გაიცანით ერეკლე კოპლატაძე – ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც ჰოლანდიური სამრეკლოს ზარები ქართულად „აამღერა“

5 ქართული მელოდიის ჰანგები 28 მაისს მთელ გრონინგენს (ნიდერლანდები) ესმოდა. ამ ჰოლანდიური საუნივერსიტეტო ქალაქის მთავარი კოშკის, მართინიკერკის შუასაუკუნეების სამრეკლოს ზარებით ცოცხლად შესრულდა „თბილისო“, „ჩიტო-გვრიტო“, „სულიკო“, ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი, რომ“ და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი“. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა – გრონინგენის უნივერსიტეტის კოშკის სამრეკლოდან დღესაც, ყოველ ნახევარ საათში ისმის ქართული მელოდიები.
ამ პროექტის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი, ქართველი სტუდენტი ჰოლანდიაში, ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე ჩვენი რესპონდენტია:

 

ერეკლე, თქვენი პროექტი, რომელიც გრონინგენში (ნიდერლანდები) საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განახორციელეთ, ძალიან შთამბეჭდავი იყო. როგორ დაიბადა იდეა და ვინ დაგეხმარათ განხორციელებაში? რა კრიტერიუმით შეარჩიეთ მელოდიები?

ეს პროექტი ერთ-ერთი ადვილად განსახორციელებელი იდეა აღმოჩნდა. სექტემბრიდანვე ვიცოდი, რომ 26 მაისისთვის რაიმე საინტერესო და სახალისო უნდა გამეკეთებინა, ამიტომ 26 მაისის აღსანიშნავად მუშაობა რამდენიმე თვით ადრე დავიწყე. თავდაპირველად მინდოდა ჩემი უნივერსიტეტის საქართველოს დროშის ფერებში განათება. სამწუხაროდ, ასეთი ტექნოლოგია არც უნივერსიტეტს აღმოაჩნდა და არც გრონინგენის სხვა ღირსშესანიშავ შენობებს. 26 მაისის აღნიშვნის იდეისთვის თითქმის დანებებული მქონდა თავი და ბიბლიოთეკიდან სახლისკენ მოვსეირნობდი, როდესაც უნივერსიტეტის კოშკის ზარები მომესმა, რომელიც საკმაოდ გრძელ მელოდიას უკრავდა.

მივხვდი, რომ ვიღაც ცოცხლად ასრულებდა. უნივერსიტეტში გავიკითხე, თუ ვინ იყო ის ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებას იღებდა, რა მელოდია გაჟღერდებოდა კოშკიდან. დავუკავშირდი კარილიონისტს, აუკე დე ბოერს, რომელიც არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამდე ქალაქში ყველაზე დიდი კოშკის კარილიონზეც კი უკრავს! გავაცანი ჩემი იდეა და თავადაც ძალიან მოეწონა. მან შემომთავაზა და მირჩია, რომ ქალაქის მთავარი კოშკიდან, მართინიკერკიდან დაგვეკრა ქართული მელოდიები. პარალელურად, ჩვენს საელჩოს დავეკონტაქტე და ჩვენი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, ბ-ნ გიოგრი შარვაშიძე დავპატიჟე უნივერსიტეტში სტუდენტებთან შესახვედრად. უნივერსიტეტის მთავარი შენობის წინ, ელჩის ვიზიტის და 26 მაისის აღსანიშნავად, ქართული დროშა აფრიალდა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ავარჩიე მელოდიები: სიმართლე რომ გითხრათ, რისი ნოტებიც ვიპოვე, ის ნოტები გავუგზავნე კარილიონისტს, შემდგომ კი მან აარჩია ისეთი მელოდები, რომლებიც ზარებზე კარგად გაჟღერდებოდა.

როგორც ვიცი, გრონინგენი საუნივერსიტეტო ქალაქია. როგორ აღმოჩნდით ამ ქალაქში (და საერთოდ, ჰოლანდიაში), სად სწავლობდით და სწავლობთ ამჟამად; რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

გრონინგენში ჩამოსვლამდე თურქეთში, გაეროს მიგრაციის ორგანიზაციაში ვმუშაობდი. 3 წელი ანკარაში მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში გამეღრმავებინა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. სიმართლე რომ გითხრათ, გრონინგენი ჩემმა შეყვარებულმა იპოვა და მეც ძალიან მომეწონა ის კურსი, სადაც ჩავაბარე.

რა იყო ყველაზე რთული პირველ პერიოდში, როგორც ახალგაზრდა კაცისთვის, რომელიც უცხოეთში აღმოჩნდა მარტო, ოჯახის გარეშე? როგორ გადალახეთ სიძნელეები?

უკვე 12-13 წელია უცხოეთში ვცხოვრობ. 13 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახით თურქეთში, ანკარაში გადავედით საცხოვრებლად (ერეკლეს მამა დიპლომატია – ნ. ლ.), თურქეთში 4 წელი ამერიკულ სკოლაში ვსწავლობდი. 17 წლის ასაკში პირველად აღმოვჩნდი მარტო, ოჯახის გარეშე ლონდონში, სადაც 5 წელი ვიცხოვრე; ვსწავლობდი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (University College London, 2010-2015 წწ.). ასე რომ, ამჟამად უკვე ვიცოდი, რა სიძნელეები დამხვდებოდა წინ… მაგრამ სულ მარტოც არ ვარ, 🙂 მე და ჩემი შეყვარებული ერთად ჩამოვედით გრონინგენში; სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ორივე სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობთ – ჩემი მიმართულებაა საერთაშორისო ურთიერთობები მიგრაციის კუთხით.

ერეკლე და ლაურა

ზოგადად, რას ურჩევდით მათ, ვისაც ჰოლანდიაში უნდა სასწავლებლად წასვლა? რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენი ახალგაზრდებისთვის ნიდერლანდების სამეფოში უმაღლესი განათლების მიღების მხრივ და რა საკითხები უნდა გაითვალისწინონ? რა მოთხოვნებია, სწავლა ფასიანია თუ არა, რა უჯდება სტუდენტს ცხოვრება და თუ აქვს პარალელურად მუშაობის უფლება და შესაძლებლობა?

თუ ჰოლანდიაში აპირებთ ცხოვრებას, პირველ რიგში, ველოსიპედის ტარება გაივარჯიშეთ. აქ ყველა ველოსიპედით დადის და თქვენც მოგიწევთ, თუ აქ ერთ კვირაზე მეტ ხანს დარჩებით. ჰოლანდიაში უფრო მეტი ველოსიპედია, ვიდრე მოსახლეობა.

სწავლა ფასიანია, კი, მაგრამ არის Holland Scholarship, ასევე საქართველოს განათლების ცენტრის მიერ შემოთავაზებული დაფინანსებები. უნივერსიტეტებიც სთავაზობენ დაფინანსებას სტუდენტებს, მაგრამ ამ ყველაფრის მოსაპოვებლად საჭიროა აპლიკაციის ადრე გაგზავნა. ამიტომ, თუ გინდათ ჰოლანდიაში ჩამოსვლა, გირჩევდით, რომ დეკემბერ-იანვარშივე დაიწყოთ აპლიკაციების დაგზავნა და დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობის ძებნა.

კიდევ ერთი დაბრკოლება რაც არის, საცხოვრებელია, განსაკუთრებით გრონინგენში. გრონინგენის რეპუტაცია, როგორც საერთაშორისო უნივერსიტეტის, უცებ გაიზარდა, ამიტომ ბევრი სტუდენტი ჩამოდის აქ სასწავლებლად. სამწუხაროდ, საკმარისი სტუდენტური საცხოვრებლები და ბინები არ აშენებულა, ამიტომ, კიდევ გავიმეორებ, ადრევე უნდა დაიწყოთ ბინის ძებნა.

სტუდენტს მუშაობის უფლება აქვს, თუმცა კვირაში მხოლოდ 10 საათი. სწავლის დამთავრების შემდეგ კი, 3 წლის ვადაში, ახლად დამთავრებულ სტუდენტს შეუძლია ერთწლიანი ვიზის აღება, რომელიც მუშაობის უფლებას მისცემს.

 თქვენ თუ მუშაობდით სტუდენტობისას?

მუშაობით არა, მაგრამ ვარ პროექტის „იყავი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებული. ასევე, ამ წლის განმავლობაში ვიყავი ჩემი მაგისტრატურის კურსის ელჩი.

რამდენად აქვთ ინფორმაცია ჰოლანდიელებს საქართველოზე და როგორ უყურებენ ემიგრანტებს?

საქართველოს ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება. ჩემი ჰოლანდიელი მეგობარი მეუბნებოდა, რომ 10-15 წლის წინ საშუალო ჰოლანდიელისთვის საქართველო იყო პოსტსაბჭოთა ქვეყანა და ყველასთვის საქართველო რუსეთთან ასოცირდებოდა. ახლა კი მათთვის საქართველო – საქართველოა. ჩემთვის ბევრს უთქვამს, რომ საქართველოში მოგზაურობა სურთ, განსაკუთრებით კი – სვანეთში. ერთ-ერთი პოპულარული ტელეგადაცემა „Wie is de Mol?“ თურმე სვანეთშიც იყო გადაღებული. იმის მერე ყველას სვანეთში უნდა მოგზაურობა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უყურებენ ემიგრანტებს, ამაზე სამაგისტრო თეზისის დაწერაც შეიძლება! მიუხედავად იმისა, რომ პოპულისტური პარტიები პოპულარულია, მე მაინც მგონია, რომ ემიგრანტებს კარგად ღებულობენ.

თქვენ რა მოგწონთ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად და ჰოლანდიელი მეგობრები თუ გყავთ?

თურქეთში რომ ვცხოვრობდი, ჯერ კიდევ მაშინ შევიძინე რამდენიმე ჰოლანდიელი მეგობარი, მაგრამ მათ ჩემზე ადრე დატოვეს თურქეთი. ჰოლანდიაში რომ მოვდიოდი, ისე აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობარიც გრონინგელი იყო (პირველად რომ გავიცანი, ამ ქალაქის სახელი გაგონილიც კი არ მქონდა). იგი ძალიან დაგვეხმარა გრონინგენში მოწყობაში. აქ კი სხვა ჰოლანდიელი მეგობრებიც შევიძინე, მაგრამ უმეტესად მაინც საერთაშორისო მეგობრები მყავს.

რაც შეეხება ჰოლანდიას, არ მეგონა, ასე თუ შემიყვარდებოდა. საათივით აწყობილი ქვეყანაა. ჰოლანდიელები კი ხანდახან ძალიან პირდაპირები არიან – არ მოერიდებათ თავიანთი აზრის გამოხატვა. ეს კი უცხოელებს ძალიან აბნევთ ხოლმე.

დავუბრუნდეთ თქვენს საქმიანობას ახალგაზრდა ელჩის ამპლუაში: რა პროექტები განახორციელეთ (სამრეკლოს ზარების გარდა – ეს მართლა უნიკალური იდეა იყო) და რას გეგმავთ მომავალში?

ჩემი პირველი პროექტი 14 იანვარს განვახორციელე – უნივერსიტეტში ძველით ახალი წელი აღვნიშნე. ღონისძიებაზე 60-მდე სტუდენტი, პროფესორი თუ ქართული დიასპორის წარმომადგენელი მოვიდა. შემდეგ მოვაწყვე რამდენიმე ქართული ფილმის ჩვენება. აპრილი დედაენის დღეს მივუძღვენი, უნივერსიტეტის ენების ცენტრში გამოვფინე ქართული ანბანი და ერთი თვის განმავლობაში ყველას შეეძლო ქართული ანბანის დათვალიერება და გაცნობა.

ასევე, დავესწარი „ენების კაფეს“, სადაც სტუდენტები თუ ადგილობრივები იკრიბებიან ახალი ენის შესასწავლად. ქართული ღვინით გავუმასპინძლდი ყველას, ვინც დაინტერესდა ჩემი საქართველოთი. ასევე, დედაენის დღეს მოვამზადე გამოფენა უნივერსიტეტში, სადაც ქართული ანბანის სამივე სახეობა იყო გამოფენილი. წარმოვადგინე 33 ქალაქის სურათი: თითო ქალაქი – თითო ასოზე.

„ქართული ენის კაფე“

აპრილშივე დავუკავშირდი ადგილობრივ მუზეუმს და მაისში მუზეუმში გავმართე პატარა სახელოსნო. ვიყიდე თეთრი მაისურები და ღონისძიების მიმდინარეობისას ქართული ასოები გადავიტანეთ მათზე. ვისაც რა უნდოდა, იმას დახატავდა და დააწერდა. ძალიან სახალისო ღონისძიება გამოვიდა.

მაისში დამოუკიდებლობის დღის ორგანიზებაზე ვმუშაობდი. ასევე, მონაწილეობა მივიღე უნივერსიტეტის საერთაშორისო დღის ღონისძიებაში, სადაც ქართული სამზარეულო წარმოვადგინე. ამ დღის სამზადისში ბევრი ქართველი დამეხმარა, როგორც სტუდენტები, ისე დიასპორის წარმომადგენლები, და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

ივნისში და ივლისის პირველ ნახევარში კი დისერტაციას ვწერდი, თუმცა ერთი პატარა პროექტი მაინც გავაკეთე, რაც ისევ სამრეკლოს ზარებს უკავშირდება. როგორც ვახსენე, ჩემი უნივერსიტეტის მთავარ შენობასაც აქვს შედარებით პატარა სამრეკლო ზარები. მე შევთავაზე, რომ ავტომატურ რეჟიმში დაეყენებინათ ქართული მელოდიები. ასე რომ, უნივერსიტეტის კოშკიდან ყოველ 30 წუთში ისმის 5 ქართული მელოდია („ჩიტო-გვრიტო“, „თბილისო“,„ყოველ სნეულებაზე“, ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი რომ“ და გია ყანჩელის „ის აქ არის“).

ქართულ დიასპორასთან თუ გაქვთ ურთიერთობა და ემიგრანტები და ნიდერლანდებში მყოფი ქართველი სტუდენტები რამდენად არიან ჩართულები თქვენს პროექტებში?

დიახ, რა თქმა უნდა, მაქვს ქართულ დიასპორასთან ურთიერთობა. ხშირად მათი დახმარებით ვემზადები ჩემი ღონისძიებებისთვის. ძირითადად, ქართული დიასპორა ჰააგასა და ამსტერდამშია. გრონინგენშიც არიან ქართველები და, როგორც ვახსენე, ხშირად მეხმარებიან ხოლმე.

ვცდილობ, სხვადასხვა ქალაქიდანაც ჩავრთო ღონისძიებებში ქართველი სტუდენტები. ამას წინათ ვესტუმრე ქართველებს როტერდამში. მომავალში კი მინდა ერთი ღონისძება ჰააგაში ჩავატარო. ასევე მინდა კულინარიული მასტერკლასი ჩავატარო ამსტერდამში. ვნახოთ, როგორ გამოვა.

თავად თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

აგვისტოს ბოლოს ვამთავრებ სწავლას. იმის იქით რა გეგმები მაქვს, ჯერ მეც ზუსტად არ ვიცი. თუ რამეს მირჩევთ და შემომთავაზებთ, გამიხარდება. 🙂

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

მოუსმინეთ ქართულ მელოდიებს სამრეკლოს ზარების შესრულებით:

კომენტარები