პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ეყოლება თუ არა საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრემიერი?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 2 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა. მამუკა ბახტაძე ამ მოვალეობას 14 თვის და 12 დღის განმავლობაში ასრულებდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ახალი პრემიერის ვინაობა ხვალ, 3 სექტემბერს გახდება ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც მედიასაშუალებები თავიან წყაროებზე დაყრდნობით რამდენიმე კვირაა ავრცელებენ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია განიხილება; სხვა ვერსიით, შესაძლოა საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს – მაია ცქიტიშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოს ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, მთავრობა კი თავისი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე აგრძელებს.
საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის ნდობის გამოცხადება სჭირდება. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტმა მთავრობას ნდობა უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს. მთავრობის ახალ შემადგენლობას საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგენს.
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება. მინისტრთა კაბინეტს ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, სულ ცოტა, 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებდნენ.
მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018 წლის 20 ივნისიდან იკავებდა. ამ პოსტზე მან გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მინისტრად დანიშვნამდე კი, 2013-2017 წლებში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო.
ცნობილი გახდა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც წინა სამთავრობო ცვლილებების შედეგად გაერთიანდა, კვლავ გაიყოფა და სპორტის სამინისტრო ისევ ცალკე შეუდგება მუშაობას. კულტურის მინისტრი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.
ბადრი მაისურაძე 30 აგვისტოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
წყარო: 1tv.ge; imedinews.ge
კომენტარები