გურიაში თხილის ბაღში ახალშობილი იპოვეს – ბავშვი გადარჩა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტში 16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.
ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს.
ახალშობილი სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვიდრე მედიკოსები მივიდოდნენ, სამართალდამცველებმა ჩვილს თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი არსენ ახალკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ჩვილს საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს“.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
netgazeti.ge
კომენტარები