ირინა იოსებაშვილი: „რომელი ფულით ვიყიდო ათი წლის დაკარგული სიყვარული?!“

ირინა იოსებაშვილი, ქართველი ემიგრანტი, რომელიც წლებია საბერძნეთში, ათენში ცხოვრობს და მუშაობს, ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს.

ჩემი, ერთი ემიგრანტის ისტორია…

ასე რომ ვთქვათ, ქალად დავიბადე, არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი – აი, ასე ვიწყებდი დღემდე ჩემი ამბავის მოყოლას… ახლა უკვე გაზრდილმა ქალმა გადავწყვიტე, რომ წარსულზე წუწუნი სამუდამოდ შევწყვიტო. არ მიყვარს სუსტი ქალები, მუდმივად საზოგადოებას თავს რომ აცოდებენ და წუწუნებენ. ეს შენი ბედია, გზა, რომელიც შენ აირჩიე და მორჩა! სამწუხაროდ ტკივილით, ცრემლით დავტოვე სახლი და სამი შვილი. უკვე საზოგადოებაც დავღალე იმ ისტორიებით, თუ როგორ იტირეს – ლოგიკურიცაა, როცა სამ მცირეწლოვანს ტოვებ.

ემიგრანტობის პირველი დღეები…

ჯოჯოხეთიც გამოვიარე, სიკვდილიც და აწი ნამდვილად აღარაფერი არ გამაკვირვებს…

როდესაც სამშობლოში დავბრუნდები…

როცა სამშობლოში დავბრუნდები, პირველ რიგში, ჩემს მიწას ვაკოცებ. სუნიიი, აი სუნი მენატრება. ხანდახან თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, თუ როგორი ლამაზია ჩემი მხარე. მერე წინაპრების საფლავზე გავალ, აი იქ ამოვიტირებ ყველა ნაგროვებ დარდს. არ მიყვარს, როცა ატირებულს მხედავენ. ალბათ ამაში ცოტა ამაყიც გავხდი. ადრე ყველაფერზე შემეძლო მეტირა. საკმარისი ცრემლი ვუღვარე ამ არარსებულ ცხოვრებას და ახლაც იგივე ვაკეთო?! – ნურას უკაცრავად!

მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ნიშნავს…

უბრალოდ, გარდაიცვალო და გაცოცხლების შემდეგ თავი სადღაც სხვაგან ამოყო. გაურკვეველი, შენთვის გაუგებარ ენაზე მოსაუბრე ადამიანები, კულტურა, წეს-ჩვეულებები – უცხო. გაუცხოების პროცესი იმდენად საშინელია, ხშირად ფიქრობ სიკვდილზე, გამოსავალს მხოლოდ საკუთარი თავის განადგურებაში ხედავ. არ არსებობს ემიგრანტი, ვისაც ღამეები ტირილში თეთრად არ უთევია.

დედას დაშორებული შვილები…

მათი ცრემლიანი თვალები? – ჯოჯოხეთია, აბა, რა არის. უდედოდ გათენებული დღეები, წლები… ან რა უნდა მოსთხოვო პატარა უსუსურ არსებებს, რომელთაც უდედო ჯოჯოხეთი მოუწყვეს…

როცა უცხო ქვეყანაში აპირებ წასვლას…

ჯერ უნდა იფიქრო, რატომ?! აქ ჩამოსული, მუდმივად ფიქრობ, რატომ გააკეთე ეს. ის გაჭირვება გენატრება ზუსტად, ის სახლი, რომლისთვისაც წამოხვედი. ახლა ის სახლი გავაკეთე, რომელშიც, როგორც გარეთ, ისე წვიმდა…

საქართველო…

საქართველო – ეს ყველაფერია, შვილებზე მეტი მონატრებაც კი. სულ სხვაა, ვერ დაწერ, ვერ აღწერ, მაგ დროს გეშინია, ცოტა ზერელედ არ მოგიწიოს აღწერო, რას განიცდი. რაღაცნაირი მონატრება სცოდნია თურმე, უნდა დატოვო, რომ სისხლში გაგიაროს მონატრებამ…

განსხვავება უცხო ქვეყანასა და ჩემს სამშობლოს შორის…

არც არასოდეს შევადარებ უცხო ქვეყანას ჩემს სამშობლოს. დამიჯერეთ, ქართველმა დედებმა სულ სხვანაირი, ძალიან „მაგარი“ სიყვარული ვიცით. აქ სხვის შვილებს ვზრდი და გული მეწვის, როცა ვხედავ, როგორ კარგავს ჩემი ქალბატონი შვილების სიყვარულს ფულით, მე კიდევ ფულის გამო დავკარგე ჩემი შვილების სიყვარული. რომელი ფულით ვიყიდო ათი წლის დაკარგული სიყვარული?! რომელ ლამაზ სახლში ვიცხოვრო? რომელშიც ჩემმა შვილებმა დედის მონატრების გამო ღამეები ათიეს?!
მაგ დროს უღმერთობა შემომეძალება, ცხოველი არის ადამიანი?! არაა, ნურას უკაცრავად! – ცხოველები არ ტოვებენ შვილებს.

ვეღარ ვუძლებ…

იმდენჯერ დავეცი, უკვე ყოველდღე ვცდილობ, მყარად ვიდგე დედამიწაზე. არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს, რომ კიდევ დავეცე. რაღა დროს იმაზე ფიქრია, რა მაწუხებს, როდესაც წლებს გავუძელი.

ჩემი აუხდენელი ოცნება…

ერთადერთი ოცნება, რაც ვერ ავისრულე ისაა, რომ მიუსაფარი ბავშვების თავშესაფარი მინდოდა გამეკეთებინა და ვიცი, რომ ვერ შევძლებ. სამი შვილი მყავს და ჩემს ყველა ბავშვობის ოცნებებს მათში ვასრულებ… ესეც ძალიან, ძალიან დიდი ტკივილის ფასად დამიჯდა…

გული მტკივა, რადგან…

წლებში დავიკარგე, 28 წლის ჩამოვედი, ახლა 38 წლის ვარ. შვილების ფოტოები სულ ჩანთით დამაქვს, ვხედავ როგორ გაუცვდა ფერი. წლებმა ვერ გაუძლეს ამდენ ჩახუტებას. უცებ გადავხედავ და ვხურავ შვილისაგან გამოგზავნილ წერილებს. სულს მიფორიაქებს.

ბედნიერი ვარ, რადგან…

ადამიანებიდანაც იმაზე მეტ სიყვარულს ვიღებ, ვიდრე ვიმსახურებ. იდეალური არა ვარ, ყველას გვაქვს ჩვენი მინუსები, მაგრამ ჩემით არასოდეს დამიზარალებია სხვა. არ ვაპატიებ თავს, რომ ჩემს შვილებს ჩემ გამო შერცხვეთ.

როდესაც ჩემს თავთან ვრჩები მარტო…

„მე ხომ ქალი ვარ!!!“ – ჩავძახებ საკუთარ „მე“-ს და ამით ყველაფერია ნათქვამი. რა დროს ჩემი თავია, თუ ღმერთი გწამთ, როცა იქ, შორს ჩემი სამშობლო და ადამიანები მელოდებიან, ვისაც ძალიან, ძალიან ვუყვარვარ…

ჩემი ნიჭი, შემოქმედებითი უნარი, რითაც ვახერხებ დავკავდე…

ბავშვობიდან ვწერდი. აქ წერა გავაგრძელე, საკუთარ თავს ამით სტიმული მივეცი, რომ ყველაფერი კარგადაა.

ჩემი წილი სიყვარული შემინახე,
ფოთოლცვენა, ვიცი, შენთან მომიყვანს,
გაზაფხულზე გვირილები დამახვედრე
– მიგეჩვიე!
უშენობას ვერ ვიტან.

ზამთრის სუსხში თუკი სადმე წავიქცევი,
სიყვარულით მომეშველე შორიდან,
ჩაიფიქრე მოლოდინის განცდები და
ბედისწერა, ვიცი, შენთან მომიყვანს…

არ გაჩერდე, ჩემი გზები აირჩიე,
მომაშველე „ნატკივარი“ ხელები,
ეს ცხოვრება ისე მწარედ გვათამაშებს,
მეშინია სადმე დამეკარგები.

ზღვის პირას თუ შეჩერდები, დამიძახე,
თოლიებში ვიფარფატებ შორიდან,
არ მჩვევია ჩუმად-ჩუმად სიარული,
ზღვის ტალღები, ვიცი, ახლოს მომრიყავს.

გაზაფხულზე ენძელები გაიშლება,
გვირილებსაც აეშლებათ დარდები,
სადმე ჩუმად ჩამისაფრდი, გეხვეწები,
ლურჯპერანგა იად დავიბადები.

ჩემი წილი სიყვარული შემინახე,
ფოთოლცვენა, ვიცი, შენთან მომიყვანს,
გაზაფხულზე გვირილები დამახვედრე
– მიგეჩვიე!
უშენობას ვერ ვიტან.

რას დავხატავდი, თუ მთხოვდნენ, ნახატით გადმომეცა ჩვენი ყოფა…

საკუთარ თავს დავხატავდი, გვირილების მდელოზე, თავზე აუცილებლად გვირგვინი მედგმებოდა – იმის სიმბოლო, რომ ცხოვრება გრძელდება და მშვენიერია…

ჩემი გზავნილი ემიგრანტებს…

ემიგრანტობა სულ სხვა რაღაც მგონია მე. ყველაზე მთავარი კი ღირსებაა… მაგარი შეგრძნებაა, ადამიანად დაბადებული, ბოლომდე ადამიანი რომ დარჩები. ამაზე მეტი ოცნება რა უნდა გქონდეს ადამიანს?!

კომენტარები