ქართველები უცხოეთშიხელოვნებაინტერვიუ

ნათია თოდუა თბილისში სოლო კონცერტისთვის ემზადება

ნათია თოდუას ახალმა სიმღერამ, რომელიც საქართველოს მიუძღვნა, დიდი რეზონანსი და დადებითი კომენტარები გამოიწვია. Georgia-ს ნაწილი მომღერალმა აფხაზურ ენაზე ჩაწერა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიიღებენ ამ სიმღერას მშობლიურ მხარეში, რომლის მონატრებას მის შემოქმედებაში, რეალურ ცხოვრებასთან ერთად, დიდი ადგილი უკავია.

ნათია თოდუა:

ერთ-ერთ იმ მუსიკოსთაგან, ვისთან ერთადაც ჩემს ალბომზე ვმუშაობდი და ჩემი ბენდის წევრია, ხორვატიიდან გახლავთ. მან მომასმენინა სიმღერა, რომელიც სამშობლოს მიუძღვნა. იყო მხოლოდ მელოდია. თავად ვოკალისტი არ არის და ვერ დაასრულა მასზე მუშაობა. ეს მელოდია რომ მოვისმინე, ყველაფერი თავში დამიტრიალდა, აფხაზეთში გატარებული წლები, ბავშვობა… გადავწყვიტე, ამ შეგრძნებებზე სიმღერა დამეწერა. ტექსტიც ჩემია, მელოდიის დაწერაში კი ჩემი ბენდის წევრები დამეხმარნენ.

ჩემი გერმანელი მენეჯერებისგან მქონდა თხოვნა, მემუშავა საერთაშორისო ბაზარზე, შესაბამისად, ჩემს ალბომში არ უნდა ყოფილიყო ქართულენოვანი სიმღერები. იმდენად მინდოდა, რომ საქართველოსადმი სიყვარული გამომეხატა და ეს სიმღერა დამეკავშირებინა აფხაზეთთან, რომ ვერ მოვითმინე და ვთხოვე, რომ ამ სიმღერის ნაწილი აფხაზურად შემესრულებინა, რაზეც თანხმობა მივიღე. ბევრი იწერება აფხაზეთზე, ტკივილსა და მონატრებაზე, მაგრამ ბევრმა არ იცის ქართული. მეც რომ ვსწავლობდი, ქართულად სწავლა აკრძალული იყო. მინდოდა, მათთვის გასაგებ ენაზე მეთქვა ის, რასაც მე ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, მათ გულშიც არის. აფხაზური ტექსტის თარგმანი ასეთია: „ცივა ძალიან, სულ მარტო დავრჩი, ჩემი არავის სჯერა, ამ სიბნელეში გზას ვეღარ ვხედავ, ნუთუ შენამდე მოვალ…“ ეს არის ჩემი მისია, როგორც მომღერლის, ჩემი შესაძლებლობებით მივაწვდინო ხმა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ტკივილს ატარებს. ვიცი, რომ რამდენიმე ადამიანმა უკვე მოისმინა აფხაზეთში და ძალიან ველოდები მათ შეფასებას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. შეგნებულად გადავწყვიტე, რომ აფხაზურ ტექსტს სუბტიტრი არ ჰქონოდა, რადგან ის უცხო ენად არ აღექვათ.

მინდა, აღვნიშნო ემიგრანტების დახმარება. გამომიგზავნეს ვიდეოები იმ ბავშვების, რომლებიც საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ და საქართველოში არც კი ყოფილან. ძალიან ამიჩუყდა გული ამ ვიდეოების ნახვის შემდეგ. რა იქნებოდა კლიპში მნიშვნელოვანი, თუ არა მათი სიტყვის გაჟღერება და მონატრების ჩვენება?

ამ სიმღერაში გამოვხატე ჩემი, როგორც ადამიანის და როგორც არტისტის, გრძნობები. ვნახოთ, როგორ შეხვდება მას მსმენელი.

უკვე საკმაოდ დადებითად ხვდებიან.

ცოტა მეშინოდა, რომ პოლიტიკური სარჩული არ დაედოთ. ჯერჯერობით ყველაფერი მშვიდად მიდის. ახალს რომ აკეთებ, ძირითადად, აკრიტიკებენ და ერთმანეთს ეკამათებიან. ამ სიმღერაზე კი ბევრი დადებითი კომენტარი ვნახე, რაც ჩემთვის იმედისმომცემია.

შენი გერმანელი მენეჯერები როგორ ხვდებიან შენს სიყვარულს სამშობლოსადმი და იმას, რომ ამისი გამოხატვა სიმღერით გინდა?

სულ მეუბნებიან, რომ კარგად უნდა გავთვალო, რაზე ვართ ორიენტირებულები. თავიდანვე მითხრეს, რომ საქართველოში იმღერე, მიიღე მონაწილეობა პროექტებში, მაგრამ ჩვენ ახალი ალბომით სხვა ქვეყნებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულებიო. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ვერ დაივიწყებ ქვეყანას, სადაც გაიზარდე, ადამიანად ჩამოყალიბდი, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც ძალიან უყვარხარ და შენც გიყვარს… არ შემიძლია, საქართველოზე არ ვიფიქრო. როცა ეს მათ ვუთხარი, თავიდან მეგონა, რომ ჩემი არ ესმოდათ. სულ იმას მეუბნებოდნენ, რომ შენ ხომ გერმანიამ გაღიარა და მოგცა შესაძლებლობებიო. ზოგიერთ გერმანელს გაუკვირდა, შენ საქართველოს დაუბრუნდიო? იმდენი ვისაუბრე ამ თემაზე, აფხაზეთზე, მაქვს ტატუ, მაწერია საქართველო (იღიმის). მაგრამ ეს იმდენად მტკივა და ჩემშია, თუ არ გამოვუშვი, არ შემიძლია. ამიტომ მომცეს უფლება, რომ შევასრულო ძველი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიები, გადამეღო კლიპი საქართველოში, რომ ეს სილამაზე უცხოელი მსმენელისთვის მეჩვენებინა. მინდა, ვაჩვენო ყველას, რატომ შეიძლება გიყვარდეს ეს ხალხი და ქვეყანა.

შენი ახალი ალბომი როდის გამოდის?

ნოემბერში. მასში 12 სიმღერა შევა. ალბომის სახელწოდებაა Miss You. სიმღერები ჯაზისა და ბლუზის სტილშია. პრეზენტაცია ბერლინში გაიმართება. რამდენიმე კონცერტი გერმანიაში ტურის სახითაა დაგეგმილი. იმედი მაქვს, 2020 წელს თბილისშიც გავმართავ სოლოკონცერტს. ალბათ, შემდეგი წლის გაზაფხულზე.

ამ ეტაპზე მხოლოდ საქმით ხარ დაკავებული?

საქმით და ასევე ქველმოქმედებით. ხშირად ვმონაწილეობ საქველმოქმედო კონცერტებში. ასევე მინდა მივხედო ჩემი პროფესიული განათლების საქმეს, რადან ამისი შესაძლებლობა აქამდე არ მქონია. მეკითხებიან ხოლმე, შენი პროფესია რა არისო? გეგონება, მუსიკოსობა პროფესია არ არის. რა თქმა უნდა, განათლება უნდა გქონდეს მიღებული, რაც შენს პროფესიაში აღიარებული და ოფიციალურია. ახლა კერძო გაკვეთილებს ვიღებ და ვსწავლობ პიანინოსა და გიტარაზე დაკვრას. რაც უნდა მოხდეს, მინდა, გარანტია მქონდეს, რომ ამ სფეროში დავრჩები. მინდა, არ გავჩერდე, განვვითარდე და ვიმუშაო ჩემს თავზე.

ძალიან კონკურენტული და საშიში პროფესიაა. არ იცი, შენი ხმა როგორ მდგომარეობაში იქნება, ამიტომაც მინდა ავითვისო ისეთი რამ, რაც ამ პროფესიასთან სამუდამოდ დამაკავშირებს. აფხაზეთში ცხოვრებისას სულ მქონდა გეგმა ბ-ს არსებობის მოთხოვნილება. დღეს თუ საჭმელი არ გაქვს, ხვალ რას შვრები? ბავშვობიდან მქონდა ამისი აუცილებლობა, მეფიქრა სხვა გეგმაზე. სხვანაირად იქ ვერ იცხოვრებდი. ეს თვისება ალბათ სულ გამყვება…

ნინო მურღულია

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close