ჩაძირულ ძველრომაულ გემზე ასამდე უცნაური ამფორა აღმოაჩინეს (ვიდეო)
ესპანეთის კუნძულ მალიორკის სანაპიროს სიახლოვეს არქეოლოგებმა უიშვიათესი განძი აღმოაჩინეს. საქმე ეხება არა ოქრო-ვერცხლს, არამედ გამომწვარი თიხისგან (ტერაკოტა) დამზადებულ ქოთნის მსგავს 93 ჭურჭელს, იგივე ამფორას, რომლებიც 1700 წლის წინ ჩაძირულ რომაულ გემში იპოვეს.
ულამაზეს ამფორათა უმეტესობა ჯერ კიდევ ხელუხლებელი და დალუქულია, შესაბამისად, არის შანსი, რომ შემონახული იყოს მათი შიგთავსიც.
ჩაძირული გემი ნაპირიდან სულ რაღაც 50 მეტრში აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფელიქს ალარკონმა ზღვის ფსკერზე კერამიკის ნამტვრევები შენიშნა.
იმის გამო, რომ ობიექტი ქალაქ კან პასტილიის პოპულარული ტურისტული პლაჟის სიახლოვეს იყო, ესპანეთის მთავრობამ ბალეარის კუნძულების საწყლოსნო არქეოლოგიის ინსტიტუტს გათხრების სასწრაფოდ დაწყება დაავალა.
შედეგად, მეცნიერებმა მიაგნეს პატარა, 10 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გემს, რომელშიც სათუთად იყო ჩალაგებული ამფორები. სავარაუდოდ, ის სავაჭრო ხომალდი უნდა ყოფილიყო, რომელსაც საქონელი პირენეს ნახევარკუნძულსა და რომს შორის გადაჰქონდა – კუნძული მალიორკა სწორედ მათ შორის მდებარეობს.
იმის გამო, რომ ამფორების უმეტესობა დაუზიანებელია, არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ გემის ჩაძირვის მიზეზი ცუდი ამინდი არ უნდა ყოფილიყო. განიხილება ორი მთავარი ჰიპოთეზა – გემი ან რაღაც მიზეზის გამო გაიხვრიტა, ან ეკიპაჟის წევრებს შორის ატეხილი შეხლა-შემოხლის დროს გადაყირავდა.
შეიძლება, ჩაძირვის მიზეზი ვერც ვერასოდეს გავიგოთ, მაგრამ ამფორები უთუოდ გვეტყვიან, რა საქონელი გადაჰქონდა გემს.
ამოფრების წარმომავლობიდან გამომდინარე, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მათში საკვები პროდუქტებია, მაგალითად, ღვინო, ზეითუნის ზეთი ან რომში ფრიად მიღებული ფერმენტირებული თევზის სოუსი სახელად გარუმი, პირენეს ნახევარკუნძულის პროვინცია ლუზიტანიიდან.
ამოფრები ჯერ არ გაუხსნიათ და ამჟამად მალიორკის მუზეუმში, წყლით სავსე აუზებში ინახება, რათა გამტკნარება მოხდეს.
ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ზღვის წყლის მარილის კრისტალებმა შეიძლება მათი დამსხვრევა გამოიწვიოს.
„ამფორები 1700 წლის განმავლობაში იყო წყალქვეშ და არ გვსურს, რომ რაიმე შეცდომა დავუშვათ. მათზე ამოტვიფრული წარწერების გაშიფვრის შემდეგ ბევრს გავიგებთ ვაჭრების, მათი პროდუქტებისა და მარშრუტის შესახებ“, – ამბობს არქეოლოგი კიკა კოლი.
1tv.ge
კომენტარები