ეკონომიკაიტალია

იტალია: დასახელდა სუპერმარკეტები, სადაც პროდუქციის შეძენა ყველაზე ხელსაყრელია

ექსპერტების თქმით, რეალურად შესაძლებელია თვეში 100 ევროს ეკონომია, თუ სწორად აირჩევთ მაღაზიას.

500 ევრო თვეში – სწორედ ამდენს ხარჯავს ჩვეულებრივი იტალიური 3-სულიანი ოჯახი ძირითადი პროდუქტების შესაძენად. ბოლო წლებში ეს თანხა 18%-ით შემცირდა, მაგრამ არა ფასების, არამედ მოხმარების შემცირების გამო (რამაც მაინც გამოიწვია ფასების ერთგვარი კლება საცალო გაყიდვების დიდ მაღაზიებში, რომლებიც ცდილობდნენ, კლიენტები არ დაეკარგათ), თუმცა მომხმარებელი ამას ნაკლებად ამჩნევდა. იტალიელები, ეკონომიის მიზნით, სუპერმარკეტიდან სუპერმარკეტში დადიან, რათა აირჩიონ ის, სადაც შესაძლებელია პროდუქტის ფასდაკლებით ყიდვა.

სწორედ ამიტომ, ასოციაცია Altroconsumo-მ თანამემამულეების დახმარება გადაწყვიტა ამ მნიშვნელოვან საქმეში – მოძებნა სუპერმარკეტები შედარებით ხელსაყრელი ფასებით. ექსპერტებმა 2019 წელს სხვადასხვა კლასიფიკატორის გამოყენებით გააანალიზეს ყველა მსხვილი სავაჭრო ცენტრი, სუპერმარკეტებიდან დაწყებული, ჰიპერმარკეტებით დამთავრებული, და გურმანების მაღაზიებიდან დისქაუნტერებამდე. მაღაზიების ერთგვარი რუკა, რომელიც იტალიის 69 ქალაქის სავაჭრო პუნქტების ანალიზის საფუძველზე შედგა, ოჯახს საშუალებას მისცემს, წელიწადში საშუალოდ 1278 ევროს ანუ თვეში 100 ევროზე მეტის ეკონომია გაწიოს.

ექსპერტების თქმით, დანახარჯების რაციონალიზაციის ერთ-ერთი მეთოდია პროდუქტის გონივრულად ყიდვა  და ზედმეტ და არასაჭირო შენაძენებზე უარის თქმა.

Altroconsumo წერს, რომ „იმპულსი, იყიდო მეტი, ვიდრე საჭიროა, გადაულახავი ხდება, რადგან სუპერმარკეტების მთელი გარემო ისეა შემუშავებული, რომ თაროებისკენ გაგვექცეს თვალი და ხელი. თუმცა სახლში მისულებს, შენაძენების ნაწილი შესაძლოა სანაგვეში გადასაყრელი გაგვიხდეს, ამიტომ სასურველია წინასწარ შევადგინოთ საჭირო პროდუქტების სია, რათა მარკეტოლოგების მსხვერპლი არ გავხდეთ, თუ ბიუჯეტი საშუალებას არ გვაძლევს, რომ ხელგაშლილად ვხარჯოთ თანხები“.

ე. წ. „შერეული“ შენაძენებისთვის Famila Superstore ყველაზე იაფი ქსელია, რომელსაც მოსდევს ჰიპერმარკეტები: Auchan, Ipercoop, Conad, Iper და Bennet.

დისქაუნტერებს შორის საუკეთესო ფასებით ლიდერობენ  Eurospin და Aldi.

Esselunga – ყველაზე კარგი არჩევანია მათთვის, ვინც საფირმო პროდუქტებს ამჯობინებს, მას მოსდევს Panorama, Iper, Auchan, Conad.

რაც შეეხება ქალაქებს, როვიგო არის ის ქალაქი, სადაც ყველაზე იაფად შეიძლება პროდუქციის ყიდვა, სუპერმარკეტ Conad Spesa Facile-ში. ამ ქალაქში ოჯახი წელიწადში საშუალოდ 5500 ევროს ხარჯავს ანუ 1000 ევროთი ნაკლებს, ვიდრე იტალიური ოჯახების ხარჯის საშუალო წლიური მაჩვენებელია (6504 ევრო 2018 წელს), სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის, Istat-ის მონაცემებით.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close