მედიცინამსოფლიოსაზოგადოება

ამერიკა ელექტრონული სიგარეტების წინააღმდეგ – ადამიანები კვდებიან, მიზეზი კი უცნობია

სექტემბერში ამერიკის ფედერალურმა და შტატის ხელისუფლებმა შეუტიეს ელექტრონულ სიგარეტებს და მათთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება მოითხოვეს.

ამ შეტევას წინ უძღოდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციიის ცენტრების მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ამერიკაში ელექტრონული სიგარეტების მოხმარებასთან დაკავშირებული ფილტვების დაავადებების, სულ მცირე, 530 შემთხვევა და სიკვდილის 7 შემთხვევა დაფიქსირდა.

24 სექტემბერს მასაჩუსეტსის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ოთხი თვით აკრძალა ყველანაირი ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა. ერთი კვირით ადრე კალიფორნიის მესვეურებმა მოითხოვეს რეგულაციების გამკაცრება – სან-ფრანცისკომ ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა ჯერ კიდევ ზაფხულში აკრძალა. თვის დასაწყისში კი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადდებოდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთელს ამერიკაში აიკრძალებოდა არომატიზებული ელექტრონული სიგარეტები – მათ შორის, პიტნის და მენთოლის არომატის პროდუქტები.

ელექტრონულ სიგარეტებს სხვადასხვა ფორმა აქვს. ამერიკაში ყველაზე პოპულარული კომპანია Juul-ის პროდუქტია, რომელიც ბევრი სხვადასხვა არომატის ელექტრონულ სიგარეტს უშვებს. თავდაპირველად თამბაქოს მოხმარების ეს ფორმა ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით უფრო უსაფრთხოდ მიიჩნეოდა. გაიზარდა ახალგაზრდების, მათ შორის, სკოლის მოსწავლეების რაოდენობაც, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარდნენ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ცნობით, ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებული ფილტვების დაავადების შემთხვევათა 16 პროცენტი 18 წლამდე ახალგაზრდებზე მოდის.

ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ცნობით, ჯერ ზუსტად არ დაუდგენიათ, თუ პროდუქტის რა კომპონენტია დამნაშავე – სითხე, კარტრიჯი თუ თავად მოწყობილება. ექსპერტების ვარაუდით, განსაკუთრებით საფრთხილო არალეგალური და, შესაბამისად არარეგულირებული სითხეებია, რომელშიც მომხმარებლები კანაბინოიდებს ურევენ – დაავადებულთა მაღალი პროცენტი ელექტრონულ სიგარეტებს ნარკოტიკული თრობისთვის იყენებდა.

ამ მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. ელიან, რომ არომატიზებული კარტრიჯების გაყიდვის აკრძალვის შემდეგ Juul-ის მილიარდიანი ბიზნესი 80 პროცენტით შემცირდება. ელექტრონული სიგარეტების კომპანიები ასევე აცხადებენ, რომ მათი პროდუქტი მაინც ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე სიგარეტი, რომელიც მხოლოდ ამერიკაში წელიწადში ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილთანაა დაკავშირებული.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close