ჰააგის მთავარი კათედრალის ზარებმა გია ყანჩელის მელოდია დაუკრეს (ვიდეო)
ჰააგის მთავარი სამრეკლოდან გია ყანჩელის პატივსაცემად მისი მელოდიები გაისმა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
„4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად „St.Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდა.
ჰააგის სამრეკლოს ზარები ასევე დაუკრავენ ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“. ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე.
ერეკლეს ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ გრონინგენის შუასაუკუნეების სამრეკლოს ზარებით ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის, „თბილისო“, „ჩიტო-გვრიტო“, „სულიკო”, ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი, რომ” და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გენიალურ მაესტროს 5 ოქტომბერს, 14 საათზე რუსთაველის თეატრიდან გაასვენებენ და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ასევე დაგაინტერესებთ: გაიცანით ერეკლე კოპლატაძე – ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც ჰოლანდიური სამრეკლოს ზარები ქართულად „აამღერა“
კომენტარები