მაკრონი და კონტე მიგრანტების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების მიღების ახალი, ავტომატური სისტემა უნდა შეიმუშაოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს. ემანუელ მაკრონის და ჯუზეპე კონტეს შეხვედრის შესახებ REUTERS-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მაკრონმა განაცხადა, რომ მიგრანტების მისაღებად ევროპას ავტომატური მექანიზმი სჭირდება.​ კონტემ კი დასძინა, რომ საფრანგეთისგან ისეთი სისტემის მხარდაჭერის გარანტია მიიღო, რომელიც მიგრანტებს ევროკავშირის 28 სახელმწიფოში გადაანაწილებს. ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარს იტყვიან, სერიოზული ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

მაკრონის თქმით, უფრო დეტალურად ამ საკითხს უახლოეს დროში ევროკავშირის სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები განიხილავენ.

გაეროს მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ხმელთაშუა ზღვა 39 289 მიგრანტმა გადაკვეთა. 840 მათგანი მოგზაურობისას დაიღუპა.

imedinews.ge

კომენტარები