რუსეთში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს რადიაციული საფრთხე არ ემუქრება
საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი ამბობს, რომ რუსეთში, არხანგელსკის ოლქში 8 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას საქართველოში რადიაციული ფონის ცვლილებაზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
მისივე თქმით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს სპეციალური სადგურები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ზომავენ სხვადასხვა მაჩვენებელს ქვეყანაში, მათ შორის, რადიაციის დონეს.
„8 აგვისტოდან, როცა აფეთქების შესახებ გახდა ცნობილი, ვაკვირდებოდით მონაცემებს და ბოლო თვეების, დღეების განმავლობაში რადიაციული დონის ცვლილება, პრაქტიკულად, არ დაფიქსირებულა. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ გაზომვების საფუძველზე, რომ არანაირი გავლენა 8 აგვისტოს აფეთქებას საქართველოზე არ მოუხდენია.
საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრია, გაეროს ორგანიზაციის, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არეგულირებს რადიაციულ საკითხებს. კონვენციის საფუძველზე ეს ორგანიზაცია სახელმწიფოებს ვალდებულებებს უწესებს, გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფოსგან შემდგარი სპეციალური ქსელიც და ინფორმაციას ვიღებთ ბირთვულ ინციდენტებზე. რაიმე ტიპის ინფორმაცია სადმე რადიაციული მატების შესახებ არ მიგვიღია“, – ამბობს ვასილ გედევანიშვილი.
ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლესინა ზერბომ ტვიტერზე გამოაქვეყნა აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციული ღრუბლის სავარაუდო გავრცელების მარშრუტი, სადაც მთელი კავკასიაა მოქცეული, მათ შორის, საქართველო.
batumelebi.netgazeti.ge
კომენტარები