ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

 „როდის დაბრუნდები, ლელა?“

„მეხუთე წელია იტალიაში ვარ და ერთადერთ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს: „როდის დაბრუნდები, ლელა?“ – და, სამწუხაროდ, პასუხი არა მაქვს…“ – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ქალბატონი ლელა ლაჩაშვილი, ემიგრანტი პოეტი, რომელმაც პროზაშიც ცადა ბედი, მოთხრობების კრებული გამოსცა და მკითხველთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა… ქალბატონი ლელა, ყველა სიკეთესთან ერთად, ჯგუფის „ქართველები იტალიაში“ ადმინისტრატორიც გახლავთ და უცხოეთში მყოფ თამამემამულეებს არაერთი პრობლემის გადაწყვეტაში ეხმარება.

ქალბატონო ლელა, ცოტა ხნის წინათ, უფრო სწორად, ამ გაზაფხულზე, წიგნის პრეზენტაცია გქონდათ იტალიაში – თქვენი მოთხრობები შესთავაზეთ მკითხველს, არადა, როგორც პოეტს, ისე გიცნობდნენ…

ჩემი ემიგრანტული მოთხრობების კრებული „იქ, სადაც შენ არ ხარ, ზღვებია“ გამომცემლობა „კალმოსანმა“ (ქ. თბილისი) დაბეჭდა. შვიდი თვის განმავლობაში ვწერდი ამ მოთხრობებს. ვწერდი მატარებელში, სკვერში, ქუჩაში, სახლში… რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ვწერდი ყველაფერს. აქვე გეტყვით, რომ მე ვარ ემიგრანტული ჯგუფის „ქართველები იტალიაში“ ადმინისტრატორი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირდაპირ ჯგუფში იწერებოდა ეს მოთხრობები, ისე რომ ხშირად გადაკითხვასაც ვერ ვასწრებდი. მიუხედავად ამისა, თავიდანვე შეიყვარა მკითხველმა და მერე სწორედ მათი ინიციატივით მოხდა წიგნად აკინძვა. რამდენადაც ეს ჩემი დებიუტი იყო პროზაში, არ მოველოდი ამხელა ინტერესს თუ გამოიწვევდა ემიგრანტებში, მაგრამ პრეზენტაციაზე, რომელიც გაზაფხულზე ქ. ბარიში ჩატარდა, მივხვდი, რომ ეს დებიუტიც შედგა.

ლექსებს რაც შეეხება, ბავშვობიდან ვწერ ანუ იმ ასაკიდან, რაც ლაპარაკი დავიწყე. ვიდრე წერას ვისწავლიდი, დედა იწერდა ჩემს ზეპირ გამონათქვამებს. ვიბეჭდებოდი საბავშვო ჟურნალ „დილაში“, გაზეთ „ნორჩი ლენინელში“, შემდეგ – ჟურნალ „აისში“…

და ლექსების კრებულიც გაქვთ გამოცემული…

დიახ, ჩემი ლექსების კრებული ჯერ კიდევ ემიგრანტობამდე დაიბეჭდა. „ჩემი ფანჯრიდან“ – ასე ჰქვია ამ კრებულს. სამწუხაროდ, გაყიდვაში აღარაა, მხოლოდ რამდენიმე ცალი დამრჩა თვითონაც. მოთხრობების კრებული კი „ბიბლუსის“ მაღაზიებში იყიდება, თბილისში.

პროფესით ვინ ბრძანდებით და როდის და რატომ მოგიხდათ მშობლიური ქვეყნის დატოვება?

პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგი ვარ, თუმცა სკოლაში არასოდეს მიმუშავია. რა იყო ჩემი ემიგრაციაში წამოსვლის მიზეზი? – თავისთავად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ალბათ. სტუდენტი მყავდა ბიჭი და სწავლის ფული მქონდა გადასახდელი, თუმცა შეიძლებოდა უცხოეთში წამოსვლის გარეშეც მოგვარებულიყო პრობლემა, მაგრამ ინტერესმაც გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდნენ ქართველები საზღვარგარეთ. დიდხანს არ მიფიქრია, სულ რაღაც ერთ კვირაში ავიღე ბილეთი „თბილისი-სტამბოლი-რომი“ და ასე, სრულიად მოუმზადებლად და გაუაზრებლად დაიწყო ჩემი ემიგრანტული ცხოვრება.

იტალიაში ჩასული, პირველად სად მოხვდით და როგორ გაითავისეთ იქაურობა? რა პრობლემების გადალახვა მოგიხდათ, რა იყო იმ ეტაპზე ყველაზე დიდი სირთულე თქვენთვის და დღეს რას ფიქრობთ, სწორად მოიქეცით, უცხოეთში წასვლა რომ გადაწყვიტეთ?

თავიდან ბართან ახლოს, პატარა ქალაქ ადელფიაში ვმუშაობდი. ძალიან გამიჭირდა, ენის არცოდნის გამო არაერთხელ ჩავვარდნილვარ გამოუვალ სიტუაციაში, ამიტომ მათ, ვინც იტალიაში აპირებს წამოსვლას, ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ აუცილებლად დაიჭირონ თადარიგი და ყოველდღიურად საჭირო სიტყვები მაინც ისწავლონ.

დღეს რას ვფიქრობ? იცით, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიყო იქ, სადაც საჭირო ვარ და მე ზუსტად იქ ვარ ახლა, ამწუთას. მე ვჭირდები ემიგრანტ თანამემამულეებს და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, რომ წამოვედი. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი.

ჯგუფი „ქართველები იტალიაში“, რომლის ადმინისტრატორიც თქვენ ბრძანდებით, მართლაც საჭირო, კეთილ საქმეს აკეთებს – ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს არა მარტო ახალ ინფორმაციებს აწვდით, არამედ ეხმარებით და რჩევებსაც აძლევთ… ჯგუფის ძირითადი მიზანი და სათქმელი რა არის?

„ქართველები იტალიაში“ 30 ათას ემიგრანტს (და არა მხოლოდ) აერთიანებს. ეს ადამიანები იტალიის სხვადასხვა მხარეში არიან გაბნეულები. სამი წელია რაც ჯგუფი არსებობს და შემიძლია ვთქვა, რომ ჩანაფიქრი სრული დატვირთვით ამოქმედდა. ორი სიტყვით გეტყვით, რა იყო ჩემი მიზანი მაშინ, როცა ემიგრანტების ჯგუფში გაერთიანებას ვცდილობდი: პირველი ის, რომ მათ ჰქონოდათ სრული ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე და შესძლებოდათ ერთმანეთს დახმარებოდნენ. მეორე პრობლემა, რასაც ვებრძოდი, სამსახურებით ვაჭრობა იყო – ანუ ქართველი ქართველს სამსახურს საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ სთავაზობს აქ და ესენი ყოველთვის არ არიან ეგრეთ წოდებული დამსაქმებლები, რომლებსაც ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საქმე. ამას ჩვეულებრივი ადამიანებიც აკეთებენ და სამსახურის ნომერის შეთავაზების სანაცვლოდ ფულს ახდევინებენ ერთმანეთს. ამას სხვა არცერთი ერის წარმომადგენელი, არც რუმინელი, არც პოლონელი, არც რუსი არ აკეთებს აქ, ეს მავნე ჩვევა ქართველებს აქვთ მხოლოდ სისხლში და ხორცში გამჯდარი.

სიტყვამ მოიტანა და – პირდაპირ გეტყვით: მეხუთე წელია აქ ვარ და იმდენ სიყვარულს ვგრძნობ ემიგრანტებისგან მას შემდეგ, რაც ჯგუფში წესად დავნერგე უანგაროდ სამსახურის შეთავაზება ერთმანეთისთვის, რომ არასდროს სამსახურის ყიდვა არ დამჭირვებია. დავწერ, რომ მჭირდება სამსახური, როცა უმუშევარი ვრჩები და მთავაზობენ, ისევე როგორც მე ვთავაზობ მათ, როცა რაღაც ვაკანსია ჩნდება. ერთი თვის წინ უმუშევარი დავრჩი. როგორც წესი, დავწერე ჩემს ფეისბუქგვერდზე, რომ სამსახურს ვეძებდი. შემომეხმიანა ერთი თელაველი ქალბატონი და მითხრა, რომ მის მეგობარს, ასევე თელაველ, ვინმე ნინო ფარადაშვილს აქვს სამსახური და ჩემი სახელით შეეხმიანეო. მე თვითონ თელაველი ვარ, მართალია 30 წელია თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი ქალაქი თელავია და როგორ შეიძლება, არ ენდო შენი კუთხის წარმომადგენელს?! ან რას იფიქრებ, რომ ადამიანი, რომელიც ოთხი წელია ებრძვი ამ მავნე ჩვევას, თვითონ აღმოჩნდები ფულზე დახარბებული ადამიანის მსხვერპლი?!

მოკლედ, შევეხმიანე ამ ქალბატონს და დავიწყე მუშაობა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთი თვის მერე, ხელფასის დღე რომ მოახლოვდა, მირეკავს ეს ქალბატონი და მეუბნება, რომ სამასი ევრო მაქვს გადასახდელი. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როცა მივხვდი, რომ ხაფანგი დამიგეს, წინასწარ არც გამაფრთხილეს, რომ „გასაყიდ“ სამსახურს მთავაზობდნენ. ეს მე მომექცნენ ასე, ადამიანს, რომელსაც უამრავი ემიგრანტი მიცნობს და რამდენად დაუცველია აქ ახალი ჩამოსული გაჭირვებული ადამიანი, თავად განსაჯეთ. ეს ამბავი ისე დამთავრდა, რომ ჩემი უარის შემდეგ ამ ქალმა მოახერხა ოჯახში საქმე გაეფუჭებინა ჩემთვის და იძულებული გამხადა, სამსახური დამეტოვებინა. არ გეგონოთ, ამის დაწერა პირადმა შეურაცხყოფამ მაიძულა მხოლოდ, არა, უბრალოდ, ვიღაცამ თუ არ ამხილა ერთი ადამიანი მაინც, ამ სენს არაფერი ეშველება და რაც დრო გადის, უფრო და უფრო გადამდები ხდება ემიგრანტებში.

საერთოდ, ქართველების ყველაზე დიდი პრობლემა რა არის ამჟამად, თქვენი გადმოსახედიდან?

სიყვარულის დეფიციტია საქართველოში, ერი ორადაა გახლეჩილი, რაც ასევე ცუდად აისახება აქაურ ყოფაზე. თუ ერთმანეთის პატივისცემა და დანდობა არ გვექნება, ვერანაირი პოლიტიკა და „პოლიტიკოსები“ ვერ გვიშველის. სიყვარული და თანადგომა გადაგვარჩენს მხოლოდ.

წერისთვის დრო გრჩებათ?.. იტალიამ რა შემატა თქვენს შემოქმედებას, რაზე დაგაფიქრათ?

ბოლო დროს ლექსს ვეღარ ვწერ, ან თუ ვწერ, იშვიათად… სიყვარულის დეფიციტი მუზაზეც ცუდად მოქმედებს. განწყობა და დრო სჭირდება ლექსის წერას, თუმცა აქ ბევრი ლექსი დამიგროვდა და სამომავლოდ ვფიქრობ კრებულის გამოცემას. ჯერჯერობით კი ემიგრანტებს ვჭირდები, მოვა მაგის დროც – უფრო მშვიდ გარემოში.

ემიგრანტი პოეტის მომავლის გეგმები მშობლიურ ქვეყანას თუ უკავშირდება?

ამ მხრივ არანაირი გეგმები არ მაქვს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი… დრო ყველაფრის მკურნალია და ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. ერთს ვფიქრობ მხოლოდ: დაბრუნების სურვილი არ დავკარგო.

პირადი ცხოვრების შესახებ რას გვეტყვით?

ორი ვაჟი (დავითი და ნიკოლოზი) და ორი შვილიშვილი (დემეტრე და ალექსანდრე) მყავს. ბავშვები მხოლოდ ვიდეოთვალით მხედავენ, უფროსი ბიჭი, დავითი ორჯერ იყო ჩემს სანახავად ჩამოსული იტალიაში, ერთხელ მეუღლესთან ერთად, მეორედ – მარტო. წიგნი მან დამიბეჭდა და ჩამომიტანა იტალიაში პრეზენტაციაზე. მომავალ წელსაც ჩამოვა ალბათ, მე თუ ვერ ჩამოვედი საქართველოში.

დავითთან ერთად წიგნის პრეზენტაციაზე
შვილიშვილი – დემეტრე
შვილიშვილი – ალექსანდრე

უცხოეთში რა მოგწონთ ყველაზე მეტად? თუ არის რაიმე ისეთი, რის დამკვიდრებასაც საქართველოში ისურვებდით?

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს იტალიელებში, მათი ეროვნების უპირატესობაა. რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყო, „სტრანიერს“ (უცხოელს) თავისი ცუდი ურჩევნიათ. ყაირათიანი ხალხია, ფულის ხარჯვაც იციან და შრომის ფასიც. ძალიან მომწონს ამათი სოფლები, ერთ გოჯ მიწას ვერ ნახავ დაუმუშავებელს. კახელი ვარ და მე რომ ვენახი მქონდეს, აუცილებლად გავაკეთებდი სეტყვისაგან დამცავ გადასაფარებლებს, როგორიც აქ მაქვს ნანახი. ძნელია, გლეხი რომ ცას მისჩერებია და რისკავს მთელი წლის სარჩო-საბადებელს.

საერთოს თუ ხედავთ რაიმეს ქართველებს და იტალიელებს შორის?

ქართველები ოჯახის და ტრადიციების სიყვარულით ვგავართ იტალიელებს, კიდევ – მშობლების პატივისცემით და სიყვარულით.

საკუთარ თავს რა შეკითხვას დაუსვამდით და რას უპასუხებდით?

მეხუთე წელია იტალიაში ვარ და ერთადერთ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს: „როდის დაბრუნდები, ლელა?“ – და, სამწუხაროდ, პასუხი არა მაქვს…

პასუხამდე, ემიგრანტი პოეტის გზავნილი როგორი იქნება საქართველოში?

„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“ – ეს სიტყვები პოეტს (ჯანსუღ ჩარკვიანს) სულ სხვა თემაზე აქვს დაწერილი, მაგრამ ჩემი გზავნილიც ეს იქნება ჩემი ქვეყნისათვის. საქართველოში თუ არაფერი შეიცვალა, ალბათ ვერ დავბრუნდებით… რაც მეტი დრო გავა, მით უფრო გაჭირდება დაბრუნება.

‌იქ, სადაც შენ არ ხარ…

იქ, სადაც შენ არ ხარ, ზღვებია –

დანარჩენს შენ თვითონ მიხვდები,

უფესვო ხესავით ხმებიან

წლების და ასაკის მიხედვით,

ქალები ოჯახის ეგიდით,

სახლში რომ მარტო ვერ რჩებოდნენ,

რომ მერე, ნატკენი მხრებივით

აქ გზები ეთრიათ ჩემოდნით.

იქ, სადაც შენ არ ხარ, ზღვებია –

ტალღები, თევზების ქარავნით…

დროებით მოსული ბევრია,

დროულად წასულნი – არავინ…

წარსულის დიდება წესია,

აწმყოზე გლოვით და ღაღადით,

პირისპირ არასდროს გესვრიან,

ზურგსუკან სჩვევიათ ღალატი.

მოპარულ ლუკმასაც გიყოფენ,

ენასაც საჭირო ძვლები აქვს.

ცხვრის ტყავით ფარაში ნამყოფნი,

მგლებივით ხროვაში ხვდებიან.

იქ, სადაც შენ არ ხარ, ზღვებია –

ათასჯერ უსიზმროდ ნანახი,

და მაინც, ვინც ჩვენზე მეტია,

ჯერ იმან გვესროლოს ტალახი!

ამ ლექსით დაგემშვიდობებით, ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი.

გმადლობთ, ქალბატონო ლელა, სამშობლოში მალე დაბრუნებას გისურვებთ!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

წიგნის პრეზენტაციაზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close