სესილია თაყაიშვილთან სიცოცხლის ბოლო წუთებში სწორედ ზურიკელა იყო

„ქალაქი ანარა“, 1976 წ.
სესილია თაყაიშვილი ქართველებისთვის (და არა მარტო) ის სახელი და გვარია, რომელსაც არანაირი ეპითეტი აღარ სჭირდება. მაყურებლისთვის იგი უკვე დიდი ხანია იქცა ჭეშმარიტ ხელოვნებასთან, ცხოვრებისეულ სიკეთესთან, წუთისოფლის სატკივართან ამაღელვებელი შეხვედრის სიმბოლოდ.

1906 წლის 17 სექტემბერი სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა, 1984  წლის 21 მაისი – გარდაცვალების თარიღი. ახლა სწორედ ამ განუმეორებელ არტისტს გავიხსენებთ, არაჩვეულებრივ მსახიობს, რომელსაც „მეოცე საუკუნის ბებიას“, „საყოვეთაო ბებიას“ უწოდებენ.

„ყვავილთა შორის“

დიმიტრი და მარიამ თაყაიშვილების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ მათი უახლოესი ნათესავები და მეგობრები: ექვთიმე და ალექსანდრე თაყაიშვილები, ცეცილია, ეველინა და ალექსანდრე წუწუნავები, შალვა დადიანი, ელო ანდრონიკაშვილი და სხვები… ყოველთვის ანცი და ონავარი პატარა სესილია ისე ჩუმად უსმენდა ხოლმე მათ საუბრებს და მსჯელობებს, მშობლებს ავიწყდებოდათ კიდეც, ბავშვის ძილის დრო რომ იყო. განსაკუთრებით გურიიდან ჩამოსული ნათესავების მოსმენა უყვარდა – მონდომებით აკვირდებოდა მათ მზისგან დამწვარ, ნაოჭიან სახეებს, დაკოჟრილ ხელებს, ღიმილს, მზერას… მეორე დილით კი, მათი წასვლის შემდეგ, დიდი სარკის წინ სკამს დაიდგამდა, ზედ მოხერხებულად მოკალათდებოდა და ხან ერთ სტუმარს ანსახიერებდა, ხან მეორეს.

სწორედ იმ პერიოდში (1912-1913 წლები იყო) ბათუმში (თაყაიშვილების ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა) შალვა დადიანმა საფუძველი ჩაუყარა პროფესიულ ქართულ დრამატულ თეატრს – მანამდე ბათუმს საკუთარი თეატრი არ ჰქონია. დასის წამყვან მსახიობებს შორის იყო იმხანად ცნობილი მსახიობი ელო ანდრონიკაშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, პირველივე სეზონში ბავშვებისათვის საშინაო წარმოდგენა დაედგა. წარმოდგენას „ყვავილთა შორის“ ერქვა. ერთ-ერთი ყვავილის როლზე შვიდი წლის სესილია მიიწვია, რადგან გოგონას სამსახიობო მონაცემების შესახებ კარგად იცოდა. საოცრება მოხდა: ბავშვი, რომელიც საკუთარ სახლში დიდი გატაცებით ბაძავდა ხან ერთ, ხან მეორე ნაცნობს, ნამდვილი სპექტაკლის მოლოდინში ისე აღელდა, რომ მადა დაკარგა: საჭმელს აღარ ჭამდა, თამაშსა და გართობასაც სულ მიანება თავი. სპექტაკლის წინა ღამეს, ბავშვის დასამშვიდებლად, მშობლებმა ექიმსაც კი მიმართეს დახმარებისათვის.

საშინაო წარმოდგენას ბენეფისი მოჰყვა, რომელიც 1914 წლის 6 თებერვალს გაიმართა ბათუმის თეატრში. წარმოდგენაში დანარჩენ ექვს ბავშვთან ერთად პატარა სესილია ანგელოზს განასახიერებდა. „დარბაზში შუქი ჩაქრა, ხმაური მიწყდა და საცაა ფარდა უნდა გახსნილიყო. არაჩვეულებრივი განცდა დამეუფლა, – იმდროინდელი ბათუმის თეატრის ძლივს შეკოწიწებული დეკორაციაც ზღაპრულ სამყაროდ გადაიქცა და მღელვარებამ ხელ-ფეხი შემიკრა…“ – იგონებდა შემდგომში ქალბატონი სესილია. სწორედ იმ დღიდან შეიჭრა მის ცხოვრებაში სცენის ხიბლი და ის საოცარი იდუმალება, მუდამ თან რომ სდევს მსახიობის პროფესიას.

15 წლის იყო, აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში რომ ჩაირიცხა, რომლის დასრულების შემდეგაც, 1926 წელს, სესილია თაყაიშვილმა რუსთაველის თეატრის დასში განაგრძო მოღვაწეობა. რამდენიმე წლის შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა… მოკლედ, წლებს წლები ემატებოდა, როლებს – როლები როგორც რუსთაველის, ისე მარჯანიშვილის თეატრში და მაყურებლის სიყვარულიც თანდათან ძლიერდებოდა.

კინოდებიუტი და გრიმის საიდუმლო

სესილია თაყაიშვილმა სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა, კინო კი მის ცხოვრებაში 1945 წელს შემოვიდა. დებიუტი შოთა მანაგაძის ფილმში „ჭირვეული მეზობლები“ შედგა, სადაც რეჟისორმა გრამიტონის ცოლის, მანანას როლზე მიიწვია. ძალიან აღელვებდა და მუშაობისას თვით უმნიშვნელო ეპიზოდსაც კი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, თუმცა  სცენაზე დგომა უფრო უყვარდა, ვიდრე გადაღების პროცესი. ამბობდა კიდეც : „არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი – რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა“…

სხვათა შორის, იგი თავიდან ნებისმიერ როლზე უარს აცხადებდა. რეჟისორები მიჩვეულები იყვნენ ამას, ამიტომ სცენარს მაინც უტოვებდნენ, იქნებ წაგეკითხათ, დეიდა სესილიაო. ისიც ღამღამობით თავის ოთახში ჩუმად იწყებდა ფიქრსა და მუშაობას. დილით, ოთახიდან რომ გამოდიოდა, თუ მოსწონდა როლი, უკვე მასში იყო შესული. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩაცმულობას ანიჭებდა – სამოსი გმირის ხასიათის შესატყვისი უნდა ყოფილიყო. ამისთვის ზოგჯერ ძალზე რთულად მოსარგები შესამოსელის ჩაცმა არ ეზარებოდა. ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სესილიასთან ერთად ემზადებოდა საგრიმიოროში სცენაზე გასასვლელად, ამბობდა, რომ ვერაფრით ხსნიდა იმ საიდუმლოს, რომელსაც სესილია ფლობდა: „საათობით ვიმტვრევდი თავს და ძლივს ვაღწევდი ხოლმე რაღაცას. სესილია კი მოვიდოდა, გამოსწევდა თავისი მაგიდის უჯრას და სხვისთვის წარმოუდგენელი საშუალებებით, დაწყებული ყვავილის გამხმარი ფურცლით და ჩვეულებრივი მურით დამთავრებული, ერთ წუთში, ხელის ერთი მოსმით იცვლიდა სახეს“, – გაკვირვებას ვერ მალავდა დიდი ვერიკო.

გრიმის საიდუმლოს რომ ჩასწვდომოდა, სესილია ახალგაზრდობაში „ასინეთობასაც“ არ თაკილობდა: როცა საგასტროლოდ ჩამოსული რომელიმე სახელგანთქმული მსახიობის გრიმი ააღელვებდა, თურმე მასთან საგრიმიოროში მატა ჰარივით იპარებოდა და თვალს ადევნებდა ამ პროცესს. არ შეიძლება აქვე არ აღვნიშნოთ, რომ სესილიამ თავადვე შექმნა ასინეთას გარეგნული სახე ფილმში „დათა თუთაშხია“. ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ სცენარი გასაცნობად რომ მიუტანა და მეორე დღეს პასუხის მოსასმენად სახლში ესტუმრა, მსახიობი ოთახიდან იმ ტანსაცმლით შემოსილი გამოვიდა, რომელშიც შემდეგ მაყურებელმა ასინეთას როლში იხილა – შვილიშვილის ქურთუკის ჟილეტით, თავწაკრული – და „ჩესტი“ აუღო რეჟისორს.

წერილი „ასინეთას“

სესილია უამრავ წერილს იღებდა, რომლებშიც მაყურებლები მის მიმართ უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდნენ. ცხადია, ყველას ვერ პასუხობდა, მაგრამ ცდილობდა უყურადღებოდ არავინ დაეტოვებინა. ასინეთასთან დაკავშირებით ერთხელ ერთი მოხუცი ქალისგან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო: „ისე მძიმედ გავხდი ავად, ჩემი მორჩენის იმედი არავის ჰქონდა… შეჭირვებულ გუნებაზე რატომღაც ძალიან მომინდა სარკეში ჩამეხედა და უკანასკნელად შემევლო თვალი საკუთარი სახისთვის… სარკეში ჩემი თავი რომ დავინახე, ჭრელი ხილაბანდით თავწაკრული, დაუვარცხნელი თმებით, ლოყებჩაცვენილი, შევცბუნდი. მერე უცებ სიცილი ამიტყდა: მთლად იმ სასიკვდილე ასინეთას არ ვგავარ-მეთქი?! შვილები შიშით შემომცქეროდნენ, ხომ არ გაგიჟდაო, მერე იმათაც აუტყდათ სიცილი. მოკლედ, მეორე დღეს „წამოვფრინდი“ ლოგინიდან. ახლა კარგად და საღსალამათად რომ ვარ, თქვენი დამსახურება“, – წერდა ერთი ქალბატონი და ამისთვის დიდ მადლობას უხდიდა „მის გადამრჩენელს“. სესილიამ ამ ქალს ასინეთას როლში გადაღებული სურათი გაუგზავნა და თან მისწერა: „როცა თავს ცუდად იგრძნობ, ბარემ ამ სურათს დახედე, იცინე და იცოცხლე, რამდენ ხანსაც გინდა…“

დაუვიწყარი ოლღა ბებია

მიუხედავად თეატრსა და კინოში განსახიერებული არაერთი საინტერესო გმირისა, სესილია თაყაიშვილის შემოქმედების მწვერვალად ოლღა ბებიას როლია აღიარებული, რომელიც ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ მიხედვით „დაიბადა“ ჯერ მარჯანიშვილის თეატრში 1960 წელს, შემდეგ კი – კინოში 1962 წელს. ამ როლისთვის სესილიამ მსხვერპლი გაიღო – ჯანსაღი კბილები ამოიღო, რომ ეჩიფჩიფა.

ბატონი გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა: „როდესაც სესილიამ ჩემს სპექტაკლში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ ითამაშა, ის მართლა საყოველთაო ბებია გახდა. ხალხს ოჯახში სესილიას სურათი ეკიდა, როგორც საკუთარი ბებიისა. მახსოვს, იმ პერიოდში საქართველოში ჩამოსული იყო ფრანგი რეჟისორი და სპექტაკლი რომ ნახა, თქვა: ეს თქვენი ბებია არა არის, ბებიაჩემია, ახლაც ცოცხალია, პროვანსში ცხოვრობსო… ანუ მიიღო, როგორც ფრანგი ბებია. სესილია მაშინ 53 წლის იყო. იმ რეჟისორმა სესილიას სპექტაკლის შემდეგ დაუჩოქა და კაბის კალთაზე ემთხვია.

სხვათა შორის, ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა გიორგი ტოვსტონოგოვმა, რომელიც რუსულ თეატრში მუშაობდა, გადაწყვიტა, ლენინგრადში დაედგა სპექტაკლი. დადგა და სესილიას მოსწერა, ჩამოდით, ჩვენს სპექტაკლში ითამაშეთ ბებიას როლიო. სესილიამ კატეგორიული უარი შეუთვალა: რუსულად ვერ ვითამაშებო. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მშობლიურ ენასავით იცოდა, ვერ შეძლო ამ როლის თამაში. მაშინ ტოვსტონოგოვმა მოსწერა, ლონდონში მივდივარ გასტროლებზე, სპექტაკლი მიგვაქვს, წამოდით და ქართულად ითამაშეთო. მაინც უარი შეუთვალა სესილიამ. რომ ვკითხე, რატომ უთხარით-მეთქი უარი? „რა ვქნა, ილიკომ რომ მითხრას „ზდრავსტვუი ოლგა“, გავიქცევი სცენიდანო“, – მიპასუხა… საოცარი ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი მსახიობი. პირადად მე, ღამის სამ საათზე რომ გამაღვიძონ და მკითხონ, ვინ არის თქვენი საყვარელი მსახიობიო, სესილია-მეთქი – ვიტყვი“.

სხვათა შორის, მისი ეკრანული გმირების, განსაკუთრებით ოლღა ბებიას ბედს ძალიან განიცდიდნენ ოჯახის წევრები, უფრო მეტად – შვილიშვილები. თავად ქალბატონი სესილია იხსენებდა: „ოლღა ბებიამ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ მომსპო და გამაწამა. გახსოვთ ალბათ, ვკვდები იქ… ფუი ეშმაკს! მე კი არა, ოლღა ბებია კვდება. ჰოდა, რამდენჯერაც უყურებენ ამ ფილმს შვილიშვილები, იმდენჯერ ტირიან, ვეუბნები: თქვე დალოცვილებო, შემომხედეთ, აგერ არ ვარ ცოცხალი-მეთქი?! მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! ვინ იცის, რამდენჯერ დამიტირეს ეს ცოცხალი ადამიანი?! მაინც რა მიყო ნოდარ დუმბაძემ?! ვითომ რა იქნებოდა, არ მოეკლა ეს კეთილი ქალი?!.. თუმცა, მაგას რა ენაღვლება: რაღაც თვე-ნახევარში დაწერა თურმე რომანი და მორჩა, მე კი აგერ ორმოცდაათი წელია ვკვდები და ვკვდები! როგორი საქმეა?!..“

სესილია თაყაიშვილი და მისი ოლღა ბებია მაყურებლის ხსოვნაში დღემდე ცოცხალია, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ამ სტრიქონების წარმოთქმიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში (1984 წლის 22 მაისს), 78 წლის ასაკში, დაახლოებით ისე გარდაიცვალა, როგორც „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ მისი გმირი კვდება. ნიშანდობლივია ისიც, რომ როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს, ზურიკელას როლის შემსრულებელმა, სერგო ორჯონიკიძემ აიყვანა საოპერაციოში. ბოლო წუთებში მასთან სწორედ ზურიკელა იყო….

ბოლო როლი

განუმეორებელი მსახიობის ბოლო კინოროლი მოხუცი ბუღალტერი იყო ელდარ შენგელაიას ფილმში „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, სადაც სესილია სულ შვიდჯერ ჩნდება კადრში. მძიმე ავადმყოფი მიდიოდა ხოლმე გადაღებებზე, რადგან იცოდა, რომ ძალიან საჭირო იყო ფილმისთვის. კი ამბობდა, რას ვაკეთებ ისეთს, რომ სხვა მსახიობით ვერ შემცვალონო, მაგრამ… გადაღებების დროს გარეთ სასწრაფო ელოდებოდა, რაიმე რომ არ დამართნოდა (მისი სცენების ნაწილი ინფარქტამდეა გადაღებული, ნაწილი – ინფარქტის შემდეგ), დიდი მსახიობი ლამის სიცოცხლესთან განშორების გარდაუვალობის წინაშე იდგა, მაგრამ მაინც ძველებურად იხარჯებოდა.

რეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს:

„ცისფერ მთების“ სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ბუღალტრის როლზე უკვე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი კიდეც შინ.

– დეიდა სესილია, აი, სცენარი, მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა გაეცნოთ და…

– ყველაფერი დამთავრდა, არანაირ ფილმში აღარ ვითამაშებ, არც თეატრში ვთამაშობ. გაიგეთ, არ შემიძლია…

მაშინ ცოტა ვიეშმაკე და ასეთი რამ ვუთხარი: იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.

– რომელი რედაქტორი მე ვარ, სცენარი ვიკითხო. მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო  სცენარი ვიკითხო, – მომახალა.

ფარ-ხმალი არ დავყარე და როგორც იქნა, დავითანხმე… მეორე დღესვე დავურეკე და ვკითხე: კითხვა ხომ არ დაგიწყიათ-მეთქი?

– წავიკითხე. მოდი და რაღაცებს გეტყვი.

იმწამსვე გავვარდი… კარი თავად გააღო და რას ვხედავ, საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია: ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს, ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს:

– აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს და ქაღალდებით ხელში სულ უნდა დადიოდესო, – მითხრა.

– დეიდა სესილია, აგერ არა ხართ-მეთქი? – შევაპარე.

– არა, არა, მე არ შემიძლია, არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა. გაიგე რა, მე უკვე იმ ასაკისა ვარ…

– ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს.

მეც მაქანავებსო, შემომჩივლა.

ბოლოს და ბოლოს, მაინც მითხრა:

– კარგი, მაგრამ იჩქარე. იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.

გადასაღებ მოედანზე დიქტატორ რეჟისორებს არ ვგავარ, მაგრამ ამ შემთხვევაში გავხდი დიქტატორზე დიქტატორი, უმკაცრესი დისციპლინით. ზოგჯერ გადაღებაზე საავადმყოფოდან მოგვყავდა, მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა…“

ფილმის გამოსვლიდან სესილია სულ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ითხოვა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დედის სურათის უკან შენახული ანდერძი წაეკითხათ, სადაც წერდა:

ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.

დიდუბე არ მიყვარს და, გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა.

რა საჭიროა საპატიო ყარაული. ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!

იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას“.

დიდ მსახიობს თხოვნა შეუსრულეს და იგი საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

კადრი ფილმიდან „ნატვრის ხე“
მეორე სართულიდან გადაყრილი ჩემოდნები

სესილიას მეუღლე ასევე შესანიშნავი მსახიობი ვასო გოძიაშვილი იყო, რომლისგანაც ერთადერთი შვილი შეეძინა – დათო. ვასოს ძალიან უყვარდა სესილია, მაგრამ გამოუსწორებელი მექალთანე იყო. ექვსი წლის შემდეგ დასცილდნენ ერთმანეთს. სესილია სიამაყით ამბობდა, მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო, – პატიება ვერ შეძლო, მაგრამ მისი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდის შეინახა და უკანსკნელ გზაზეც ღირსეულად გააცილა.

„როგორც თვითონ ჰყვებოდა, მამაჩემი ხუთი წლის ყოფილა, როდესაც სესილია თავის ქმარს, ვასო გოძიაშვილს გაშორებია. მამაჩემს მარტო ზრდიდა და მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა. მამაც გიჟდებოდა დედამისზე. მამამისთანაც ჰქონდა ურთიერთობა. თვითონ სესილიას და ვასოსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ გაშორებულები იყვნენ, ვასოს ყველა ცოლი (ოთხი ცოლი ჰყავდა) ჩვენთან მოჰყავდა სტუმრად. დაჯდებოდა, დაუკრავდა, იმღერებდა, მოილხენდა… მეზობლები ფანჯრებში გადმომდგარები უსმენდნენ მის სიმღერებსა და ხუმრობებს…“ – იხსენებს სესილიას შვილიშვილი ნატა გოძიაშვილი.

1939 წელს, მარჯანიშვილის თეატრის ათი წლისთავთან დაკავშირებით, მსახიობთა ჯგუფთან ერთად სესილია თაყაიშვილს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, 1966 წელს კი სსრკ სახალხო არტისტი გახდა; დაჯილდოებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენებით. 1982 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1983 წლის დასაწყისში კი, გარდაცვალებამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე, ქართველი ხალხის უსაყვარლესი მსახიობი შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა, საქართველოს სახელმწიფო პრემია კი 1985 წელს, გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები