თბილისში 35 წლის ქალმა ახალშობილი, სავარაუდოდ, ნაგავში გადააგდო
35 წლის ქალმა ახალშობილი, სავარაუდოდ, ნაგავში გადააგდო. წინასწარი ინფორმაციით, მან სახლში იმშობიარა.
როგორც საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულებაში უთხრეს, შეწყვეტილი ორსულობის გამო 35 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.
კლინიკა „ღია გულის“ კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათთან შეიყვანეს პაციენტი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.
„ქალი ამბობს, რომ იყო ორსულად და მოხდა ორსულობის შეწყვეტა. ამის შემდეგ განვითარდა სისხლდენა. მან კლინიკას თავის დროზე არ მიმართა. ორსულობის შეწყვეტა 26 აგვისტოს მოხდა. კლინიკაში სასწრაფომ 5 სექტემბერს მოიყვანა. ამჟამად არის რეანიმაციულ განყოფილებაში. პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობს სტაბილურად, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გაუარესება არ აღენიშნება. პაციენტი ვერ ამბობს, ზუსტად რომელ ხანას შეესაბამებოდა ორსულობა, როცა ის შეწყდა“, – განაცხადა ექიმმა.
სოციალური მუშაკი ანა სეხნიაშვილი აღნიშნავს, რომ ქალს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მისი ერთი წლის გოგონა სოცმუშაკებმა სანდო პირთან გადაიყვანეს.
„ოჯახის სანდო პირი იქნა მოძიებული. დედის თქმით, ამ სანდო პირის მიმართ ბავშვს ემოციური მიჯაჭვულობა აქვს და იქნება უსაფრთხოდ. ბავშვის დედას ოჯახი ჰყავს, მასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზრუნველობა და მეურვეობა აიღოს დედის ოჯახმა მცირეწლოვანზე. სანდო პირის ოჯახში ბავშვი იქამდე დარჩება, სანამ დედას არ გამოწერენ საავადმყოფოდან“, – აღნიშნა სოცმუშაკმა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 35 წლის შ. ს.-მ ოპერაციამდე, სამედიცინო პერსონალთან საუბრისას დაადასტურა, რომ ბავშვი გადააგდო. ამ დროისთვის ჩვილი ნაპოვნი არ არის.
შსს-მ 35 წლის ქალის საქმეზე დედის მიერ მშობიარობისას ან უმალვე, მშობიარობის შემდეგ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება დაიწყო.
მოამზადა ნინო ხოშტარიამ
კომენტარები