ქართველები უცხოეთშიბლიც-ინტერვიუინტერვიუ

ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი: „ვეღარ ვუძლებ სხვის აპრილ-მაისებს“

ლიზი მჟავანაძე, ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს.

ჩემი, ერთი ემიგრანტის ისტორია…

სოფლად, პატარა ხის სახლში დავიბადე და გავიზარდე. ავეჯი თითქმის არ გვქონდა, სამაგიეროდ სახლი მუდამ სუფთა და მზიანი იყო. იქ ძალიან კეთილი და უბოროტო ადამიანები ვცხოვრობდით: მე, ჩემი მშობლები და ჩემი უფროსი და-ძმა. მაშინ არაფრის მეშინოდა, იმიტომ რომ ზღაპრის დასასრულივით უბოროტო მეგონა სამყარო.

ემიგრანტობის პირველი დღეები…

ჭაში ჩავარდნილს ვგავდი, არსაიდან გზა რომ არ არის, წყალი კისრამდე გაქვს მომდგარი და ამოსასვლელად იბრძვი… ჰო, მართლა ასე ვიყავი, თუმცა არასოდეს არავის შევუმჩნევივარ ცუდად.

მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ნიშნავს…

რთული კითხვაა… დროში ჩარჩენილს, დაკარგულს ემსგავსები… ასე ვგრძნობ.

საქართველო…

საქართველო ჩემი სიყვარულის სამიზნეა. საქართველო ჩემი ხელ-ფეხია. ჩემი საქართველო ჩემი სოფლიდან იწყება – თვალებს როცა ვხუჭავ, სულ იქაურობას ვხედავ.

განსხვავება უცხო ქვეყანასა და ჩემს სამშობლოს შორის…

მე წმინდა მიწაზე ვარ, ახლა ამ ყველაფერს ისრაელიდან ვწერ და ხშირად მითქვამს, რომ მშობლიურივით მიყვარს აქ უდაბნოს ქვაც, ასე მგონია, ჩემი ცოდვილი ფეხებით იესოს ნაფეხურებს ვთელავ (თუნდაც გამაკრიტიკეთ)… მაგრამ საკუთარი ქვეყნის ფასი ბევრად აუწონელია ჩემში. რაც შეეხება განსხვავებას – ბევრია. ყველაზე მტკივნეულს ვიტყვი: აქ, უცხო ქვეყანაში მოხუცი-„ც“ ფასობს, საქართველოში კი მოხუცები უპატრონოდ კვდებიან.

ვეღარ ვუძლებ…

ვეღარ ვუძლებ მზის ამოსვლას… ვერც მზის ჩასვლას ვეღარ ვუძლებ… ვეღარ ვუძლებ სხვის აპრილ-მაისებს. ჩემი თვალები ცხრა მთას სწვდებიან, სულით აქედან ძალიან შორს დავხეტიალობ, იქ, სადღაც, მშობლიურ ორღობეში…

ჩემი აუხდენელი ოცნება…

სანამ ვარსებობ, ყოველთვის არის შანსი ოცნების ახდენის. დაველოდები.

გული მტკივა…

რადგან ემიგრანტობამ წლებთან და ახალგაზრდობასთან ერთად ბევრი რამ დამაკარგვინა –  ღირებული ადამიანები და ა. შ.

ბედნიერი ვარ…

რადგან მე ვარ დედა! მე ვარ შვილი! მე ვარ მეგობარი! მე ვარ ქალი! ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, რომ იქ სადღაც მელიან.

როდესაც ჩემს თავთან ვრჩები მარტო…

ღმერთთან საუბარს ვბედავ (ჩუმად, გულში ვესაუბრები).

უცხოეთში ცხოვრებამ მასწავლა…

ცხოვრებისეული გადაფასებები, მასწავლა სიყვარული და უფრო მეტი თავდაჯერებულობა მომცა.

როდესაც სამშობლოში დავბრუნდები…

ბოდიშს მოვუხდი მოხუც დედს, რომ სიბერე დავუმძიმე; ბოდიშს მოვუხდი მამის საფლავს, რომ გაზაფხულზე ყვავილს ვერ ვურგავდი; ბოდიშს მოვუხდი ჩემს შვილს, რომ სიცოცხლეშივე „დავაობლე“ და მე ვერ გავზარდე.

ჩემი გზავნილი ემიგრანტებს…

ამ შემთხვევაში გავიმეორებ ნანა მეტრეველის სიტყვებს: „ნუ დაღონდებით, გულს ნუ გაიტეხთ, ჩვენ ხომ ალალი შრომით ვარსებობთ, / იმის გჯეროდეთ, რომ დასაკარგი შვილი არა ჰყავს ჩემს საქართველოს!“

დაბოლოს, უღრმესი მადლობა თქვენ, თითოეული ემიგრანტის სახელით, დაფასებისთვის და ჩვენი წარმოჩენისთვის, თუნდაც გახალისება დავარქვათ ამას. ვისურვებდი, ყველა ადრე თუ გვიან იქ [საქართველოში] ვზეიმობდეთ, იქ გვიხაროდეს და თუნდაც გვტკიოდეს…

ძალიან მინდა, მზეს ჩემი სარკმლიდან ვუმზერდე… დავბრუნდებით!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close