მიგრაციამსოფლიოპოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

9 თვის განმავლობაში საბერძნეთში 32 ათასზე მეტი მიგრანტი შევიდა – განმეორდება თუ არა მიგრანტთა კრიზისი?

მიმდინარე წლის ზაფხულში ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 2017 წლის გაზაფხულის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მათი ძირითადი ნაწილი თურქეთიდან საბერძნეთში, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ჩადის. ამის გამო ევროპული ქვეყნების მედიასაშუალებები 2015-2017 წლის მსგავსი მიგრანტთა კრიზისის განმეორების საფრთხეზე წერენ.

კრიზისის განმეორების შესაძლებლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ევროპაში მიგრანტების შეშვებით დაიმუქრა, თუ ევროკავშირი თურქეთს დამატებით დახმარებას არ აღმოუჩენს.

2019 წლის დაწყებიდან დღემდე საბერძნეთის ტერიტორიაზე 32 ათასზე მეტი მიგრანტი შევიდა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (22 000) 1,5-ჯერ მეტია. ამის შესახებ, გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გერმანული გამოცემა Zeit-ი წერს. ბოლო თვეების დინამიკა უფრო სერიოზულია: 2019 აგვისტოში თურქეთიდან საბერძნეთში 8100 მიგრანტი შევიდა, მაშინ როდესაც წინა წლის აგვისტოში მათი რაოდენობა 3200-ს შეადგენდა.

მიგრანტების უმრავლესობა ეგეოსის ზღვის კუნძულებზე – ლესბოსზექიოსზე, სამოსზე, ლეროსზე და კოსზე ჩადის. მხოლოდ კუნძულ ლესბოსზე მდებარე მორიის ბანაკში, რომელიც 3 ათას მიგრანტზეა გათვლილი, ამჟამად 11 000 ადამიანი იმყოფება. გერმანული გამოცემა WAZ-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში 6300 მიგრანტზე გათვლილ ბანაკებში თითქმის 22 000 მიგრანტი ცხოვრობს, კიდევ 3600 ადამიანი კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებით საერთო საცხოვრებლებში განათავსა.

ანალოგიური პრობლემები შეინიშნება კვიპროსზეც, სადაც გასულ წელს 7,7 ათასი თავშესაფრის მაძიებელი იყო, მიმდინარე წლის 8 თვეში კი უკვე 6,5 ათასი განაცხადი დაფიქსირდა. გარდა ამისა, იტალიის ახალმა მთავრობამ ქვეყნის პორტებში ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების შეშვების ბრძანება გასცა.

კიდევ ერთი გერმანული გამოცემა Bayern Kurier-ი წერს, რომ 2019 წლის ივლისში ევროპაში თავშესაფარი 63 ათასმა ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება და 2017 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

2016 წლის მარტში ევროპული ქვეყნები მიგრანტების შეჩერების სანაცვლოდ თურქეთს 6 მილიარდი ევროს გადახდაზე შეუთანხმდნენ. ამ თანხის დიდი ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზე მიგრანტთა ბანაკების კეთილმოწყობაზე და მიგრანტების მკურნალობასა და განათლებაზე უნდა დახარჯულიყო. რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი თურქეთს დამატებით ფინანსურ დახმარებას არ აღმოუჩენს, მიგრანტები ევროპაში აღმოჩნდებიან. თავის მხრივ, ევროკავშირში განაცხადეს, რომ შეპირებული 6 მილიარდიდან 5,6 მილიარდი ევრო უკვე გადახდილია, დარჩენილი თანხა კი უახლოეს დროში იქნება გადარიცხული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close