ქართველები უცხოეთშიბლიც-ინტერვიუინტერვიუ

„არასოდეს დამავიწყდება დედის მზერა წამოსვლის წინ – გრძნობდა, რომ უკანასკნელად ჩავეხუტე“

ქალბატონი ლია პეტრიაშვილი, რომელიც 15 წელია საბერძნეთში ცხოვრობს, ლანა ბიბილურიძის ბლიც შეკითხვებს პასუხობს.

ჩემი, ერთი ემიგრანტის ისტორია…

ეს ძალიან მტკივნეული თემაა, მე შევებრძოლე სიკვდილს დედმამიშვილის გამო… და დავამარცხე ის მძიმე შრომით და ღმერთის წინაშე მუხლმოყრილი ლოცვით და თხოვნით…

ემიგრანტობის პირველი დღეები…

პირველი ერთი თვე ახალთან შეხვედრა და გაცნობა, დაკვირვება, შეგუება სხვა ტრადიციებთან… მაგრამ მეორე თვიდან დაიწყო მონატრება, საშინელი სულიერი ტკივილით, ნოსტალგია რომ ჰქვია.

ის, რაც საზღვრებს მიღმა დავტოვე…

ეს არის ის თხუთმეტი დაკარგული ჯერ კიდევ ახალგაზრდული წელი, რომელიც აღარ დამიბრუნდება… და კიდევ დედასთან შეხვედრა და ჩახუტება, რასაც ვეღარ შევძლებ…

მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ნიშნავს…

ეს არის მტანჯველი ნოსტალგია, უსამშობლოდ არსად არავინ არ ხარ.

ვისაც უცხოეთში წასვლის სურვილი გაქვთ, გირჩევთ…

მოგიწოდებთ: ჯერ კარგად დაფიქრდით, გიღირთ კი ფულის გამო შვილების დატოვება? და მეუღლის სხვა ქალისთვის „ჩუქება“? გიღირთ იმად, რომ უთქვენოდ გაიზარდონ შვილები დედის მოფერების, სითბოს და ჩახუტების გარეშე? და თუ მაინც აუცილებელია წასვლა, მაშინ ელემენტარული, მცირე სალაპარაკო ენა ისწავლეთ, რომ სამსახური მალე იშოვოთ.

განსხვავება უცხო ქვეყანასა და ჩემს სამშობლოს შორის…

მე საბერძნეთში ვიმყოფები, ეს ქვეყანა ძალიან ჰგავს ჩემს სამშობლოს უძველესი კულტურით, რწმენით, ადამიანური ურთიერთობებით, მაგრამ ჩემთვის „არ გაიცვლების სამშობლო სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“.

საზღვარგარეთ ყოველთვის ვამაყობ…

ჩემი ქვეყნის ბუნებრივი სილამაზით, თოვლიანი კავკასიონით, ანბანით, ცივილიზაციით, ხალხური ცეკვითა და სიმღერით, სამზარეულოთი. ერის აღნაგობით, ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით, თითოეული კენჭითა და ბალახის ღერით…

საქართველოვ…

„შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო“…

არასოდეს დამავიწყდება…

დედის თვალებიდან დაჭერილი მზერა წამოსვლის წინ: გრძნობდა, რომ უკანასკნელად ჩავეხუტე.

მენატრება…

ჩემი სამშობლოს ჰაერით სუნთქვა. ფეხშიშველმა ვიარო ჩემს ეზოში ახლად აბიბინებულ ბალახზე, ჩემი ფანჯრიდან ისევ დავინახო ცივგომბორის მთის სიდიადე და სრულყოფილება.

ვეღარ ვუძლებ…

მართლაც ვეღარ ვუძლებ ადამიანთა შურითა და გესლით აღსავსე ლაპარაკს და ქცევას; კიდევ შუაზე გახლეჩილ ქართველ ერს „ვიღაცისტობის“ გამო…

ბედნიერი ვარ…

რადგან, როგორც შემეძლო, ბევრ გაჭირვებულს გავუმართე ხელი, ბევრ ადამიანს ვაჩუქე პატარ-პატარა სიხარული. ავისრულე ოცნება და ჯერჯერობით ორი წიგნის ავტორი ვარ. გეგმები კი – ძალიან ბევრი. ყველაზე დიდი სიხარული კი ჩემი დედმამიშვილების, მათი შთამომავლების კარგად ყოფნაა. სიხარულისთვის სულ ცოტა კმარა, თუნდაც ერთი თბილად მოკითხვა და გულით ნათქვამი: „როგორ ხარ?“

მჯერა…

მჯერა, რომ საქართველო და ქართველი ერი გადარჩება, აღსდგება ფერფლიდან; მჯერა, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული გადადის სხვა განზომილებაში; მჯერა ჩემი სარწმუნოების, სიკეთის, სიმართლის, სიყვარულის და ერთგულების; მჯერა, რომ სადღაც არსებობს ბედნიერება…

ლექსი, რომელიც დღევანდელობას შეესაბამება…

ალბათ ეს არის ჩემი პასუხი, ამ ყველა კითხვაზე ერთად გაცემული, ნაწყვეტი ჩემი ლექსიდან: „მანდ მოვკვდე“:

აბა, რად მინდა, „უცხოსა“ ხელსა ვყურობდე სხვისასა,

რას გადმომიგდებს, რას მომცემს, წყალობას მათხოვრისასა.

აქ „უცხოს“დედოფლობასა, მანდ მირჩევნია ვგლეხობდე,

აქ ფარჩა-ატლასის ჩაცმას, მანდ ჩითის კაბას ვჯერობდე,

მოვიძებნიდი ფერსწორსა, გულის ფიცარში ვეკვროდე,

არ დაგიდევდი ხმელ პურსა, შევჭამდი გავიხარებდე,

ერთ ქოხსაც შევიგულებდი, ვარდ-ყვავილებში ჩაფლულსა,

ბედნიერებას დავთესდი, თავს არ ვიგრძნობდი ჩაგრულსა.

ჩემი სამშობლოს სადარი, არსად მეგულვის მთა-ბარი,

მანდ მოვკვდე, გულზედ მეყაროს, ეგ მიწა დასაფიცარი.

დრო…

დრო, რომელიც არასოდეს გიცდის, რომელსაც თავქუდმოგლეჯილი უნდა გაეკიდო, რომ ცხოვრებას არ ჩამორჩე.

როდესაც ჩემს თავთან ვრჩები მარტო…

ტკივილები ღრუბლებივით წამოიშლებიან გულში და საყვარელი ადამიანების მონატრებით მევსება გული…

ჩემი გზავნილი ემიგრანტებს…

სათანადოდ დააფასეთ თქვენი შრომა. გადაინახეთ გამომუშავებული თანხა თქვენი სიბერისთვის, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close