვიყავი მინდობილი. სანერვიულოც იყო, რადგან მიდიხარ შენი ქვეყნიდან, მშობლებს, მეგობრებს, ახლობლებს ტოვებ, ახალ ცხოვრებას იწყებ… არ ვიცი, ხან ვნანობ, ხან არ ვნანობ…

ამჟამად სად ხართ, რომელ ქალაქში? რას საქმიანობთ?

ამჟამად ვარ ესპანეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ქალაქში – ბურგოსი (Burgos) ჰქვია. სატახტო ქალაქი იყო, ამ ქალაქზე გადის სანტიაგოს გზა ( წმინდა იკობის გზა გალისიაში მდებარე სანტიაგო დე კომპოსტელას ტაძრისკენ, სადაც, გადმოცემით, მოციქული იაკობ ზებედესია დაკრძალული – თ. ო.) და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის მის გასავლელად. თავისი მხსნელი ჰყავს ამ ქალაქს, როგორც იტყვიან, განმათავისუფლებელი, ესპანეთის ეროვნული გმირი სიდ კამპეადორი და ძალიან მნიშვნელოვანი კათედრალი აქვთ, ბურგოსის კათედრალი – ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.

ბურგოსში დავამთავრე მასაჟების სკოლა, ექიმი-მასაჟისტი ვარ პროფესიით, მაგრამ ამჟამად მთლად ჩემს პროფესიას ვერ ვუთმობ საკუთარ თავს, თან მოხუცებს ვუვლი და კვირაში ერთი დღე პატარა ბარში ვმღერი, სადაც ხელოვანი ხალხი იკრიბება.

რა არის თქვენთვის სიმღერა, რისი თქმის საშუალებას გაძლევთ თქვენი ხელოვნება?

ალბათ სიმღერით დავიბადე… ჩემს ცხოვრებაში დღე არ თენდება და ღამდება, ერთხელ მაინც რომ არ ვიმღერო. რა ვიცი, სიმღერა ყველაფერს მაძლევს. ცხოვრებისეული ლექსები მაქვს არჩეული და ამ ცხოვრებაზე ვმღერი, ყოველდღიურ პრობლემებზე, რაც აწუხებს ადამიანს და, ამდენად, ადვილად იგებს მსმენელი ჩემს სათქმელს.

უკვე 20 წელია, რაც ესპანეთში ვიმყოფები. 17 წელიწადი მქონდა იმის მცდელობა, რომ სიმღერები დამეწერა. საქართველოში, კვარტეტში რომ ვმღეროდი, მაშინ ვწერდი სიმღერებს, აქ რომ ჩამოვედი, ვცდილობდი, მაგრამ ვეღარ დავწერე. 2017 წელს საქართველოში ვიყავი წამოსული, ესპანეთში რომ დავბრუნდი, ძალიან მოვიწყინე, სულიერად საქართველოში მინდოდა ყოფნა. ერთ დღეს კომპიუტერზე ლექსების საიტი ვნახე, დავიწყე კითხვა, რომელიც მომეწონა, ამოვიწერე და სიმღერების წერა დავიწყე. 2018 წლის 15 იანვარი იყო, მას შემდეგ დღემდე თითქმის ყოველდღე ვწერ სიმღერებს. უკვე 500 სიმღერა მაქვს დაწერილი და ვხუმრობ ხოლმე (იქნება ეს ხუმრობაც გამართლდეს) – ალბათ გინესის წიგნში შევალ-მეთქი, იმდენი სიმღერა მაქვს დაწერილი (იცინის)…

კვარტეტი „ხმები“ წლების შემდეგ

როგორც ვიცი, ესპანურ სიმღერებსაც წერთ…

ესპანური სიმღერების წერა ეს ერთი თვეა, რაც დავიწყე. ხუთი სიმღერა მაქვს დაწერილი. პირველი სიმღერა ესპანეთში ცნობილი პოეტის, პაბლო ნერუდას (Pablo Neruda) ლექსზე დავწერე, ოთხი სიმღერა კი – ჩემს ლექსებზე. ერთი სიმღერა ბურგოსს მივუძღვენი და სტუდიურ ჩაწერას ვაკეთებ ახლა. მალე აქაურ რადიოშიც გავა და ტელევიზიითაც. უკვე ინტერვიუც აიღეს ჩემგან და გაზეთში დაიბეჭდება…

ვინ არიან თქვენი ნამუშევრების პირველი შემფასებლები?

ესპანურ სიმღერებს როცა ვწერ, აქაურ მეგობრებს, ჩემს ახლობლებს ვუგზავნი ხოლმე, რომლებიც ისე არიან ჩემთან, როგორც ოჯახის წევრები. პირველ რიგში, მათი რეაქციები მაინტერესებს, შენიშვნებიც, მაგრამ ჯერჯერობით შენიშვნა არ მოუციათ, პირიქით, ძალიან მოსწონთ: ხედავ, შენ, ქართველმა დაწერე ბურგოსზე სიმღერა, ჩვენ ბურგოსელები ვართ და მაგაზე არ გვიფიქრიაო (იცინის)… მიხარია, ასეთ შეფასებას რომ მაძლევენ.

სხვათა შორის, ესპანეთში ერთ-ერთ ანსამბლში ვმღეროდი და მთლიანი არა, მაგრამ ნახევარი ესპანეთი შემოვიარე მათთან ერთად. ბედნიერი წლები იყო. პირველად როცა ვუმღერე ესპანელებს, ძალიან კარგად მიიღეს ჩემი ნამღერი, ფეხზეც კი ადგნენ და ძალიან გამიხარდა, ჩემი პირველი გამოსვლა წარმატებით რომ დასრულდა.

რა ერქვა ანსამბლს და რომელი სიმღერა იმღერეთ პირველად?

მე რომ მივედი, ანსამბლს უკვე „ფანტასი“ ერქვა, უფრო ადრე – „ხიგანტეს“ („გიგანტები“). ერთადერთი სიმღერა ვიცოდი მაშინ – „ბესამე მუჩო“ და ეს ვიმღერე. მახსოვს, სასტუმროში იყო კონცერტი. ამ სასტუმროს დირექტორის გოგო გათხოვდა და მის ქორწილში ვმღეროდით – ძალიან დიდი ქორწილი იყო.

მერე მოხდა ისე, რომ ხელმძღვანელი ცუდად გაგვიხდა და ანსამბლი დაიშალა, სხვა ანსამბლი აღარ მიძებნია. ახლა მაქვს რაღაც შემოთავაზებები და ვნახოთ, რას გადავწყვეტ.

უკვე ესპანეთის მოქალაქე ხართ?

არა, აქაური მოქალაქეობა არ ამიღია. თავს ვიკავებ, მინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ვიყო და ვარ თავისთავად. ისეთი საბუთი მაქვს, თავისუფლად შემიძლია ესპანეთის მოქალაქე ვიყო, მაგრამ ჯერ ასე ვფიქრობ და მომავალში რა და როგორ იქნება, არ ვიცი.

ქართველი ემიგრანტების რიცხვი დიდია ესპანეთში?.. თქვენს ირგვლივ? თუ ხვდებით მათ?

რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ამ ბოლო დროს ბევრი ქართველი ჩამოვიდა ესპანეთში და ვფიქრობ, ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ჩვენს ქალაქში ბევრნი არ ვართ, მაგრამ ძალიან კარგი მეგობრები მყავს აქ, ქართველი გოგოები ოჯახებით. რა თქმა უნდა, ვხვდებით ერთმანეთს.

ჩემთვის არაერთხლ უთქვამთ, რომ უცხოეთში რეალურად არ გვიცნობენ, ერთეულებმა თუ იციან საქართვლოს შესახებ. რა ხდება კონკრეტულად ბურგოსში – ისტორიულ ქალაქში?

ადრე არ გვიცნობდნენ, უფრო სწორად, გვიცნობდნენ, როგორც რუსეთში შემავალ ქვეყანას, მაგრამ დღეს უკვე იციან ვინ ვართ, საიდან ვართ. ჩვენთან მუზეუმია, სადაც მზიას ფიტულიც არის და საქართველოს ისტორიასაც ეცნობიან. იცით, რას მეუბნებიან? ჩვენ ვართ ქართველები, საქართველოდან ვართ წამოსულებიო (იცინის)… ორი იბერია, თქვენი იბერია და ჩვენი იბერია, ჩვენ ერთნი ვართო…

თქვენი აზრით, ძირითადი განსხვავება რა არის ჩვენს ორ კულტურას, ჩვენს ხალხებს შორის?

განსხვავება ქართულ და ესპანურ კულტურებს შორის ძალიან დიდია. ესპანელები ჩვენსავით ვერ ცეკვავენ და ვერ მღერიან, ჩვენნაირი საჭმელები არ აქვთ…. კარგი ხალხია ესპანელები, გულიანები, უღალატოები, ყოველ შემთხვევაში, მე სადაც ვცხოვრობ და ვინც გავიცანი, ყველანი ასეთები არიან, მაგრამ ქართველები სხვანაირი გულიანები ვართ, ვერ ავხსნი როგორები, მაგრამ ასე ვფიქრობ…

ვინ და რა გენატრებათ საქართველოში?

ყველა და ყველაფერი მენატრება. ძალიან მიყვარს და მენატრება დედა, ჩემი დები, დისშვილები და მათი ოჯახები, ჩემი ნათესავები…. გარდაცვლილ მამას ლექსი მივუძღვენი და სიმღერაც დავწერე. თავიდან  6 წელი ისე გავიდა, არ ვყოფილვარ საქართველოში, ახლა უფრო ვახერხებ ყოველ ორ წელში ერთხელ მაინც ჩამოვიდე.

იმ მადლს, რაც საქართველოშია, აქ ვერ ვხედავ, ვერ ვგრძნობ. მადლიანია ჩვენი მიწა, ჩვენი საქართველო, აქ უბრალოდ მექანიკურად ვმოძრაობ, სულიერად კი საქართველოში ვარ ბედნიერი, რასაც აქ ვერ ვგრძნობ. მიუხედავად ამისა, თუ მკითხავდნენ სად წახვიდოდიო, ისევ ესპანეთში წამოვიდოდი საცხოვრებლად.

რატომ? რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ესპანეთში?

ესპანეთში მომწონს, როგორ უვლიან თავიანთ ეროვნულს ყველაფერს. იციან ცხოვრება, იციან გართობა, რაც არ უნდა უჭირდეთ, მაინც ერთად არიან და ისე გადააქვთ, ერთ ფინჯან ყავაზე გაარჩევენ ხოლმე ყველაფერს. ესპანელები მომწონს, კარგი ხალხია.

რა არ მომწონს? რა ვიცი, ვერ ვხედავ ისეთ რამეს, რაც არ მომწონს. არ ვარ ისეთი პიროვნება, რომელიც ეძებს ისეთ რაღაცებს, რაც არ მოსწონს.

თქვენი მომავლის გეგმები რამდენად უკავშირდება საქართველოს?

რაც ესპანეთში ასე ინტენსიურად დავიწყე სიმღერის წერა, ძალიან ბევრი პოეტი გავიცანი. მანამდე საერთოდ ჩამოცილებული ვიყავი პოეზიასაც, სიმღერასაც და მუსიკასაც. უკვე ამღერებული მაქვს ჩვენი 48 კლასიკოსის ლექსები. შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაქტიონი, ნიშნიანიძე, ანა კალანდაძე… ყველას ვერ ჩამოვთვლი. მაქვს საქართველოს კუთხეებზე სიმღერები, ასევე ქალაქებზე. ახლა დავამთავრე სტუდიაში სიმღერის ჩაწერა, რომელიც ქუთაისზეა და მინდა, რომ დისკი გამოვუშვა. საერთოდ, ვფიქრობ, რამდენიმე დისკი გამოვუშვა, რადგან, როგორც გითხარით, საკმაოდ ბევრი სიმღერა დამიგროვდა და თუ უფალი ინებებს და მომცემს ამის საშუალებას, ძალიან კარგი იქნება. ვგეგმავ, მომავალ წელს კონცერტები ჩავატარო: ერთი ჩემი გვარის, მეორე –  კომპოზიტორ ნეკა ბაკურაძესთან ერთად, რომელსაც საავტორო სიმღერები აქვს. უკვე მოვილაპარაკეთ და ვფიქრობ, საინტერესო საღამო გამოგვივა.

გეგმები ბევრი მაქვს. როგორც სოლო მომღერალს, არ მიცნობს საქართველო და მინდა, რომ გავაცნო ჩემი სიმღერები. მინდა მოისმინონ, როგორ ვეფერები ჩემს ქართველებს;  მინდა, რომ ჩემი სიმღერებიც იმღერონ საქართველოში. ეს სულ ახალი სიმღერებია, ჯერ არავის უმღერია.

გარდა ამისა, მზად მაქვს წიგნი გამოსაცემად. წიგნის სახელია „გე-მაია-ნო“ – ნახევარი გენოს (ქალბატონი მაიას მეუღლე ბატონი გენო ცაავა – კინორეჟისორი, მხატვარი) ლექსებია, მეორე ნახევარი – ჩემი. ეს სახელი ჩვენი სიყვარულის ფსევდონიმია.

უცხოეთში ყოფნამ რაში დაგარწმუნათ? ემიგრანტებმა რა უნდა იცოდნენ?

რაში დავრწმუნდი და, საქართველოში თუ პეპელასავით დავფრინავდი, აქ რომ ჩამოვედი, უკვე მყარად გავიარე მიწაზე და საკუთარი შესაძლებლობები უკეთესად დავინახე. ადამიანი სადაც არ უნდა იყო, შენი პატიოსნებითა და კაცთმოყვარეობით ყველგან დაფასებული და მიღებული იქნები.

ემიგრანტებმა რა უნდა იცოდნენ?.. რა გითხრათ? გული მტკივა, როცა ვიგებ, რომ საქართველოდან კიდევ ვიღაც წავიდა უცხოეთში და იქ დარჩა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცარიელდება ჩემი ქვეყანა და ყოველ წელს ვფიქრობ, დავბრუნდე საქართველოში.

ემიგრანტებს ვეტყოდი, რომ არ დარჩნენ სხვაგან და შვილები ქართულად გაზარდონ. ცოტა რთულია, მაგრამ ქართველები არიან და დაბრუნებულიყვნენ მალე საქართველოში, ჩემი ჩათვლით.

ყველაზე მეტად რაზე დარდობთ?

არ მიყვარს დარდი, იმიტომ, რომ გჭამს შინაგანად, ნერვიულობ… და ვცდილობ ხოლმე, რომ ეს დარდი არ შემოვუშვა ჩემში, თუმცა ხანდახან ვერ ხერხდება (იცინის)…

ვდარდობ იმაზე, რომ ჩემს ქვეყანას მოვწყდი, უცხოეთში წამოვედი და ამდენი ხანი თვითრეალიზება ვერ მოვახერხე. წლები დამჭირდა ამისთვის… მაგრამ ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს გასავლელი. აქ, ესპანეთში დავუახლოვდი და ვიპოვე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ბედნიერი ვარ ამით. ალბათ ეს გზა უნდა გამევლო, აქ უნდა ჩამოვსულიყავი, რომ უფალთან ასე ახლოს ვყოფილიყავი და დარდი რა საჭიროა, როცა უფალია შენ გვერდით.

ადამიანებს რას სთხოვთ?

ადამიანებს ვთხოვ, გვიყვარდეს ერთმანეთი. ცუდი არ ვილაპარაკოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს! მით უმეტეს, ქართველები… ძალიან ცოტანი დავრჩით, გაფანტულები ვართ მთელ მსოფლიოში…

თქვენი სურვილი…

სიმშვიდე იყოს ამქვეყნად, არ იყოს ომი, შური, ღვარძლი, ბოროტება, ადამიანმა გაიხაროს! ეს ზოგადად, პირადად კი ღმერთმა შემაძლებინოს, რომ ჩემს საქართველოს ვუმღერო ჩემი სიმღერებით, რაც დამიწერია, ჩემმა ხალხმა მოისმინოს და დატკბეს ამ სიმღერებით.

ყველა ქართველი მიყვარს! რას ვამბობ ხოლმე, იცით? ნიორი და სუნელები რომ ინაყება, ეგ სანაყი მაქვს აქ, ესპანეთში და მის სურნელს რომ ვგრძნობ, ჩემი საქართველო აქ არის-მეთქი, ვიძახი. და სურვილი მაქვს, რომ დავბრუნდე ჩემს საქართველოში. ალბათ ყველა ემიგრანტის სურვილი ასეთია.

ესპანეთში, მგონი, სწორედ სუნელების, მაგალითად, ნივრის დღესასწაულიც აქვთ… დადიხართ ასეთ დღესასწაულებზე?

კი, ძალიან მხიარული ხალხია ესპანელები. ნივრის, პომიდვრის, რამდენიმე დღის წინ კი ქუჩაში გამოსვლის დღესასწაული ჰქონდათ – ყველა ქუჩაში უნდა ყოფილიყო. რას არ იგონებენ, ცხოვრება რომ გაიხალისონ. თითქმის ყველანაირი დღესასწაული აქვთ. როგორ არ დავდივარ? სადაც ვცხოვრობ, ცენტრი ადგილია და თუ რამე ხდება, ყველაფერი ჩემს ქუჩაზე ხდება, ყველანაირი დღესასწაული. ძალიან მხიარული ქუჩაა და ვიძახი ხოლმე, ჩემნაირი ქუჩაა-მეთქი (იცინის)… საფესტივალო ქუჩაა, რომ იტყვიან.

დაბოლოს…

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ვარ ქართველი ვარ, მართლმადიდებელი და შემიძლია სიმღერით მოვეფერო ჩემს საქართველოს, ჩემს ქართველებს!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

„დედის ლოცვა“ – ლექსის ავტორი – ანგელინა მარგველაშვილი; სიმღერის ავტორი და შემსრულებელი – მაია სიჭინავა კვარტეტ „ხმებთან“ ერთად; არანჟირება – ოთარ ყუფუნია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close