იტალიის ახალმა მთავრობამ შესაძლოა არალეგალური მიგრაციის შეზღუდვა გააუქმოს

იტალიელი ლიბერალები აპირებენ, კოალიციაში სავარაუდო კოლეგებს „5 ვარსკვლავის მოძრაობიდან“ რამდენიმე პირობა წაუყენონ – ამის თაობაზე LA REPUBBLICA დღეს, 22 აგვისტოს წერს.

კერძოდ, ლიბერალების ლიდერები კოალიციური მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრების განხილვას მოითხოვენ.

აგრეთვე, ისინი აპირებენ უსაფრთხოების დეკრეტის გაუქმებას (რომელიც არალეგალურ მიგრაციას ზღუდავს) და პარლამენტის ორივე პალატაში დეპუტატთა რიცხვის შემცირების შესახებ კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნას.

ექსპერტების ვარაუდით, რამდენადაც უსაფრთხოების დეკრეტი „ლიგის“ ინიცირებული იყო, ამ საკითხზე დი მაიოს და ძინგარეტის პარტიებს შეთანხმება არ გაუჭირდებათ; რაც შეეხება დეპუტატთა და სენატორთა რიცხვის შემცირებაზე უარის თქმას, შესაძლოა ეს დამაბრკოლებელი გახდეს „5 ვარსკვლავის მოძრაობისა“ და ლიბერალური დემოკრატიული პატიის მიერ „ლიბერალურ-ანტიელიტური“ უმრავლესობის და ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის გზაზე, რამდენადაც ეს საკითხი „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წინასაარჩევნო დაპირებათა შორის იყო, თუმცა, სხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, ლიბერალები დაჟინებით არ ითხოვენ პარლამენტიდან ამ კანონპროექტის გამოწვევას.

ამასობაში დამთავრდა კონსულტაციები პრეზიდენტის რეზიდენციაში კვირინალეს სასახლეში (Palazzo del Quirinale). სერჯო მატარელას ბოლოს „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი ლუიჯი დი მაიო შეხვდა.

„ჩვენ არ მივცემთ გემს ჩაძირვის საშუალებას, რადგან იტალია – ეს ჩვენ ყველანი ვართ განსხვავებული ინტერესების მიუხედავად“, – განაცხადა დი  მაიომ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

თავად პრეზიდენტის თქმით, ახალი კონსულტაციები სამშაბათს გაიმართება. „კრიზისი მალე უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა იტალიის სახელმწიფოს ფორმალურმა მეთაურმა სერჯო მატარელამ. სავარაუდოდ, ყველაფერი მომავალი კვირის ბოლომდე გაირკვევა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები