თამარ ფეიქრიშვილი: „რადგან უცხოეთში ვცხოვრობთ, ვინმეზე ნაკლებად არ გვიყვარს საქართველო…“
„ვფიქრობ, ჩემი შვედეთში ყოფნით უფრო მეტად ვეხმარები ჩემს ახლობლებს, ჩემს საქართველოს… თუმცა ვიტყვი, რომ მე „ციხეში“ ვცხოვრობ… “ – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას თამარ ფეიქრიშვილი, რომელიც წლებია ოჯახთან ერთად უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ეს აქტიური და მიზანდასახული ქალბატონი არაერთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მშობლიური ქვეყნის თუ ცალკეული პიროვნებების საკეთილდღეოდ. მარტო „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების უზომო სიყვარული რად ღირს მის მიმართ…
თუ როდის და როგორ აღმოჩნდა თამარ ფეიქრიშვილი და მისი არაჩვეულებრივი ოჯახი უცხოეთში, რატომ ცხოვრობს „ციხეში“, რა არის მისთვის ემიგრანტობა და როგორია სამომავლო გეგმები, – ამ ყველაფერს მკითხველი გულწრფელი ინტერვიუდან შეიტყობს, რომელიც მისი საქართველოში ყოფნისას ჩავწერე.
ქალბატონო თამარ, როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი ხანია, რაც შვედეთში ცხოვრობთ. მერამდენედ ჩამოხვედით ამ წლების განმავლობაში საქართველოში და რა ცვლილებებია, თქვენი აზრით, მშობლიურ ქვეყანაში?
შვედეთში ოცი წელია ვცხოვრობ, მაგრამ 24 წელია, რაც ემიგრანტი ვარ. შვედეთამდე გერმანიაში და შვეიცარიაში ვცხოვრობდი. თავიდან ხშირად ვერ ჩამოვდიოდი, ხუთი წელი, სანამ შვედეთის მოქალაქე არ გავხდი, საერთოდ არ ვყოფილვარ საქართველოში, მერე უკვე წელიწადში ერთხელ მოვდიოდი ოჯახთან ერთად. რაც ბავშვები წამოიზარდნენ, ბოლო შვიდი-რვა წელია, უფრო ხშირად ჩამოვდივარ, წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ.
ისე მენატრება ხოლმე საქართველო, ჩემი ხალხი, კარგი სიტუაციაა თუ ცუდი, აქ რომ ჩამოვდივარ, მაინც ბედნიერი ვარ.
შვილები ვახსენეთ და, გაგვაცანით თქვენი ოჯახი…
26 წელია დაოჯახებული ვარ, 1993 წელს დავქორწინდით მე და ჩემი მეუღლე ვაჟა ლომიშვილი. ორი შვილი გვყავს – ირაკლი და ანა-მარია ლომიშვილები. ირაკლი ხუთი თვის იყო, საქართველოდან რომ წავიყვანე, ანა-მარია შვეიცარიაში შეგვეძინა. ორივეს უყვარს საქართველო, გადასარევად საუბრობენ ქართულად და წერა-კითხვაც იციან.
ირაკლი 24 წლისაა, ფეხბურთი უყვარს ძალიან და დადიოდა კიდეც ფეხბურთზე, მაგრამ მოხდა ისე, რომ მსაჯობა არჩია, მუშაობს და პარალელურად სამხედროა. ანა-მარია კი სწავლობს და პარალელურად ისიც მუშაობს, დაწყებითი კლასის მასწავლებელია. გარდა ამისა, მუსიკითაც არის დაკავებული – დიჯეია.
ვიცი, რომ სწორედ თქვენი ოჯახი მასპინძლობდა მსახიობ ზურა ნიჟარაძეს, რომელიც აღფრთოვანებული მიყვებოდა, როგორ მიიწვიეთ შვედეთში და რა არაჩვეულებრივი დრო გაატარა ქართველი ემიგრანტების გარემოცვაში… თავად რატომ და როგორ აღმოჩნდით შვედეთში, სადაც, როგორც მითხარით, უკვე ორ ათეული წელია იმყოფებით და ალბათ გაითავისეთ კიდეც წლების წინანდელი უცხო გარემო…
ზურა ჩემი მეგობარია, არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან მიყვარს. მახსოვს, ერთხელ ერთ-ერთ ქართულ ოჯახში მივედი, სადაც სუფრა იყო გაშლილი. საერთოდ, შვედეთში ქართველები დღესასწაულებზე და დაბადების დღეებზე ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. იმ პერიოდში ზურას გადაცემა ჰქონდა, სადაც სადღეგრძელოებს ამბობდა. ვხედავ, ჩართულია ეს გადაცემა, ზურა ამბობს სადღეგრძელოს და მერე ეს ჩვენი ქართველები სვამენ. ძალიან მოსწონდათ ზურას სადღეგრძელოები. მაშინ შევპირდი ყველას, რომ ჩემი მეუღლის დაბადების დღეზე, 16 სექტემბერს აუცილებლად ჩავიყვანდი ზურას შვედეთში და ის იქნებოდა თამადა. გაეხარდათ, რადგან იციან, მე თუ რაიმე ვთქვი, აუცილებლად შევასრულებ, მაგრამ ეტყობა ცოტა ეჭვი ეპარებოდათ, თვითონ ჩემ მეუღლესაც კი… 🙂 რადგან არ მავიწყდება ის ემოციები და გაკვირვებული სახეები ჩემი მეუღლის დაბადების დღეზე.
შვედეთში წასვლის და იქ დარჩენის გადაწყვეტილება შეგნებულად მივიღე, ბავშვების გამო. დავრჩით და აგერ უკვე ოცი წელია იქ ვცხოვრობთ. მანამდე, როგორც გითხარით, გერმანიაში და შვეიცარიაში ვცხოვრობდით. გერმანიაში 1995 წელს საქორწილო მოგზაურობაში წავედით მე და ჩემი მეუღლე, ბავშვიც თან წავიყვანეთ – ერთი წლისაც არ იყო მაშინ ირაკლი. ერთი თვის შემდეგ უკან უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ მძიმე სიტუაცია იყო მაშინ საქართველოში: უშუქობა, უგაზობა… ჩვენ კი განათებულ ქვეყანაში ვიმყოფებოდით. თან გამიმართლა, ძალიან კარგ გარემოში აღმოვჩნდით. საერთოდ, მადლობა უფალს, ყოველთვის მიმართლებს ცხოვრებაში. მენატრებოდა დედა, ძმა, მეგობრები მენატრებოდნენ, მაგრამ რომ მახსენდებოდა, როგორი არეული მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში, გადავწყვიტე, ჩემი შვილის გამო დავრჩენილიყავით, სანამ ცოტა არ გამოსწორდებოდა ეს მდგომარეობა საქართველოში. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ გერმანიაში. არ წახვიდე, დაფიქრდიო, მეუბნებოდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი პირობები გვქონდა და ხალხიც თბილად გვექცეოდა, ვეღარ გავძელი. თან ბავშვიც წამოიზარდა და წამოვედით.
შვეიცარიაში 1997 წელს ჩავედით, სადაც, მგონი, მხოლოდ ერთი ქართული ოჯახი იმყოფებოდა – ზვიად გამსახურდიას ვაჟი და მისი მეუღლე – ნინო ერქვა, თუ სწორად მახსოვს. ჩემი მეუღლე მუშაობდა, მე კი ძალიან მალე დავფეხმძიმდი და 1998 წელს ანა-მარია შეგვეძინა. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაშიც ძალიან კარგად ვცხოვრობდით, მთელი სულით და გულით ქართველი ვარ და სადაც არ უნდა ვიყო და როგორ კარგადაც არ უნდა ვგრძნობდე თავს, მაინც მინდა, რომ სულ საქართველოში ვცხოვრობდე. შემომაწვა ნოსტალგია, დავიწყე წუწუნი და ისევ დავბრუნდით საქართველოში, მაგრამ… მოკლედ, იმდენად მძიმე სიტუაცია იყო მაშინ საქართველოში, ფაქტობრივად, შიმშილით იტანჯებოდა ხალხი, რომ ძალიან მალე, ბავშვების გამო, კვლავ გადავწყვიტეთ სხვა ქვეყანაში წასვლა. მე შვედეთი ვარჩიე, სადაც ალბათ ერთი- ორი ქართველი თუ ცხოვრობდა იმ პერიოდში. წავედით და დავრჩით, უკან დაბრუნებაზე არ გვიფიქრია.
არც ახლა ფიქრობთ? შვილები ხომ უკვე დიდები არიან?
უჰ… ყველაზე რთული კითხვაა… შვედეთში ჩავედი თუ არა, ძალიან მოკლე პერიოდში ქართული ცეკვის ანსამბლი დავაარსე, შვედ ბავშვებს ქართულ ხალხურ ცეკვებს ვასწავლიდი, 36 მოსწავლე მყავდა. მერე ქართულ-უკრაინული რესტორანი გვქონდა, ქართული ხინკალი, ხაჭაპური… ერთი პერიოდი ტურისტულ ჯგუფებსაც ვუშვებდი საქართველოში, ვცდილობდი, რომ ხალხს გაეცნო საქართველო. საერთოდ, სულ ვცდილობ, რომ ჩემს ქვეყანას რაღაცაში გამოვადგე. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში კარგად ვცხოვრობთ, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, აქ (საქართველოში – თ. ო.) დავრჩებოდი და ვიცხოვრებდი, მაგრამ… 2008 წელს ოჯახთან ერთად ჩამოვედი საქართველოში, სამი დღით ადრე ჩამოვფრინდით, სანამ ომი დაიწყებოდა და გადავრჩით, რასაც ქვია. მშიშარა არ ვარ, მაგრამ როცა საქმე შვილებს ეხება… თან პატარები იყვნენ მაშინ, ჩემი მეუღლე და ბიჭი ბორჯომში იყვნენ წასულები, თბილისში რომ მოდიოდნენ, მთელი გზა ვურეკავდი და მახსოვს, ჩემი შვილი აქეთ მამხნევებდა: დედა, ნუ გეშინია, მე არ მეშინიაო. ქართული სული მაინც სულ სხვაა, მაგრამ… მე მაშინ ვარ მშვიდად, როცა შვილები კარგად მყავს. ვფიქრობ, ჩემი შვედეთში ყოფნით უფრო მეტად ვეხმარები ჩემს ახლობლებს, ჩემს საქართველოს… თუმცა ვიტყვი, რომ მე „ციხეში“ ვცხოვრობ…
და ახლა სად არის ეს „ციხე“, რომელ ქალაქში ცხოვრობთ? რას საქმიანობთ?
ახლა ვარ ზღვის პირას, საკურორტო ქალაქ კარლსკრონაში (Karlskrona), სადაც, ფაქტობრივად, ყველა მცნობს. რესტორანი ცოტა ხნის წინათ დავხურეთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან გადავიღალე. ყველაფრის კეთება მე მიწევდა, თან მოგზაურობა მიყვარს ძალიან და ამ მოგზაურობასა და ხინკალ-ხაჭაპურის კეთებას ვეღარ ვუთანხმებდი ერთმანეთს, ამიტომ ისევ მოგზაურობა ავირჩიე. ამჟამად ქალაქის მერიაში ვარ, სადაც საპასუხისმგებლო სამსახური არ მაქვს, იქაც ჩემი განხრით ვმუშაობ, ანუ კარგი დიასახლისი ვარ, კარგ სადილებს ვაკეთებ. 🙂 იმის გამო, რომ საქართველოში ხშირად ჩამოვიდე, ძალიან კარგ თანამდებობაზე ვთქვი უარი. წინააღმდეგ შემთხვევაში წელიწადში მხოლოდ ერთხელ მომიწევდა ჩამოსვლა. საერთოდ, მინდა უფრო მეტი დრო დავუთმო ჩემ საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს, ნათესავებს… უფრო ხშირად ვიმოგზაურო, ვფიქრობ, უკვე ეს პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში.
რომელ ქვეყანაში მოგზაურობაზე ოცნებობთ?
ძალიან მინდა ამერიკაში წავიდე, მაგრამ დიდი ხანი ფრენა არ შემიძლია, არაკომფორტულად ვგრძნობ თავს და შიშის შეგრძნება მაქვს… თუმცა ამასაც გადავლახავ. ანა-მარიამ მთხოვა, მასთან ერთად წავიდე ამერიკაში და შევპირდი, თუ სტუდენტი გახდებოდა, წავიდოდი. გახდა სტუდენტი და აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ მაქვს… 🙂
პროფესიით ვინ ხართ?
ეკონომისტი ვარ, მასობრივი კვების ეკონომ-კომერსანტი. გარდა ამისა, 14 წელი ვცეკვავდი და შემიძლია ცეკვის მასწავლებელიც ვიყო.
სად ცეკვავდით, რომელ ანსამბლში?
პირველი ჩემი ქორეოგრაფი ბატონი გივი სიხარულიძე იყო, უსაყვარლესი ადამიანი. ვცეკვავდი, სანამ გავთხოვდებოდი, მერე უკვე აღარ მიცეკვია, თუმცა, როგორც გითხარით, ანსამბლი („საქართველო-შვედეთი“) მქონდა შვედეთში შექმნილი და ოთხი წლის განმავლობაში ქართულ ხალხურ ცეკვებს ვასწავლიდი შვედ ბავშვებს. ახლა უკვე დიდები არიან და რომ დამინახავენ, თამარა მასწავლებელს მეძახიან. გაზეთებში წერდნენ ჩვენზე, გადაცემებს აკეთებდნენ… მერე უკვე ვეღარ ვვითარდებოდი, თან ცოტა დამღლელიც იყო და დავანებე თავი, თორემ რომ ხედავ, „აჭარულს“, „სამაიას“, „კინტაურს“ როგორ ცეკვავს შვედი ბავშვი, ძალიან სასიამოვნოა.
რაც შეეხება კულინარიას, საქართველოშიც იყავით დაინტერესებული?
როგორც ჩანს, გენეტიკურია კულინარიისადმი ჩემი ინტერესი. 🙂 მამაჩემი (ვაჟა ფეიქრიშვილი) კარგი შეფ-მზარეული იყო, რესტორნებში მუშაობდა, ბოლოს უკვე ერთ-ერთი რესტორნის დირექტორიც გახლდათ.
შვედებს განსაკუთრებით რა მოწონთ ქართული სამზარეულოდან?
ხაჭაპური მოსწონდათ ყველაზე მეტად. ასევე, სალათები, ბადრიჯანი ნიგოზში, ხინკალიც ძალიან მოეწონათ. ერთადერთი, საცივზე მაინცდამაინც არ გადაირივნენ. საერთოდ, შვედებს, ჩვენი არ იყოს, ძალიან უყვართ ჭამა-სმა, 🙂 რასაც ვაკეთებდი, მოსწონდათ და გემრიელად მიირთმევდნენ.
თქვენი დაკვირვებით, ქართულ და შვედურ სამზარეულოს რა აქვს საერთო?
საერთოს ბევრს ვერაფერს ვხედავ. ძალიან ფართო არჩევანი შვედეთში არ არის, თუმცა გემრიელია, მაგრამ ქართულ სამზარეულოს არაფერი სჯობს. თევზეული აქვთ ძალიან კარგი და ყველაზე მეტად რაც მომწონს შვედურ სამზარეულოში, სოუსებია.
ჩვენი ჩასვლის დროს ერთი–ორი ქართული ოჯახი თუ იყოო შვედეთში, მითხარით… ახლა როგორია ემიგრანტების რიცხვი თქვენ ირგვლივ?
ახლა ალბათ ოთხი-ხუთი ქართული ოჯახი ცხოვრობს ჩემს ქალაქში. ერთ-ერთი ჩემი დაქალია, ჩემი საუკეთესო მეგობარი, წლებია ერთად ვართ, დავნათესავდით კიდეც, მისი შვილის ნათლია ვარ. ქართველები უფრო სტოკჰოლმში არიან. რაც უვიზო რეჟიმი შემოვიდა, ბევრი ჩამოვიდა. ერთი წლის წინ ვიყავი ჩასული სტოკჰოლმში, სადაც პატარა საქველმოქმედო საღამო ჩავატარე და მაშინ შევხვდი ქართულ ოჯახებს.
ვიცი, საქართველოშიც ეწევით საქველმოქმედო საქმიანობას…
მერიდება ამ თემაზე საუბარი… რაც უცხოეთში ვარ წასული, კონკრეტულად თავად ამოვარჩევ ხოლმე ადამიანს, ვისზეც რაიმეს წავიკითხავ ან ტელევიზიით ვნახავ და როგორც შემიძლია, ვეხმარები… შვედეთში ქალბატონი თინათინი, ბერი ანდრიას დედა მყავდა ჩაყვანილი, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. წლების წინათ ბერი ანდრიას საფლავზე ვიყავი მისული, სანთლები უნდა დამენთო და იქ ვნახე ბავშვი, რომელიც ერთი წელია გარდაიცვალა – რატი ერქვა. საფლავთან ჰყავდათ მიყვანილი ეს ბავშვი, მივედი და ვიკითხე ვინ იყო. ასე მგონია, ბემა ანდრიამ გამაცნო იგი, ძალიან შემიყვარდა. იმ დღის შემდეგ დავიწყე ფონდში სიარული, ყველა გავიცანი და როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი. რაც მთავარია, სიყვარული არ მომიკლია, ყველა მიყვარს, მაგრამ რატი გამორჩეულად მიყვარდა, სიცოცხლე მიხაროდა, იმ ბავშვს რომ ვხედავდი. მძიმე იყო ჩემთვის მისი გარდაცვალება… ახლაც არ ვარ გამოსული მდგომარეობიდან, დღე არ გავა, რომ არ გამახსენდეს…
ერთხელ შევპირდი დედა თინათინს, შვედეთში წაგიყვანთ-მეთქი, მინდოდა პირადად მას დახმარებოდნენ, ვისაც როგორ შეეძლო, მე არასოდეს არ მინდა, რომ ფულთან მქონდეს შეხება. ჩავიყვანე და დიდი მადლობელი ვარ შვედეთში მცხოვრები ქართველების, რომლებიც იმ საქველმოქმედო საღამოზე უანგაროდ დაეხმარნენ ბავშვებს.
საქართველოდან უკან რა მიგაქვთ ხოლმე?
პირველ რიგში, სითბო და სიყვარული მიმაქვს… ჩემი ძმა, მისი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები – ყველა ცდილობს, ბედნიერი მამყოფოს, როდესაც აქ ჩამოვდივარ და ეს სითბო და სიყვარული მიმაქვს უკან, რაც მორიგ ჩამოსვლამდე მყოფნის.
გარდა ამისა, მამა გაბრიელის ზეთი მიმაქვს, ასევე, ხატები, ღვინო საჩუქრად… აუცილებლად მიმაქვს ყველი, ტყემალი და აჯიკები… 🙂 ყინწვისის მონასტერში მოძღვარი მყავს, მამა საბა და ისეთი აჯიკები გამომიგზავნეს იქიდან, ალბათ ერთი ხუთი წელი მეყოფა. დედაოები აკეთებენ ამ აჯიკებს, ერთხელ მივირთვი, ძალიან მომეწონა და გამომიგზავნეს. გამიხარდა ძალიან, ღმერთმა დალოცოთ… ყველაფერია შვედეთში, მაგრამ ქართული მაინც ქართულია…
შვედეთში ადგილობრივებმა რა იციან საქართველოს, ქართული კულტურის, ქართული ენის შესახებ?
ჩვენ რომ ჩავედით, ოცი წლის წინ არავინ არაფერი იცოდა. ახლა იციან და მიხარია… მე სულ ამაზე ვზრუნავდი და ვზრუნავ, ვაკეთებდი ქართულ საღამოებს, საქართველოზე მომზადებულ გადაცემებს ვაყურებინებდი შვედებს და, სხვათა შორის, მერე ბევრი წამოვიდა საქართველოს მოსანახულებლად. 2008 წლის ომი რომ იყო, მაშინ უკვე ყველამ გაიცნო, იციან, საქართველო სად არის. რამდენიმე ოჯახი შემხვდა აქ, საქართველოში, რამაც ძალიან გამახარა. შვედეთში მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, კარგად მიღებს ყველა, ვუყვარვარ და, აქედან გამომდინარე, შვედს რომ დავინახავ საქართველოში, მოვალეობად ვთვლი, რომ მოვემსახურო და პატივი ვცე…
ქალბატონო თამარ, თქვენ მთელი ოჯახით შვედეთში იმყოფებით, დედათქვენი კი, როგორც ვიცი, საბერძნეთში ცხოვრობს..
დიახ, დედა (ნანა ფეიქრიშვილი) საბერძნეთში მყავს. 25 წელი ბიძაჩემიც იქ ცხოვრობდა ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. სამწუხაროდ, შარშან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. წელიწადში ორჯერ მაინც ჩავდიოდი ხოლმე საბერძნეთში და ახლაც ასე ვაგრძელებ. დედა, ბიძაშვილები, მათი ბავშვები, მეგობრები მყავს იქ და ხშირად ჩავდივარ.
თქვენ – შვედეთში, დედა – საბერძნეთში, ძმა– საქართველოში… ძნელი არ არის ასე ცხოვრება?
მონატრების მომენტია ძნელი, ამიტომ ვმოგზაურობ. მეგობარი მყავს შვეიცარიაში და იქაც ხშირად ჩავდივარ, იტალიაშიც მყავს ახლობლები და იქაც მივდივარ… იმიტომ ვთქვი კარგ თანამდებობაზე უარი, რომ ამდენი ვიარო. 🙂 ადრე უფრო მიჭირდა, რადგან მობილურებიც კი არ იყო, დედასთვის რომ დამერეკა და მისი ხმა გამეგო. გერმანიაში რომ ვცხოვრობდი, რამდენიმე კილომეტრს ველოსიპედით გავდიოდი, ჯიხურთან რომ მივსულიყავი, საიდანაც დავრეკავდი. თან ძალიან ცოტას ვსაუბრობდი, რადგან მალე „იყლაპებოდა“ ფული. ტკბილ-მწარედ მახსოვს ის პერიოდი. უცხოეთში რომ მიდიან, ჰგონიათ, იქ რაღაც მზამზარეული უნდა დახვდეთ, არადა, ასე არაა. ძალიან ბევრი გაჭირვება გავიარე, ტკივილი, მონატრება, მაგრამ უკან არასოდეს არაფერზე დამიხევია, არცერთი წუთი უსაქმოდ არ ვყოფილვარ. თან, როგორც გითხარით, მიმართლებს კიდეც. ისეთ დროს მივიღე შვედეთის მოქალაქეობა, ეს მართლა სასწაული იყო იმ პერიოდში. 2003 წელს, დედის დღეს დამასაჩუქრეს. ისე, შვედეთის მოქალაქე კი ვარ, მაგრამ არ ვიყენებ ხოლმე ამ პრივილეგიას.
ერთხელ ოთხი დღე რიგაში ჩავრჩი, ვულკანი ამოიფრქვა მაშინ და ფრენები შეწყდა. პირველები შვედეთის საელჩოდან მოვიდნენ და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში წაიყვანეს ხალხი, მე არ გავყევი, ქართველებთან დავრჩი და ისეთ სასტუმროში მიგვიყვანეს, სადაც შეუძლებელი იყო გაჩერება. ჩემი სურვილით წავედი მერე იმ სასტუმროში, სადაც შვედები წაიყვანეს და იქ 120 ევრო გადავიხადე ერთ ღამეში, როცა უფასოდ მივყავდი და არ წავედი.
სხვათა შორის, 2008 წლის ომის დროს, არ ვიცი, როგორ მომძებნეს, სულ რაღაც ერთ საათში გამომიყვეს „მარშუტკა“ და ჩემი ოჯახი ერევანში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ არ გავყევი, იმიტომ რომ ჩემი ძმა ომში იყო და მის ცოლ-შვილს ვერ მივატოვებდი. ვინ აღარ დამირეკა მაშინ შვედეთიდან და მას შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა შვედი ხალხი. რამდენიმე სკოლაში ვმუშაობდი მაშინ, დამირეკა ჩემი სკოლის დირექტორმა, ჩემი მეუღლის თანამშრომლებმა, რა გჭირდებათ, ფული გინდათ, რა გინდათ, ყველაფერს შეგისრულებთო… გავგიჟდი, კი ამბობენ, ცივი ხალხიაო, მაგრამ თუ შეუყვარდი, ძალიან კარგები არიან.
ემიგრანტების ყველაზე დიდ პრობლემად რას თვლით?
ალბათ მონატრებაა ყველაზე დიდი პრობლემა. წვალობენ, მუშაობენ, შვილები და შვილიშვილები ენატრებათ… არიან ემიგრანტები, დედა უკვდებათ და მის გასვენებაშიც კი ვერ მიდიან… საბერძნეთში, ომონიაზე რომ გავიარე, მე იქ ისეთი გულისტკივილი ვნახე, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მე ჩემს შვილებს ვერასოდეს დავტოვებდი, სადაც ვარ, მინდა, რომ ჩემი შვილებიც იქ იყვნენ, ასეთ სტრესს ვერ გავუძლებდი და ის ქალბატონები რა ძლიერები არიან, ამ სტრესს და მონატრებას რომ უძლებენ. როგორია, შენ შვილს ვერ ხედავ და სხვის ბავშვს უვლი. შვედეთში მსგავსი რამ არ ხდება, იმიტომ რომ გაცილებით ძლიერი ქვეყანაა…
რომ შეგეძლოთ, რას შემოიტანდით ამ ძლიერი ქვეყნიდან საქართველოში?
წესრიგს, სიმშვიდეს, მშვიდობასა და სტაბილურობას… იქ არავის ეშინია, რომ მშიერი იქნება; არავის ეშინია, რომ სამსახურის გარეშე დარჩება; არ ეშინია ხვალინდელი დღის, ჯანმრთელობის პრობლემის, იცი, რომ მოგხედავენ და ფულის გადახდა არ დაგჭირდება. მინდა, რომ საქართველოშიც ასე იყოს. ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია, როცა ამდენ გაჭირვებულ ადამიანს ვხედავ. რაზე უნდა იფიქრო, შენს ჯანმრთელობაზე თუ იმაზე, რომ ფინანსები არა გაქვს?! როგორ უნდა გადაარჩინო შენი შვილი ან დედა, ძმა, საყვარელი ადამიანები? ალბათ, ამას შემოვიტანდი – უფასო მკურნალობას…
რას ფიქრობდით, როცა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი გქონდათ, რომ უნდა დარჩენილიყავით შვედეთში და რას ფიქრობთ დღევანდელ ეტაპზე?
შვედეთში რომ მივდიოდით, მიზნად დავისახე, რომ აუცილებლად უნდა გავმხდარიყავი შვედეთის მოქალაქე, ჩემს შვილებს უნდა ეცხოვრათ მშვიდობიან ქვეყანაში, რათა ჩემსავით აქეთ-იქით არ ერბინათ, მაგრამ მაინც არ მეგონა, რომ დავრჩებოდით. ვფიქრობდი, გარკვეული დროის განმავლობაში ვიქნებოდით იქ და წამოვიდოდით, მაგრამ… ბავშვები ბაღში შევიყვანე, მერე სკოლა, ინსტიტუტი, სამსახური… და იმდენად კარგად არიან ჩემი შვილები იქ მოწყობილები, ისე ბედნიერები არიან, რომ ახლა უკვე რა გავაკეთო, არ ვიცი. ელემენტარულად, არ ვიცი, სად უნდა დავიმარხო, რომ მოვკვდები… ჩემი შვილები საქართველოში თუ არ წამოვიდნენ, ალბათ ვერც მე წამოვალ… თუნდაც აქედან გამომდინარე, არ არის მარტივი, იყო ემიგრანტი. მე ცოცხალიც მათთან მინდა ვიყო და მკვდარიც.
იმედია, თქვენი შვილები ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებენ…
ვნახოთ, მე ბედნიერი ვიქნები… ანა-მარია წელიწადში ერთხელ ყოველთვის ჩამოდის საქართველოში, ირაკლი ბევრად დაკავებულია, სამ წელიწადში ერთხელ უწევს ჩამოსვლა, მაგრამ წელს ოქტომბერში მთელი ოჯახი მოვდივართ, დედაჩემიც მოდის ამდენი წლების შემდეგ საბერძნეთიდან და ყველა ერთად შევგროვდებით ჩვენს მიწა-წყალზე…
დაბოლოს, თქვენი სათქმელი ემიგრანტებზე…
რადგან უცხოეთში ვცხოვრობთ, ჩვენ ვინმეზე ნაკლებად არ გვიყვარს საქართველო. არადა, ბევრისგან გამიგია: საქართველოს რომ უჭირს, არ არიან ჩვენ გვერდით, იქ კარგად ცხოვრობენ და პატრიოტები არ არიანო. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ პატრიოტები იქ უფრო მყავს ნანახი, ვიდრე აქ, საქართველოში… მე, პირადად, ყოველთვის საქართველოს გვერდით ვიყავი, ვარ და ვიქნები, უბრალოდ, არასოდეს პოლიტიკაში არ ჩავრეულვარ, არ არის ჩემი საქმე. და ვფიქრობ, იქ რომ ვცხოვრობ, ამით უფრო ვეხმარები ჩემს სამშობლოს, ახლობლებს, რასაც ალბათ ვერ შევძლებდი, აქ რომ მეცხოვრა.
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები